იმანუელ კანტის მოძღვრების თანახმად, ადამიანს, როგორც რაციონალურ არსებას, გონიერება გამორჩეულ თვისებად დაჰყვა. სწორეს ეს რაციონალურობა განაპირობებს ადამიანის უმაღლეს საფეხურზე დგომას უსულო მატერიასა და ცხოველებთან მიმართებით. გერმანელი ფილოსოფოსის ზნეობის მეტაფიზიკის თანახმად, გონიერი არსება - ადამიანი საკუთარი თავის თავისთავადი მიზანია. „მოექცე ადამიანს, როგორც მიზანს“ - არსებულ დათქმაში კანტი მოიაზრებდა, რომ ინდივიდი მიზანმიმართული უნდა იყოს საკუთარი ცხოვრების მაქსიმალური სრულყოფისა და თვითგანვითარებისკენ. კანტის ხედვის თანახმად, ყოველი ადამიანი ღირსეული და პატივსადებია, რომლის საფუძველზეც თითოეული იმსახურებს სამართლიან და პატიოსან მოპყრობას. ეს უკანასკნელი კი პირველ რიგში რაციონალური „მე“-დან უნდა მომდინარეობდეს. ეს ჩვენივე გონის მიერ დამტკიცებული კანონია, რომლისაც საღად აზროვნების დროს რეალურად გვჯერა.
თუმცა, მეტად სათუოა ის საკითხი, რომ რაციონალური „მე“ ხშირ შემთხვევაში ადამიანს მოუწოდებს შინაგანი სანქციებით ტანჯვისკენ. მაგალითად, სასოწარკვეთილებისკენ, ნიჰილიზმისა და სინანულისაკენ. ასეთ დროს ადამიანი ისევ მიჰყვება თავისი გონის მიერ დადგენილ კანონს და ურყევად სჯერა მისი. მართალია ამ შემთხვევაშიც გონიერი ბუნება არსებობს როგორც თავისთავადი მიზანი, თუმცა ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის ამგვარი იმედგაცრუებისკენ სწრაფვა სრულყოფილების მაქსიმიზაციასთან.
„მოიქეცი ისე, რომ ადამიანობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანიც და არასოდეს - მხოლოდ საშუალება“. ზემოთ ხსენებული „შინაგანი სანქციები“ გარდამტეხი ასპექტი ხდება საკუთარი თავის თავისთავად მიზნად განსაზღვრასა და მიზნის მიღწევის საშუალებას შორის. საკუთარი თავის მიმართ აუცილებელი მოვალეობის ცნებიდან გამომდინარე, ის, ვინც შეეწირება შინაგან სანქციებს, საკუთარ თავს ეკითხება: შეთავსებადია თუ არა მისი ქმედება ადამიანობის, როგორც თავისთავადი მიზნის იდეასთან?! თუკი ადამიანი მძიმე მდგომარეობის გამოისობით, თუნდაც თვითმკვლელობის საშუალებით მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევას ცდილობს, ის ხომ ერთ-ერთ პიროვნებას (თავის თავს) მხოლოდ და მხოლოდ საშუალებად იყენებს იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს ყოფის აუტანლობა სიცოცხლის ბოლომდე. საგანგებოდ აღსანიშნავი აქ ისაა, რომ ადამიანი უსულო მატერია, ნივთი არ არის. ამდენად, არ არის ისეთი რამ, რაც გამოყენებული იქნება, როგორც მხოლოდ საშუალება.
ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი თავისი ქმედების ყველა ასპექტში უნდა განვიხილოთ როგორც თავისთავადი მიზანი. ადამიანის სრულყოფილება გააზრებულია ევდემონიზმის რეალიზაციით. ევდემონიზმიც მორალური ფილოსოფიის ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს სწორ მოქმედებად იმას, რაც იწვევს ადამიანის "კეთილდღეობას". ამ შემთხვევაშიც ადამიანის კეთილდღეობა არსებითი მნიშვნელობისაა. დაუშვებელია საკუთარ თავს მოქეცე ისე, როგორც მოგესურვება (დაასახიჩრო, მოკლა), მითუმეტეს, შინაგანი სანქციების გამოისობით.
ამდენად, აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, რომ ყოველი გონიერი არსება თავისთავადი მიზანია, უარიყოფა ნების ყველა ასპექტში გამოვლენის შესაძლებლობა. მართალია, ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლაა ჩვენს საუკეთესო ზნეობრივ მხარესა და ლტოლვებს, ვალდებულებებსა და სიამოვნებებს შორის, თუმცა ჩვენივე გონის მიერ დამტკიცებული კანონის საფუძველზე ჩვენივე საქციელი ზღვარდადებულია იმ პრინციპით, რომელიც საკუთარი თავის ინსტრუმენტად გამოყენებას კრძალავს და მიმართულია რაციონალური „მე“-ს თავისთავად მიზნად ჩამოყალიბებისაკენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.