თინათინ ინაური Central European University-ში აგრძელებს სწავლას
07 სექტემბერი 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი თინათინ ინაური Central European University-ში პოლიტიკის მეცნიერების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. თინათინმა სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა. ასევე, თინათინი განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტიცაა.
„კითხვაზე „რომ არა მართვის სკოლა, სად ჩავაბარებდი?“ არასდროს მიფიქრია. ფაკულტეტი ჯერ კიდევ მე-10 კლასში, უნივერსიტეტის ვებგვერდის დათვალიერებისას აღმოვაჩინე და, ფაქტობრივად, მას უპირობო ნდობა გამოვუცხადე. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებამ და არჩევანის სითამამემ მართვისადმი განსაკუთრებული მიკუთვნებულობის განცდა გამიჩინა, რამაც თავისუფალ უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელი ჩემს ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვან გამოცდილებად აქცია, ვიდრე
უბრალოდ სტუდენტობაა.
კურიკულუმის მრავალფეროვნება ჩემს მრავალმხრივ ინტერესებს სრულფასოვნად ერგებოდა. ყოველი ახალი საგანი ფაზლის მომდევნო ნაწილის როლს თამაშობდა, რომელიც სამყაროს შესახებ სურათს გაცილებით მკაფიოს ხდიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მრავალმხრივობაში რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა, რომლითაც მეტად დავინტერესდი. პირველი ასეთი საგანი ‘პოლიტიკური იდეოლოგიები’ იყო, შემდეგ მას მოჰყვა ‘სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია’. საბოლოოდ, მე-4 კურსზე კვლევითი მიმართულებაც ამ ინტერესებმა განსაზღვრა და ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით საბაკალავრო ნაშრომი დავწერე თემაზე „შიში, სირცხვილი და შფოთი ქართულ პოლიტიკურ რიტორიკაში.“
Central European University-ის პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მიმართულებით ავსტრიის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი ერთ-ერთი მოწინავეა. აკადემიური მიდგომა, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მსგავსად, ინტერდისციპლინურია. ფაკულტეტი სტუდენტებს სპეციალიზაციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, საიდანაც თინათინმა ინტერესი Democracy and Social Change-ზე შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს

14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს

07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს

10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას

23 ივნისი 2023