ეთიკური ეგოიზმი
ეგოიზმის ფენომენი უძველესი დროიდან დღემდე კვლევის საგანია. თემის აქტუალურობა კი ინტერესს გვიჩენს მის მიმართ. საინტერესოა, თუ როგორ დამკვიდრდა ტერმინი. ის შემოვიდა ეთიკური თეორიის სახელწოდებით და მისი განხილვა მუდმივად უტილიტარიზმის პარალელურად ხდება. მასში კი ნათქვამია, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს და შექმნას საერთო სიკეთე, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბალანსი დაიცვას სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეგოიზმი კი ამბობს, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს და შექმნას საკუთარი სიკეთე. აქ საუბარია კერძო სიკეთის მოხვეჭაზე.
აღსანიშნავია, რომ უტილიტარიზმის ქვეშ მოიაზრება ეთიკური თეორია, რომლის თანახმადაც, ქცევა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში არის ობიექტურად სწორი, გამართლებულია. ეს არის ის, რაც მთლიანობაში უდიდესი ბედნიერების მომტანია. მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა, ვის ბედნიერებაზეც გავლენას ახდენს ქცევა.
ორივე თეორია ტელეოლოგიური ბუნებისაა, ვინაიდან სწორად მიმართული საქმე ყოველთვის სიკეთის წარმომშობია. ამის მიუხედავად, უტილიტარიზმი ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას, რომ სიკეთის მაქსიმალიზებით უნივერსალური სიკეთის მიღებაა შესაძლებელი. ხოლო ეგოისტი მიიჩნევს, რომ სიკეთე რომლისკენაც მივისწრაფვით, საბოლოო ჯამში, არის მხოლოდ საკუთარი სიკეთე. ეს ორი თეორია თითქოს ერთმანეთის პარალელურია, მაგრამ მათი შედარებითი ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათ შორის მკვეთრი დაპირისპირებაა.
ასეთი კლასიფიკაცია ჰენრი სიჯვიკი თოერიებითაა განპირობებული. რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მორალურ ფილოსოფიაში ამ ორი თოერიის გამიჯვნას მიიჩნევდა. “ეთიკის მეთოდებში” სიჯვიკი საკითხს ასეთ ფორმულირებას აძლევს, რომ სიკეთე სიამოვნების ტოლფასია. საინტერესოა, როგორ შეიძლება აღიქვას ადამინმა სიკეთე სიამოვნებად? არის თუ არა ამ ორ ცნებას შორის იმდენად დიდი მორალური კავშირი, რომ მათ ტოლფასოვნებას ასე მკვეთრად გავუსვათ ხაზი?
ჰენრი სიჯვიკი განიხილავდა ეგოიზმს, როგორც უტილიტარიზმის პარალელურ ეთიკურ თეორიას. უტილიტარისტი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სამყაროს ყველა არსების სიკეთის მაქსმალიზება, ხოლო ეგოისტი, ნაცვლად ამისა, ამბობს, რომ, საბოლოო ჯამში, კარგია მხოლოდ საკუთარი სიკეთე. მისი განმარტება თითქმის ამ თეორიათა თავდაპირველი მნიშვნელობის იდენტურია.
სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა აკადემიურ სფეროში სიკეთისა და სიამოვნების ტოლფასობა. დროთა განმავლობაში კი ამ დოქტრინამ ეთიკური ეგოიზმის სახელი მიიღო.
ეთიკურმა ეგოიზმმა შეიძლება მიიღოს ის ქცევა, რომელიც სხვებისთვის სარგებლის მომტანია, რადგან ხშირ შემთხვევაში სხვისი სიკეთის ხელშეწყობა საუკეთესო გზაა კოოპერატიული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ალტრუიზმის ამგვარ დასაბუთებას ვერ იაზრებს ეგოისტი, ვინაიდან ალტრუიზმი მიმართულია სხვების სარგებლიანობისკენ, ხოლო ეგოისტისთვის საბოლოო მიზანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა იყოს საკუთარი სიკეთე.
თუკი მსჯელობის ამ ხაზს გავყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგოიზმს შეიძლება რაციონალური ბუნება ჰქონდეს. რატომ უნდა ეცადოს ადამიანი, რომ სხვისი კეთილდღეობისთვის საკუთარი თავი გაწიროს, ან უფლებრივად შეამციროს, როცა ამ კერძო პირის სარგებელი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე სხვა მეორის მცირე კეთიდღეობის დაკარგვაა? გამომდინარე აქედან, ეგოისტის მთვარი კითხვაა: რატომ უნდა გაიღოს საკუთარი კეთილდღეობა მსხვერპლად სხვისი გულისთვის?
რეალურად, ჩვენ მიმოვიხილეთ ეგოიზმი. მის პარალელურად განვიხილეთ უტილიტარიზმი და, საბოლოოდ, შევეხეთ ეთიკური ეგოიზმის ფენომენს, რომლის თანახმადაც ადამიანებმა საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვან და არ აქვთ ვალდებულება სხვისი ინტერესების დაცვას რამენაირად შეუწყონ ხელი.
კონსეკვენსიალიზმი -
Ზოგადსაკაცობრიო თემები, თუ რა არის ეთიკური და არაეთიკური, ბოროტი და კეთილი, სწორი და არასწორი, მუდმივი დისკუსიის საგანია. Ფილოსოფია, როგორც წესი, უღრმავდება ამ საკითხებს და ცდილობს, მკვეთრად განსაზღვრული პასუხების მოპოვებას, თუმცა სხვადასხვა მიმართულების მომხრეებს უჭირთ კონსენსუსის მიღწევა. Ერთერთი ასეთი თეორიაა კონსეკვენციალიზმი, სადაც თავად სიტყვიდანვე ჩანს ამ თეორიის ძირითადი აზრი. Ეს ეთიკის თეორია ეყრდნობა მოსაზრებას, რომ მხოლოდ შედეგი განსაზღვრავს სწორია თუ არასწორი ჩვენი მოქმედება. Ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, საუკეთესო შედეგი შეიძლება მივიღოთ ადამიანის გონივრული განსჯის საფუძველზე, თუმცა ამ შემთხვევაში ეჭქვეშ დგება საკითხი, თუ რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ ინდივიდის გონებრივ შესაძლებლობას და მის მორალურ ღირებულებებს. Მეორე მხრივ, შეიძლება ადამიანი მაღალი ზნეობით გამოირჩეოდეს და მისი ქმედების საბოლოო მიზანიც, საერთო სიკეთის პრინციპებზე დაყრდნობით, მაქსიმალური სარგებლის მოპოვება იყოს, თუმცა შეუძლებელია ყოველ ჯერზე იმის პროგნოზირება, თუ რა მოჰყვება კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
Თანასწორუფლებიანობის საკითხი ცხოვრების ყველა ასპექტში ყოველთვის აქტუალურია, თუმცა ის განსაკუთრებულად პრიორიტეტული და საჯარო პოლემიკის საგანი გახადა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ. Სწორედ აქ გამოვიდა წინა პლანზე კონსეკვენციალიზმი, გავლენიანი მორალური თეორია, რომლის ჭრილშიც ხშირად განსახილველ საკითხებს შორის აღმოჩნდა დეფიციტური სამედიცინო საშულებების გადანაწილება პაციენტებზე და ადამიანის ჯანმრთელობის შეფასების კრიტერიუმები.
Მოულოდნელი პანდემიის გამო, ქვეყნების უმეტესობაში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები ჯანდაცვის სისტემაში, რამაც მსოფლიოში დეფიციტური გახადა ისეთი მნიშველოვანი საჭიროებები, როგორიც არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ადამიანური რესურსი და ვირუსისგან თავდაცვის სხვადასხვა საშუალება. Ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ხშირად შესაბამის პირებს უხდებოდათ გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა სასუნთქი აპარატების განაწილება ადამიანის ჯანმრთელობის და ასაკის შესაბამისად, ასევე თუ ვინ იყო პრიორიტეტული და ვისთვის უნდა გაეწია დახმარება მედპერსონალს პირველ რიგში. Ამ პირობებში ხშირად ხდებოდა ადამიანების დისკრიმინაცია ისეთი მნიშველოვანი მახასიათებლით, როგორიც არის ასაკი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. Ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანის თანასწორობის უფლება. Რესურების გადანაწილებამ და პრიორიტეტულობის განსაზღვრამ, პანდემიის დროს, სერიოზული ეთიკური პრობლემის წინაშე დააყენა მსოფლიო. Ამ პრობლემის დასარეგულირებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეთიკის სამუშაო ჯგუფიც კი შექმნა, რომლის მიზანი საერთო ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბება და ამ ყველაფრის მსოფლიოს თითოეულ ნაწილში დანერგვა იყო.
Რესურსების გარკვეული კრიტერიუმებით გადანაწილება შეგვიძლია განვიხილოთ კონსეკვენციალიზმის და დეონტოლოგიის თეორიის ჭრილში, სადაც ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება იარსებებს. Პიროვნება, რომელიც ეთანხმება უტილიტარულ თეორიას, იტყოდა, რომ გარკვეული კრიტერიუმების არსებობა გამართლებული და სამართლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, არ მიეცემოდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სხვადასხვა სამედიცინო დახმარებით, თუ ეს რესურსი მოხმარდებოდა ნაკლები ასაკის მქონე ადამიანს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნაკლებად მძიმე იქნებოდა. Ამ შემთხვევაში ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლე შეიძლებოდა გაწირულიყო იმ არგუმენტით, რომ სხვა ადამიანებს, რომლის სიცოცხლესაც ნაკლები საფრთხე ემუქრებოდა, გადარჩენის შანსი გაზრდოდათ. Ეს პოზიცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გასაგები და მისაღები იქნებოდა მაშინ, როდესაც იარსებებდა ადამიანთა მეორე ჯგუფი, რომელთა მოსაზრებითაც ამგვარი ქმედება მოკლებული იქნებოდა ეთიკას.
Ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მედიკოსები მოიაზრებიან დეონტოლოგიური თეორიის გამტარებლად, რომელთათვისაც თითოეული პაციენტის სიცოცხლე თანაბრად მნიშველოვანია. Ფორსმაჟორულ სიტუაციაში, უტილიტარული თეორიის ზეგავლენით, გადაწყვეტილების მიღება ექიმისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა მორალურად დამანგრეველი აღმოჩნდეს.
Მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული თვალსაზრისით ექიმების მიერ შეფასებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ჩაითვალოს პრიორიტეტულად, ჩემთვის, როგორც ერთი ინდივიდისთვის, დეონტოლოგიური თეორია მეტად მისაღებია.
Ალბათ, მრავალი წელი დასჭირდება ჩვენი დღევანდელი სიტუაციის სწორად გაანალიზებას და დასკვნის გამოტანას, თუ რომელი მიდგომა უფრო უკეთესი და მომგებიანი იქნებოდა კაცობრიობისთვის, რომელიც ნაკლებად ლეტალურ შედეგს გამოიღებდა. Თუმცა ამ გადმოსახედიდან, ჩემთვის ორივე თეორიის არგუმენტი გასაგებია, რომელთა კომბინირებულმა გამოყენებამაც ცხოვრებაში შესაძლოა უკეთესი შედეგი დადოს.
სიამოვნების სუბიექტური აღქმა
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი მუდმივად რაღაცას განიცდის. ეს განცდები კი მათი შეგრძნების მიხედვით, ძირითადად, ორად იყოფა: სასიამოვნოდ და არასასიამოვნოდ. ბუნებრივია, ამ ყოველივეს აღქმა ძალიან სუბიექტურია. არ არსებობს ზემოაღნიშნული ცნებების უნივერსალური გაგება ან მოვლენა, რომელიც უკლებლივ ყველა ადამიანში ერთსა და იმავე ემოციას აღძრავს. აი, მაგალითად, ჩემთვის ცეცხლის ალზე სხეულის დაწვა ძალიან მტკივნეულია და არანაირ დადებით განცდებს არ იწვევს, მაგრამ ვიღაც შეიძლება ამ პროცესისგან განუზომლად დიდ სიამოვნებას იღებდეს. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ფიზიკური ზემოქმედების შედეგად აქვს რეაქცია კონკრეტულ მოვლენაზე. თუმცა, სენსორული აღქმის უნარის გარდა, ჩვენ, როგორც გონიერ არსებებს, გვახასიათებს კოგნიტური აზროვნების უნარიც.
სიამოვნება, ისევე როგორც უსიამოვნება, მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებებით არ განიცდება. ამ პროცესში კოგნიტური უნარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შეიძლება, ადამიანი სულაც არ განიცდიდეს ფიზიკურად რაიმე სახის ზემოქმედებას, მაგრამ გონებაში წარმართულმა კოგნიტურმა პროცესებმა განაპირობოს მისთვის სიამოვნების ან უარყოფითი ემოციების დაუფლება. გარე ფაქტორებთან ერთად ადამიანს შეუძლია, რომ თავისი ფიქრების მიხედვით მართოს საკუთარი ემოციები. Შესაძლოა, ამ გზით მოგვრილი განცდები ყალბიც კი იყოს, თუკი მას საფუძვლად ცრურწმენა ან არარეალური სცენარები უდევს საფუძვლად. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებს სხვისი ტკივილი. ასეთი არსებები კი ტკივილს წარმოაჩენენ, როგორც დადებით გრძნობას. არის შემთხვევები, როდესაც ილუზიაში ცხოვრება საუკეთესო ვარიანტია ადამიანისთვის. თუ ვინმეს სიცოცხლე რეალურ სამყაროში იქნება სასტიკი და მოკლე, მაშინ შესაძლოა მატრიცაში ცხოვრება არც ისე ცუდი აღმოჩნდეს.
სიამოვნების განცდა ხარისხის მიხედვით შეგვიძლია ორ სახედ დავყოთ, როგორც შედარებით მაღალ და დაბალ სიამოვნებად. მაგალითად, ინტელექტუალური სიამოვნების მიღება ბევრად აღემატება სენსორული შეგრძნებებით მოგვრილ სიამოვნებას, რასაც ინტელექტის არმქონე არსებები, ცხოველები განიცდიან. ინტელექტუალური სიამოვნება შეიძლება ემყარებოდეს რწმენას, ხოლო სენსორულის შემთხვევაში ეს ასე არ არი. Თუმცა სიამოვნება, მკაცრად რომ ვთქვა, შესაძლოა არც ყალბი იყოს და არც ნამდვილი, ის შეიძლება, დაფუძნებული იყოს ჭეშმარიტ ან ცრუ რწმენებზე და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ჭეშმარიტ და ცრუ სიამოვნებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულს დროთა განმავლობაში განაპირობებს ადამიანის წარსულში დაგროვილი კონკრეტული გამოცდილება. Ჩვენ მიდრეკილი ვართ იმისკენ, რომ ნეგატიურ გამოცდილებას მოვუძებნოთ დადებითი გაგრძელება და ჩვენთვისვე სასიკეთოდ გამოვიყენოთ. Თუმცა, ამასთან ერთად, ვცდილობთ, უკვე ისედაც არსებული სიამოვნების მომგვრელი პროცესებისგან რაც შეიძლება მეტი მივიღოთ. Მაგალითად, თუ საქართველოს რაგბის ნაკრებმა მოუგო რუსეთს, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ გაზეთი სრული ანგარიშით, რათა უფრო მეტი სიამოვნება მიიღოთ თამაშის დეტალური აღწერით. Ერთგვარად ვცდილობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ სიამოვნების მიღების პროცესი. Ამის ნათელი მაგალითია ის შემთხვევაც, როდესაც წარსულში გამოვლილ დადებით ისტორიას ადამიანი ხშირად იხსენებს და იმეორებს გონებაში და ამ გზით ცდილობს პირვანდელი სიამოვნების შეგრძნების გახსენებას, რათა მაქსიმალურად მასთან მიახლოებულად იგრძნოს ისევ თავი. ეს ქცევა განსაკუთრებით მაშინ გვახასიათებს, როცა რაიმე კარგის დანაკლისს განვიცდით ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე და წარსულში არსებული პოზიტიური გამოცდილების ფონზე ვცდილობთ ჩვენი ცუდი განწყობის დაბალანსებას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ყოველივე ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რათა რაც შეიძლება ნაკლებად ვიფიქროთ ნეგატიურზე. უფრო მოკლედ რომ ვთქვა, გამოცდილება სასიამოვნოა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ ის მის მომავალში გაგრძელებას უფრო სასურველს გახდის.
საბოლოოდ, ყოველივე ზემოთ განხილულის გათვალისწინებით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სიამოვნების აღქმა არის სუბიექტური და არ არსებობს მისი უნივერსალური გაგება. ვიღაცას შეიძლება ცრუ რეალობაში ცხოვრება ერჩივნოს, რათა სიამოვნება განიცადოს. სხვა ადამიანისთვის კი ეს შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს და არჩიოს, არსებული ცუდი რეალობა შეცვალოს წარსულში დაგროვილი გამოცდილების დახმარებით, რათა განიცადოს კმაყოფილება. ის ფენომენი, რომ ადამიანი მიდრეკილია სიამოვნების მიღების პროცესის გახანგრძლივებისკენ, მეტყველებს იმაზე, რომ ის მუდმივად ცდილობს, განვითარდეს.
თანასწორობის იდეა უტილიტარიანიზმში
როგორც ჰენრი სიჯვიკი აღნიშნავს, უტილიტარიანიზმის ერთადერთი პრინციპი, რომელიც არ საჭიროებს დასაბუთებას არის, რომ „ყველა ითვლება ერთად და არც ერთი ითვლება ერთზე მეტად“. უტილიტარიანიზმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის წევრთა ბედნიერება იმატებდეს, შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სურვილის აღსრულებას, რომ რაც შეიძლება მეტ ბედნიერებას მიაღწიონ მათ. ადამიანის სურვილებს უტილიტარიანიზმი თანაბრად უყურებს, მიუხედავად ამ სურვილების შინაარსისა, მათი სარგებლიანობისა და ზიანისა, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ეს სურვილები და რა ინტენსივობისაა ისინი. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ უტილიტარიანიზმი მხედველობაში იღებს არა ადამიანების შეხედულებებს და მათ ჭეშმარიტებას, არამედ იმას, თუ რამდენი ადამიანი დარჩა კმაყოფილი - ბედნიერი. აქ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება მაღალი იყოს სურვილთა ასრულების საშუალო მაჩვენებელი.
უკვე ნახსენებ პრინციპს - „ყველა ითვლება ერთად და არც ერთი ითვლება ერთზე მეტად“ - თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ მრავალ პრობლემას. ერთი შეხედვით, თითქოს მიმზიდველია უტილიტარიანიზმის შეხედულება, ყველა ადამიანის სურვილი არის თანასწორი. თუმცა პრობლემურია ის, რომ ყველა სურვილი არ არის „კეთილი“. ამავდროულად, შეუძლებელია, ადამიანს მოსთხოვო „სწორი“ სურვილები გააჩნდეს, თუმცა იმ დაშვებით, რომ ნებისმიერი სურვილი ერთნაირად პრიორიტეტულია, სხვა სურვილების გვერდზე ვაყენებთ იმ სურვილებსაც, რომლებიც სხვათა უფლებებს ზღუდავს, რაც დღევანდელ რეალობაში დაუშვებელია და თანასწორობის იდეას უპირისპირდება - თუ არსებობს უფლება, ყოველთვის არსებობს ვალდებულება ამ უფლების ადრესატის მხრიდან.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ საზოგადოება, რომლის რომელიმე საზოგადოების წევრი არის ნაცისტი და უნდა, რომ ებრაელთა რაც შეიძლება ნაკლები სურვილი იქნეს გათვალისწინებული. თუკი ყველა სურვილს ერთნაირ წონას ვანიჭებთ და მის არსში არ ვიხედებით, გამოდის, რომ მოცემული სურვილის უარყოფის მიზეზი არ არსებობს. ერთგვარი წინააღმდეგობა წარმოიშობა. მოცემულ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ, საბოლოო ჯამში, უნდა მიიღწეს საშუალო ბედნიერების მაქსიმალური რაოდენობა. ნაცისტის შეხედულების გათვალისწინებით არ იზრდება ეს რიცხვი და არც მაქსიმუმს აღწევს. უტილიტარიანიზმის თანასწორობაში სწორედ ეს პრობლემა იჩენს თავს, რომ მას არ შეუძლია, ერთის მხრივ, ერთი ადამიანის სურვილი, რომელიც ითვალისწინებს სხვებისთვის ზიანს, არ დააყენოს სხვა სურვილების გვერდზე და, მეორეს მხრივ, ამ შემთხვევაში, აასრულოს ნაცისტების სურვილები. პრობლემატურია, რომ უტილიტარიანიზმის შემთხვევაში სურვილების შეზღუდვა მორალის ან სამართლიანობის საფუძველზე შეუძლებელია, რადგან მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ინტერესი იდგეს ერთსა და იმავე დონეზე. აღსანიშნავია, რომ დღეს თანაბარ მოპყრობაში იგულისხმება კანონის წინაშე თანასწორობა და არა ის, რომ ყველა ადამიანის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
ამას გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი წევრის სურვილებს საზოგადოების დანარჩენი წევრების სურვილებზე მეტ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ, ეს დაარღვევს უტილიტარიანიზმის პრინციპს. მაგრამ, დავუშვათ, საზოგადოებას ჰყავს ისეთი წევრი, რომელიც სხვა წევრებს უყვართ და მისი სურვილები ამ საზოგადოების სხვა წევრთა უმრავლესობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თუკი ეს ადამიანი ვერ მიიღებს იმას, რასაც მიიღებდა მისი სურვილებისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭებით, თავს უბედურად იგრძნობს, თუმცა ამ ადამიანის სურვილებისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭება შეუძლებელია, რადგან ეს უტილიტარიანიზმის თანასწორობის პრინციპს უპირისპირდება.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ უტილიტარიზმის თანასწორობის პრინციპი საკმაოდ მიმზიდველია, წარმოშობს ისეთ პრობლემებს და წინააღმდეგობებს, რომლებიც მიუღებელია როგორც დღევანდელობისთვის, ასევე უტილიტარიანიზმისთვის.
საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ღიაობა
ღია მმართველობა დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც სხავადასხვა ქვეყნების მთავრობები ნებაყოფლობით უერთდებიან და რიგ ვალდებულებებს კისრულობენ მისი მთავარი მიზნების შესასრულებლად. ეს მიზნებია: მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 21–ე საუკუნეში მსგავსი პროცედურები და საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურადაა ხელმისაწვდომი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
ჯერემი ბენტამი საუბრობს საჯარო სექტორის გამჭვირვალობაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „ყველა საზოგადოებრივი დაწესებულების კარი ღია უნდა იყოს ცნობისმოყვარე ინდივიდებისთვის“. რეალურად, თუ გადავხედავთ სამყაროში არსებულ სიტუაციას, საჯაროობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან არ მოხდეს კონკრეტული ინდივიდების მიერ სახელმწიფოებისა თუ გარკვეული დაწესებულებების მართვა. ღიაობა და გამჭვირვალობა გარკვეულწილად შემბოჭველია ძალაუფლების მქონე პირთათვის, რადგან იგი საშუალებას არ აძლევს მათ, გადააჭარბონ თავიანთ ძალაუფლებას და ბოროტად ისარგებლონ მათი უფლებებით. ასევე მედიისა და ჟურნალისტიკის როლზე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მაქსიმალურად და გულდასმით უნდა შეისწავლონ და გამოიკვლიონ იმ საჯარო მოხელეების საქმიანობა, რომელთაც ძალაუფლება გააჩნიათ, რადგან მედია არის საუკეთესო საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ფართო მასებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ესა თუ ის ინფორმაცია.
მეორეს მხრივ კი, გამჭვირვალობა იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სახელმწიფო და საჯარო სექტორების მმართველობის სისტემაში და მაქსიმალურად იყოს მათი ხმა მიწვდენილი ამ ორგანოებამდე. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობა იყოს საყოველთაო და თითოეულ ადამიანს შეეძლოს, მიიღოს ინფორმაცია ამ თუ იმ საჯარო დაწესბულების საქმიანობის შესახებ. საზოგადოების ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ამგვარი ღიაობა, რადგან არ დამყარდეს დიქტატურა და მაქსიმალურად ხალხზე მორგებული სისტემა არსებობდეს. ასე ვთქვათ, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, კერძოდ, ხალხს ექნება საშუალება, მაქსიმალურად ჩაერთოს სახელმწიფო საქმიანობაში. არა ოლიგარქები და ძალაუფლების მქონე პირები იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებნი, არამედ მოსახლეობა გახდეს ერთგვარი სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მათ და გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიღებაშიც კი იქნებიან ჩართულები. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა დაექვემდებაროს ხალხის ზედამხედველობას, რადგან სახელმწიფო არის თავად ხალხი, ხალხის გარეშე ვერ იარსებებდა ვერც სახელმწიფო, ვერც მთავრობა და ვერც სახელმწიფო ინსტიტუტები.
ასევე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და კანონპროექტების პროცესების გამჭვირვალობა, რადგან კანონი არის საყოველთაო და სავალდებულო. იგი მორგებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნებს. არ შეიძლება ფარულად მიღებულ იქნას კანონი, რომლითაც შეიზღუდება ადამიანის უფლებები. ასევე გამჭვირვალობა ხელს უწყობს სამართლიანობის დაცვასა და სასამართლოს ეფექტურ მმართველობას.
მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს ის გარემოებები, რომლებიც არ შეიძლება დაექვემდებაროს გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპს, ესენია სახელმწიფო საიდუმლოებები თავდაცვასთან და შეიარაღებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ სფეროების უგულებელყოფა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გარკვეული ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ამ სფეროს.
უტილიტარიზმი- ადამიანის სიცოცხლის პრიორიტარიზაცია
უტილიტარისტების მიმართ საზოგადოება ყოველთვის ორ ნაწილად იყო გაყოფილი, რადგან მათი პრინციპები მეტად სადავოა. რთულია, ცალსახად დაეთანხმო იმ იდეას, რომელსაც საფუძველი ჯერემი ბენტამმა ჩაუყარა და გულისხმობს, რომ სამართლებრივიპრობლემისგადაწყვეტისასაქცენტი აუცილებლად უნდაგაკეთდეს ბედნიერი / უბედურიადამიანებისრიცხვზე. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ბრიტანეთისფლოტის შემთხვევა. სამხედროშეტაკებისშემდეგ, როდესაცჩაიძირაბრიტანეთისფლოტისერთ-ერთიგემი, პატარანავშიაღმოჩნდა 3 ადამიანი. დამსახურებულიგენერალი, გემისკაპიტანი, რომელსაც 8 შვილიჰყავდადაერთიობოლიმეზღვაური. ნავისსიმცირისგამოაუცილებელიიყოერთ-ერთისგაწირვა, რათადანარჩენიორიგადარჩენილიყო. გენერლისგარდაცვალებისშემთხვევაშიძალიანბევრიადამიანიიგრძნობდათავსცუდად, მისდაქვემდებარებაშიარსებულიპირები, ფართოსამეგობროწრედაა.შ. კაპიტნისგარდაცვალებისშემთხვევაშიცბევრიადამიანიგანიცდიდაამას, მისი 8 შვილიდაა.შ. ობოლიმეზღვაურისგარდაცვალების გამოკიბევრადნაკლებიადამიანიგაუბედურდებოდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ობოლი მეზღვაურის ხარჯზე გადარჩენილიყო სხვა ადამიანების სიცოცხლე.
აქ ვეჩეხებით იმ მთავარ მორალურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია, ერთი ადამიანის სიცოცხლე პრიორიტეტული გახადო სხვა ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. უტილიტარისტები თავიანთი ამ პოზიციით ანივთებენ ადამიანებს. მათთვის ადამიანების სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთება იგივეა, რაც გადაარჩინო ორი საყვარელი ნივთიდან ერთ-ერთი.
იმ იდეაზე, რომ გარკვეული უტილიტარისტული მიდგომები მორალურად თუ ზნეობრივად არასწორია, უტილიტარისტებს თავისებური ახსნა აქვთ. მაგალითად, ბერნარდ ვილიამსის აზრით, ‘’it is silly to think that we should all try to become moral saints’’. ამ წინადადებით, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. სამყაროში მიმდინარე პროცესები ბევრ ისეთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომელთა გადაჭრაც მორალურად რთულია, ამიტომ უტილიტარისტები მიიჩნევენ, რომ საკითხების ზედმეტად გართულება და მორალურზე მორგება სისულელეა, როცა ისინი შეიძლება ძალიან მარტივად გადაიჭრას. ბერნარდის აზრს თუ გავითვალისწინებთ, ფლოტის მაგალითის შემთხვევაში რთულია გადაწყვიტო, ვინ გაწირო. ცდილობ, მოერგო ზნეობრივ ნორმებს და შესაბამისად იმოქმედო, მაგრამ ამ დროს ყველას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაბამისად, სისულელეა, ზნეობრივად სწორად მოიქცე, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა დაიღუპება, ხოლო თუ გონებით ვიმოქმედებთ, უმეტესობა გადარჩება. ამიტომ ისმის კითხვა- ‘’რატომ ყველა, როცა ერთის ხარჯზე სხვების გადარჩენაა შესაძლებელი?’’. უტილიტარიზმის ძირითად იდეაში, რომ მოქმედებების სწორი კურსის არჩევა მაქსიმალურს ხდის შესაძლებლობას, რომ ეს მოქმედება საერთო „სიკეთის“ მომტანი იქნება, ‘’სწორი კურსი’’ სწორედ მორალური წესებისგან გადახვევაა. მარამ მეორე საკითხია, თუ ვინ განსაზღვრა და განმარტა რას ნიშნავს ‘’სწორი კურსი’’ და რამდენად რეალურია საერთო სიკეთე მიიღწეოდეს ამ საერთო სიკეთის ნაწილის დაკარგვით.
თანამედროვე მსოფლიო ნაწილობრივ იზიარებს უტილიტარისტების იმ იდეას, რომ ზოგჯერ სიცოცხლის რაოდენობას ენიჭება უპირატესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლის პრიორიტეტულობა რიგითმა მოქალაქემ უნდა განსაზღვროს. მაგალითად, როდესაც ტერორისტი შეიჭრა სკოლაში, სადაც უამრავი ადამიანია, ასეთ დროს სამართალდამცავებს აქვთ უფლება მოკლან ტერორისტი, რათა დანარჩენი ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ, მაგრამ ესეც გამონაკლის შემთხვევებში. თუმცა თუ ზემოთ ხსენებულ ფლოტის მაგალითს განვიხილავთ, ადამიანი/ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მესამე ადამიანი გემიდან გადააგდონ, რათა თვითონ გადარჩნენ, თანამედროვე კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.
უტილიტარიზმი, როგორც ბენტამმა თქვა, ‘’ყველაზე დიდი ბედნიერებაა’’, მაგრამ, ვფიქრობ, შეუძლებელია დიდი ბედნიერება მიღწეულ იქნას სხვა ადამიანის უბედურების ხარჯზე, რადგან მოგვიწევს, რომ პარეტო ოპტიმუმის პრინციპით დავიწყოთ ცხოვრება, რაც გულისხმობს, რომ სხვა გავაუბედუროთ, წავართვათ მისთვის სასურველი რამ, ამ შემთხვევაში სიცოცხლე, ამით კი ჩვენ გავბედნიერდეთ. ეს გამოიწვევს ადამიანებს შორის მუდმივ ‘’შეჯიბრობითობას’’ არა რაიმე სფეროსა თუ საქმეში, არამედ სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში, ეს კი 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანი უმაღლესი საფეხურია და მისი სიცოცხლე კი უმთავრესი ღირებულება, ყოვლად დაუშვებელია. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ვბრუნდებით საუკუნეების წინანდელ ხანაში, როდესაც ადამიანები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს საკუთარი თავის გადასარჩენად.
Სად იწყება ჩვენი მორალური ვალდებულება?
ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ შევამციროთ ისეთი ცუდი შემთხვევები როგორებიცაა, მაგალითად, სიკვდილი გაუწყლოვნებისა თუ შიმშლისგან. Აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ნაწილობრივ მაინც თავიდან ავიცილოთ მსგავსი ცუდი ვითარებების შექმნა, ვალდებულნი ვართ, რომ მოვიმოქმედოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რაც არ გამოიწვევს უკვე არსებული პრობლემის მსგავს ზიანსა თუ სხვა მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს. Მაგალითად, თუ მე ვსეირნობ ტბასთან და დავინახავ ბავშვს, რომელიც წყალში იხრჩობა, ვალდებული ვარ, რომ შევცურო და გამოვიყვანო. Შედეგად, ბუნებრივია, დავასველებ ჩემს ტანისამოსს, თუმცა ეს ამ შემთხვევაში ცალსახად უმნიშვნელოა, რადგან გადარჩენილი ბავშვის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია.
Განვიხილოთ ოდნავ განსხვავებული შემთხვევა. Ჩავთვალოთ, რომ გარკვეული მცირე თანხის გაღებით მოვახერხებდი შიმშილის პირას მისული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა, პირველი მაგალითისაგან განსხვავებით, არა მასთან ახლოს, არამედ მისგან ძალიან შორს ვიმყოფები. Ცალსახაა, რომ მანძილი ჩემს მორალურ ვალდებულებას არ ცვლის. შესაბამისად, Განსხვავებულ კონტინენტზე მცხოვრები ბავშვისათვის საკვების შესაბამისი რესურსის მიწოდების ვალდებულებაც ისევე მაქვს, როგორც ტბაში შეცურვისა და ბავშვის გადარჩენის.
Იცვლება თუ არა რაიმე, როდესაც იმავე მორალური ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა სხვა არაერთ ადამიანსაც აქვს? თუ ვხედავ რომ ტბაში ბავშვი იხრჩობა და იქ ჩემთან ერთად სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, ბუნებრივია, მაგ შემთხვევაშიც მაქვს ვალდებულება, რომ ტბაში მაინც შევცურო. Რა თქმა უნდა, თუ რომელიმე მათგანმა ეს უკვე მოიმოქმედა და ბავშვი გადაარჩინა, იმის საჭიროება აღარ არსებობს, რომ მეც იგივე გავაკეთო, შესაბამისად, არც ვალდებულება მაქვს. Მაგრამ, თუ ვხედავ, რომ ტბაში არავინ შეცურა, ვალდებული ვარ რომ ეს მე გავაკეთო.
Ახლა ადამიანთა სიმრავლე მეორე მაგალითთან მიმართებით განვიხილოთ. მორალიდან გამომდინარე, შესაძლოა ვალდებულება მქონდეს, რომ შიმშილის პირას მისულ ბავშვს 100 ლარი გადავურიცხო შესაბამის ანგარიშზე, რამდენადაც, ჩემთვის არსებით ზიანს არ გამოიწვევს აღნიშნული ოდენობის თანხის გაღება. Თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ადამიანებმა უკვე გაიღეს შესაბამისი შემოწირულობა და საჭირო თანხის შესაგროვებლად, ბავშვის საკვებით უზრუნველსაყოფად, მხოლოდ 10 ლარია საჭირო? Რა თქმა უნდა, არ მექნება მორალური ვალდებულება, რომ 100 ლარი გადავრიცხო, რადგან, პირველი მაგალითის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, არ არსებობს ამის საჭიროება, შესაბამისად, არც - ვალდებულება. Სასურველი შედეგის მისაღწევად 10 ლარიც საკმარისია.
Ვითარება იცვლება, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომელთაც ისევე აქვთ შესაბამისი თანხის გაღების ვალდებულება, თუმცა მე არ ვიცი ისინი აკეთებენ თუ არა ამას. Ზემოთ განხილულ შემთხვევაში, მე ზუსტად ვიცოდი თუ რა იყო საჭირო ჩემგან, ამ შემთხვევაში კი - არ ვიცი. Მხოლოდ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ ვალდებულება, ჩემს ვალდებულებას არ ცვლის. Შესაბამისად, უნდა მოვიმოქმედო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებს ექვემდებარება და არსებით ზიანს არ გამოიწვევს, რათა მოვახერხო ბავშვის შიმშილით გარდაცვალების პრევენცია.
Განვიხილოთ ოდნავ კიდევ უფრო განსხვავებული შემთხვევა. Ვთავისუფლდებით თუ არა მორალური ვალდებულებისგან, თუ არ ვიცით, ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედება იქნება თუ არა საჭირო და ვინმესათვის გამოსადექი? Მაგალითად, ბანკში შემთხვევითობის პრინციპით ამორჩეულ ანგარიშის ნომერზე თანხას არ ვრიცხავთ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ალბათობა, რომ მის ბენეფიციარს ის სასიცოცხლოდ აუცილებელ ოპერაციაზე სჭირდება. Ამას, სავარაუდოდ, არ გავაკეთებთ, რადგან მსგავსი საჭიროება რომ არსებობდეს აღნიშნული ანგარიშის ნომერი გამოქვეყნებული იქნებოდა, მაგალითად, რომელიმე სოციალურ ქსელში.
Თუმცა ვითარება იცვლება, როდესაც საქმე არა აწმყოს, არამედ მომავალს ეხება. Მე მაქვს მორალური ვალდებულება, ახლა მოვიმოქმედო რაიმე თუ შეუძლებელია გავიგო მომავალში იარსებებს თუ არა ამის საჭიროება და ასეთის არსებობის შემთხვევაში უკვე აღარ შემეძლება ამის გარკვევა და შესაბამისად მოქცევა.
Მაგალითად, მე ვალდებული ვარ, რომ მივიღო შესაბამისი ზომები და დავთანხმდე ჩემი ორგანოების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ჩემი გარდაცვალების შემდეგ რომელიმე ადამიანის გადასარჩენად საჭირო იქნება გარკვეული ორგანოს გადანერგვა და ჩემი სხეული მისთვის შესაფერისი დონორი იქნება.
Ფაქტობრივად, არაფრის გაღება მომიწევს. Საჭირო იქნება მხოლოდ გარკვეული დროის გამოყოფა, რათა შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდე. Გარდაცვალების შემდეგ, ჩემი სხეული ჩემთვის სრულიად უსარგებლოა. Შესაბამისად, შეუძლებელია ღირებული იყოს რაიმე, რასაც ვერ ვიყენებ, მის არსებობა-არარსებობას მნიშვნელობა არ აქვს და დროთა განმავლობაში თავისთავადვე აღარ იარსებებს. Აქედან გამომდინარე, ძალიან მცირე რაღაცის დათმობა მიწევს, რამაც შესაძლოა გადაარჩინოს ერთი ან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი.
Მართალია, არ არსებობს გარანტია, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ რომელიმე ორგანო გამოსადეგი ან რომელიმე ადამიანისათვის შესაფერისი იქნება, თუმცა, რამდენადაც არსებობს ამის სულ მცირე ალბათობაც კი, მაქვს მორალური ვალდებულება, გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია და რაც არ იწვევს არსებით ზიანს, რათა თავიდან ავიცილო მსგავსი ცუდი სიტუაციების შექმნა. Ამასთან, ვალდებული ვარ გავაკეთო ეს წინასწარ, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შექმნილ ვითარებაში ფიზიკურად ვეღარაფერს გავხდები.