ყველა ადამიანს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები ხელყოფისგან. გამოდის, რომ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია დააარსოს ერთობა, რომლის მიზანი ამ უფლებების დაცვა იქნება. ამ ორგანიზაციული წარმონაქმნის არსებობის მორალური გამართლება იქნება მხოლოდ ის, რომ მან შეძლოს ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია სხვათა უფლებების ხელყოფა, არც ამავე ადამიანების მიერ შექმნილ ერთობას უნდა შეეძლოს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. თუმცა საზოგადოების განვითარებასთან ერთად იქმნება ურთიერთობები, როდესაც შეუძლებელია ერთი ადამიანის თავისუფლება სხვის უფლების სფეროში არ შეიჭრას.
დემოკრატიულ საზოგადოებებში კანონები უნდა იყოს ზოგადი და აბსტრაქტული. ეს გულისხმობს იმას, რომ კანონი მიემართება ყველას თანაბრად, არ არის ერთჯერადად არსებულ მდგომარეობაში გამოყენებისთვის განკუთვნილი. კანონები განსაზღვრავენ იმ ფარგლებს, რომლის შიგნითაც ინდივიდს შეუძლია თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მოქმედებები, ანუ მოცემული ჩარჩოს ფარგლებში ნებისმიერი ქმედება დაშვებულია. შესაძლოა აქედან გამომდინარეობდეს, რომ ადამიანი, რომელიც ემორჩილება რაღაც კანონს, თავისუფალი ვერ იქნება. თუმცა კანონის უზენაესობის პირობებში თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანები არ ემორჩილებიან რომელიღაც სხვა ინდივიდის ბრძანებებს, არამედ გამოცდილების შედეგად დამკვიდრებულ წესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წევრების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, შესაბამისად, ისინი თავისუფლები არიან.
გამოხატვის თავისუფლება თანამედროვე საზოგადოებაში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას. მის არსებობის მორალურ გამართლების რამდენიმე თეორია არსებობს. ესენია დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პიროვნების სრულყოფისკენ სწრაფვა, ჭეშმარიტების ძიება და ეჭვი სახელმწიფოს მოქმედების მიმართ. თუ გამოხატვის თავისუფლების არსებობის გამართლებად მივიჩნევთ იმას, რომ ადამიანებმა დემოკრატიულ პროცესებში უნდა მიიღონ მონაწილეობა ან გამოიჩინონ ეჭვი სახელმწიფოს მოქმედების მიმართ, მაშინ გამოდის, რომ ყველა გამოხატვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევას არ ემსახურება, დაცული არ უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოხატვა არის საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანის ძირითადი თავისუფლება და ის ყოველთვის მიემართება სხვას. შეუძლებელია გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები ადამიანის შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოხატვის თავისუფლების შინაგანი ასპექტი, აზრი, აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული, ანუ შეზღუდვა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება შინაგანად არსებული აზრის გამოხატვას, ის გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა შეიზღუდოს.
გამოხატვის თავისუფლება თითქმის ყველა საზოგადოებაში არის შეზღუდული, რადგან მისი გამოყენება უმეტესად სხვადასხვა უფლების შეპირისპირებას გულისხმობს. სტენლი ფიში ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს ლიმიტების გარეშე არსებულ თავისუფლებას. გამოხატვა მოიაზრებს უამრავ სხვადასხვა ქმედებას, მაგალითად, საუბარს, წერას, დროშების დაწვას, ცილისწამებას, მუქარას და ა.შ. ლოგიკურია, რომ ყოველი ქმედება ერთნაირი დაცვის ხარისხით არ უნდა სარგებლობდეს. იმ შემთხვევაშიც თუ გამოხატვის ორი ფორმა ერთმანეთის საპირისპიროდ დადგება, მაგალითად, პოლიტიკური დებატისას აქტივისტის ყვირილის შემთხვევაში, არჩევანი უნდა გაკეთდეს ერთის თავისუფლების შესაზღუდად.
ჯონ სტუარტ მილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება უნდა მოიაზრებდეს ისეთი იდეების გაჟღერებასაც, რომლებიც საზოგადოებისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს. მართლაც, თანამედროვე სახელმწიფოთა უმრავლესობაში გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ ზღუდავს სხვათა უფლებებს, დაცულია. მოცემული თავისუფლების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ისეთი უფლებები დგება, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება, რელიგიის თავისუფლება და ა.შ. ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი ან დაბალი სტანდარტის მიხედვით ან უპირატესობა გამოხატვას ენიჭება, ან მის პირისპირ მდგომ უფლებას.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად შექმნილმა ორგანიზაციულმა ჯგუფმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც მიმართული იქნება ერთი ინდივიდის უფლების შეზღუდვისკენ, ხოლო მეორეს დაცვისკენ. საზოგადოებაში არსებული ურთიერთობები გულისხმობს იმას, რომ მუდმივად კეთდება არჩევანი ერთის საწინააღმდეგოდ და მეორის სასარგებლოდ. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმური მიზნის არსებობისას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ადამიანის უფლებების დაცვისთვის შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნის არსებობას არ აკნინებს, რადგან საზოგადოებაში ურთიერთობის არსებობისას არჩევანის გაკეთება გარდაუვალია. ეს გულისხმობს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება არსებობს გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა ამ ჩარჩოს შიგნით ადამიანები სარგებლობენ აბსოლუტური თავისუფლებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.