ბიზნესის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა განკუთვნილია იურისტებისათვის, რომლებიც ესწრაფიან ბიზნესის სამართლის იურისტისა და ადვოკატის კარიერას და სურთ თეორიული ცოდნის გაღრმავება და აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარება. მაგისტრანტი ისწავლის, თუ როგორ მიიღოს სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებები რთულ ბიზნეს გარემოში და წარმატებით განახორციელოს ბიზნესის სამართლის ტრანზაქციები.
სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert-ის პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო იურიდიული პრაქტიკის მრავალ წლიანი გამოცდილება.
სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს საგადასახადო სამართლის კონცენტრაციას.
სამაგისტრო პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი მოდულისაგან:
ბიზნეს ტრანზაქციების სამართალი
მოდულის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ბიზნესის სამართლის ფართოდ გავრცელებულ გარიგებების შესახებ პრაქტიკულ კურსებს და განიხილავენ ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, უძრავი ქონების, უზრუნველყოფილი გარიგებების, სააღსრულებო სამართლისა და საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებს.
ბიზნესის ორგანიზაციის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და დაბეგვრის სამართალი
მოდული ორიენტირებულია ბიზნესის ტრანზაქციების განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი პრაქტიკის ანალიზსა და კვლევაზე. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსებს საწარმოს დაფუძნების, კორპორატიული მართვის, საწარმოს შერწყმის, შეძენის, რეორგანიზაციისა, ლიკვიდაციის და დაბეგვრის პრობლემური საკითხების შესახებ.
პროფესიული პრაქტიკული განათლება
პროფესიული პრაქტიკული განათლების მოდული ორიენტირებულია ბიზნესის სამართლის იურისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე და სტუდენტს სთავაზობს ე.წ. „live client" სამართლის კლინიკაში საქმიანობას, სამართლის პრაქტიკას იურიდიულ კომპანიებსა და შესაბამის ორგანიზაციებში, სასამართლოში გამოსვლისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების სპეციალურ კურსებს.
ბიზნეს ტრანზაქციების პრაქტიკუმი
მოდული მოიცავს ბიზნესტრანზაქციის განხორციელების პრაქტიკული უნარების განვითარებისაკენ მიმართულ კურსს ნასყიდობის ტრანზაქციის შესახებ და ფართოდ გავრცელებული ბიზნესის ტრანზაქციების სიმულაციებს. ნასყიდობის ტრანზქციის პრაქტიკული კურსი მთლიანად აგებულია რეალური ნასყიდობის გარიგების პროცესზე; ყურადღება დაეთმობა ე.წ. „Due Dilligence"-ის პროცესს, განხილული იქნება ნასყიდობის გარიგებაში გათვალისწინებული ძირითადი სამართლებრივი და არასამართლებრივი დოკუმენტები. კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ნასყიდობის გარიგებების მოლაპარაკები და საბოლოოდ ნასყიდობის გარიგების დახურვა (Closing).
პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბიზნეს გარიგებების სიმულაციების პრაქტიკული კურსები, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ტრანზაქციების სიმულაციებს:
• საწარმოს/წილის შესყიდვა
• საერთაშორისო საინვესტიციო გარიგება
• კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქცია
• კომპანიის სახელმწიფო სატენდერო წინადადების ტრანზაქცია
• სამშენებლო ამხანაგობის გარიგებები
სასწავლო პროცესი აერთიანებს ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკული სიტუაციების ანალიზსა და სიმულაციებს, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და მოლაპარაკების სიმულაციებს.
აკადემიური გუნდი
სამაგისტრო პროგრამის კურსებს უძღვებიან თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ბიზნესის სკოლის პროფესორები, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების პარტნიორები, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების იურისტები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები. საგადასახადო სამართლის კონცენტრაციის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორები გაუძღვებიან სპეციალურად იურისტებისთვის შემუშავებულ კურსს ფინანსურ აღრიცხვასა და საგადასახადო ანგარიშგებაში.
სად შეუძლია პროგრამის კურსდამთავრებულს მუშაობა?
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია წარმატებით განაგრძოს საქმიანობა საერთაშორისო იურიდიული კომპანიების წარმომადგენლობებში, ადგილობრივ იურიდიულ კომპანიებში, საჯარო დაწესებულებებში, იმუშაოს იურისტად ნებისმიერ საშუალო და მსხვილ კომპანიაში, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლობებში, ისევე, როგორც დააფუძნოს საკუთარი იურიდიული კომპანია და დაიწყოს სამართლის დამოუკიდებელი პრაქტიკა.
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც გეგმავენ ადვოკატისა და იურისტის კარიერას ბიზნესის სამართლის მიმართულებით.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იურისტის კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, რომელიც:
• გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;
• ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე;
* სასურველია ჰქონდეს პროფესიით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.
მიღების პროცედურები:
• რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე;
• საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
• რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 8 სექტემბრის ჩათვლით;
• გასაუბრება თავისუფალ უნივერსიტეტში.
*გასაუბრების შეფასების კრიტერიუმებია: სამართლებრივი ცოდნა (40%), კრიტიკული აზროვნების უნარი (30 %), დასაბუთებული მსჯელობის უნარი (30%).
*გასაუბრების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 65 ქულა.
სწავლის ხანგრძლივობა და განრიგი:
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს.
ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ:
• სამი სამუშაო დღე: 19:00 – 21:45
• შაბათი: 10:00 – 16:00
სამაგისტრო პროგრამის სემესტრული გადასახადი:
საფასური გამოითვლება ასე:
1 სემესტრი, კონცენტრაციის გარეშე, 1 015 * 3 (ცვალებადი) = 3 045 ლარი
1 სემესტრი, საგადასახადო სამართლის კონცენტრაციის არჩევის[1] შემთხვევაში 1 200 * 3 (ცვალებადი) = 3 600 ლარი
საკონტაქტო პირი: ნანა სანებლიძე
ტელ: (+995) 599 93 55 55
ელ. ფოსტა: n.saneblidze@freeuni.edu.ge
___________________________________________
[1] საგადასახადო კონცენტრაციის ჯგუფის შედგება მინიმუმ 7 სტუდენტის მიერ კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში.