GE

ნინო შელიამ მოიპოვა გერმანიის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია და მუშაობს გერმანიის პარლამენტში

09 ივლისი 2025

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა ნინო შელიამ მოიპოვა გერმანიის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (Internationales Parliaments-Stipendium) და მიმდინარე სემესტრში მუშაობს გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში). პარალელურად, იგი სწავლობს ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

პროგრამის ფარგლებში, ნინომ 2 თვის განმავლობაში გაიარა ინტენსიური თეორიული კურსი, რომელიც მოიცავდა გერმანიის კონსტიტუციურ სამართალს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. კურსი შედგებოდა არა მხოლოდ ლექციებისა და სემინარებისგან, არამედ მოიცავდა ვიზიტებს სხვადასხვა ქალაქში და ექსკურსიებს გერმანიის ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვან ადგილებში.

ამ ეტაპზე, ნინო მუშაობს ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში, სადაც იღებს მონაწილეობას კვლევითი დოკუმენტების მომზადებაში, ესწრება კომიტეტების, ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, პლენარულ სხდომებს და ყოველდღიურად ეცნობა გერმანული კანონმდებლობის პროცესს.

Nino Shelia