ENG GEO

Search form

გლობალიზაცია

დროთა განმავლობაში ადამიანის მოთხოვნილება თავისუფლებაზე იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის ადამიანისთვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ღირებულება და სწორედ მისკენ სწრაფვამ შეუწყო ხელი გლობალიზაციას. თავად ტერმინი „გლობალიზაცია“ თავდაპირველად მხოლოდ ეკონომიკურ შინაარსს ატარებდა, თუმცა დღევანდელობაში გამოიყენება როგორც სხვადასხვა ქვეყნის ხალხების გაერთიანების და ურთიერთთანამშრომლობის აღმნიშვნელი.

გლობალიზაციის დამსახურებით ქვეყნებს შორის კავშირი გამარტივდა, ვაჭრობა გახდა თავისუფალი, რაც ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. შედეგად უფრო მრავალფეროვანი გახდა არჩევანი, გაიზარდა უცხოური ინვესტიციები და დასაქმების მეტი პოტენცია გაუჩნდა ადამიანს. განსაკუთრებით საყურადღებოა გლობალიზაციის გავლენა მცირე კულტურებზე, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა განვითარდნენ და დაიმკვიდრონ თავი მსოფლიოში. საზღვრები ქრება ქვეყნებს შორის, რაც სტიმულს იძლევა რაც შეიძლება მეტი კავშირი დამყარდეს სხვა ქვეყნებთან. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შესაძლოა განვიხილოთ რასებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრის საშუალებად, რადგან ურთიერთობები სხვა რასის წარმომადგენლებთან ჩვეული ამბავია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კავშირი ქვეყნებს შორის უფრო და უფრო მჭიდრო ხდება, ხოლო კავშირთან ერთად იზრდება ამ ქვეყნების ზეგავლენა ერთმანეთზე - ადამიანთა ცხოვრების წესზე, გემოვნებაზე, შეხედულებებზე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად ეს არის დასავლური კულტურის გავლენა - დასავლური სტილის, მორალის და შეხედულებების. გლობალიზაციის კრიტიკოსები უმეტესწილად ამ ფაქტზე მიუთითებენ, რასაც ვესტერნიზაციას უწოდებენ. ცხოვრება ხდება ერთფეროვანი, რაც არ არის გასაკვირი, რადგან რთულია შეინარჩუნო შენი კულტურა და პარალელურად ინტეგრაცია შეძლო ისეთ ქვეყნებთან, რომელთა ღირებულებები, კანონები თუ მიდგომები შენსას უპირისპირდება. ასეთი ფრაზა არსებობს: „გლობალიზაცია მატარებელია, რომელიც ანადგურებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინდივიდუალურობას“. გლობალიზაციის შიშიც სწორედ ამ ფაქტიდან მოდის - ის ასუსტებს სახელმწიფოების თვითმყოფადობას და ეროვნულობას.

შეუძლებელია უარყო განსხვავებები საზოგადოებებსა თუ კულტურებს შორის. ყველას თავისი ცხოვრების წესი გააჩნია, რომელთაც მყარად აქვთ ფესვები გადგმული მათივე კულტურაში. გლობალიზაცია, როგორც უკვე ვახსენეთ, არ არის მხოლოდ კომუნიკაციების გაფართოება, არამედ გავლენას ახდენს ნებისმიერ სფეროზე. ის მტკივნეული შედეგი, რომელიც შესაძლოა გლობალიზაციამ გამოიწვიოს კარგად ჩანს ისლამური ქვეყნების მაგალითზე. განსხვავება დასავლურ ცივილიზაციებსა და ისლამურ შეხედულებებს შორის დიდია. ეს უკანასკნელი ეფუძნება მორწმუნეობის იდეას, შესაბამისად მათი მამოძრავებელი მოტივი არის არა პოლიტიკური, არამედ რელიგიური. რელიგია, თავის მხრივ, არის ადამიანისთვის ინტიმური თემა გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მუსულმანებისთვის ეს დასავლური ჩვევები, მორალი, ჩაცმის სტილი, მანერები, თუნდაც ხელოვნება და მუსიკა არის არა თავისუფლება, როგორც ეს სხვა ქვეყნებს შეიძლება ესმოდეთ, არამედ ცდუნება, ხოლო ცდუნებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება, მით უმეტეს ისეთ გარემოში, სადაც ამ ცდუნებებს თავზე გახვევენ, არის მათი გამვრცელებლის დასჯა. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მსგავსი ქმედებები იწვევს მუსულმანთა გაერთიანებას და აღძრავს ურწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს. შესაბამისად, საფრთხე არა მხოლოდ ამ ცივილიზაციებს გაქრობშია, არამედ იმაშიც, თუ რა რეაქცია იქნება ამ „ცდუნებებზე“. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება მთელ მსოფლიოს როდესაც პასუხი გამოიხატება ტერორიზმით, რაც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ამას გარდა, არც თუ ისე მარტივია ცივილიზაციაში ღრმად ფესვგადგმული კულტურა შეცვალო. გავიხსენით ავღანეთი, სადაც ალექსანდრე მაკედონელიდან მოყოლებული დღემდე არსებობს მცდელობა ფეხის მოკიდების. თუმცა, რადგან საქმე არც ისე მარტივად აღმოჩნდა, როგორც მაგ. გერმანიის შემთხვევაში და ავღანეთში დასავლური წესების დამკვიდრება მეტ რესურსს მოითხოვს - იქნება ეს დრო თუ ფინანასები, ამერიკაც კი აპირებს ჯარების გამოყვანას.  

შესაბამისად, შესაძლოა გლობალიზაციას ბევრი დადებითი შედეგი მოჰქონდეს, ეკონომიკური თუ სოციალური მხრივ, განსაკუთრებით პატარა კულტურებისთვის იყოს საშუალება დაიმკვიდრონ თავი, თუმცა გასათვალისწინებელია ის უარყოფითი შედეგები, რომელიც მას მოჰყვება. შესაბამისად, ქვეყნებს შორის არსებული საზღვრების წაშლა საუკეთესო ვარიანტი არ არის იმის გამო, რომ ყველა კულტურა უნიკალურია და ატარებს განსაკუთრებულ, მხოლოდ მისთვის მისაწვდომ მორალს და კანონებს. ხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და მაში დასავლური ცივილიზაციის „ძალით“ დანერგვა გაუმართლებელი და აზრს მოკლებულია, რადგან ერთფეროვნების გარდა, შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება სხვა კულტურის ადამიანებში, რასაც შედეგად მოჰყვება ტერორიზმი თუ ომი. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.