GE

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა

ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ინტერიერის დიზაინის ფართო ცოდნა და მან შეძლოს კრიტიკულად იაზრებდეს ინტერიერის დიზაინში არსებულ მიმდინარეობებს. პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე და სახელოვნებო ასპარეზზე განათლებული, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ სხვადასხვა სტუდიურ პროექტებზე და გადიან კურსებს რომლებიც ემსახურებიან ინტერიერის დიზაინის ჭრილში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის შეძენას და უნარების გამომუშავებას. თეორიული კურსები კი უზრუნველყოფს დიზაინის ტენდენციების, მასალებისა და ნახაზის სტანდარტების ევოლუციის გაცნობას.

პროგრამაზე დასაქმებულია როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ინტერიერის დიზაინის სტუდიათა ციკლის ფარგლებში ისინი მენტორობას უწევენ სტუდენტებს ოთხი განსხვავებული პროექტის შექმნაში, რომელიც მოიცავს კერძო რეზიდენციებს, კომერციულ ფართებს და სამუშაო ადგილებს. სტუდენტებს ხელმძღვანელობა ეწევა პროექტის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე, საწყისი კონცეფციიდან დაწყებული, ესკიზებისა და განწყობის დაფების (mood boards) გავლით, საბოლოო მასალების, სამშენებლო ნახატებისა და დოკუმენტების შექმნით დამთავრებული.

ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამის სხვადასხვა საგნის ფარგლებში, სტუდენტებს მუდმივად აქვთ შეხება რეალურ პროექტებთან და კლიენტებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროფესიული უნარების განვითარებისათვის. ამ მიზნით სტუდენტთა მიერ განსახორციელებელი პროექტები ძირითადად მორგებულია რეალურ ფიზიკურ სივრცეებზე, რომლებიც მდებარეობს ქალაქ თბილისში და მის გარშემო.

ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული მრავალფეროვანი საგნები უზრუნველყოფს ბაზრის და დიზაინის სამყაროს მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელიც სულ უფრო და უფრო მულტიდისციპლინური ხდება.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ინტერიერის დიზაინის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია შემდეგ  მოდულებში:

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად  საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების საბაზო განათლება - ეს მოიცავს მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მსოფლიო ვიზუალური ხელოვნების ისტორია (რენესანსამდე), მსოფლიო ვიზუალური ხელოვნების ისტორია (რენესანსიდან 1789 წლამდე), მოდერნული ვიზუალური ხელოვნების ისტორია (1789-1945 წლები), თანამედროვე ხელოვნების ისტორია (1945 წლიდან დღემდე), თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა, ანატომიის საფუძვლები და რაოდენობრივი და სივრცით აზროვნების წესი. სტუდენტები სწავლობენ ხელოვნების ისტორიას ქრონოლოგიურად, რადგან ეს აუცილებელია მათი შემოქმედებითი განვითარებისთვის და საკუთარი ნამუშევრების ხელოვნების ისტორიის კონტექსტში გააზრებისთვის. თანამედროვე ლოკალურ და საერთაშორისო სახელოვნებო სამყაროში არსებული ინსტიტუციების,  მათი სტრუქტურის და მათთან ურთიერთობის შესახებ ცოდნას სტუდენტები იღებენ საგანში - თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომში მათ საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმონ და განივითარონ საკუთარი კარიერა. ანატომიის საფუძვლები ითვალისწინებს ადამიანის ანატომიის სწავლებას სისტემური და რეგიონული მიდგომით ხელოვნებასთან კავშირში, მისი თავისებურებების გათვალისწინებით. ხოლო რაოდენობრივი და სივრცით აზროვნების წესის კურსში განიხილება ზოგადი კანონზომიერებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ხატვისა თუ ხაზვისას გამოყენებულ ინტუიციურ წარმოდგენებს.
  • ძირითადი განათლება - ეს არის ინტერიერის დიზაინის შესასწავლად საჭირო ძირითადი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი და მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: შესავალი თანამედროვე ხელოვნებაში, კრიტიკული აზროვნება ვიზუალურ ხელოვნებაში, დიზაინის პროგრამები 1 და 2, ხატვის სტუდია 1 და 2, ფოტოგრაფიის სტუდია, ბრენდინგი, პროდუქტის დიზაინის სტუდია, ხაზვა, ინტერიერის დიზაინის სტუდია I, II, III და IV, ინტერიერის დიზაინის მასალები და სტანდარტები, ინტერიერის დიზაინის ისტორია, მოდელინგი, სადიპლომო პროექტის მომზადება და სადიპლომო პროექტი.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

ინტერიერის დიზაინის პროგრამაზე მიღება 2024

იხილეთ ცხრილში

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) 2014 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით დაარსდა. მისი დაარსების მიზანი იყო, საქართველოში შექმნილიყო ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის განათლების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები მიიღებდნენ საუკეთესო ევროპული და ამერიკული სახელოვნებო სკოლების მსგავს განათლებას ხელოვნებასა და დიზაინში.

ასეთი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო იყო ხელოვანები და დიზაინერები, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლება ევროპასა და ამერიკაში ჰქონდათ მიღებული, ასევე მოქმედი საგამოფენო და დიზაინერულ საქმიანობას ეწეოდნენ უნივერსიტეტის გარეთ. შესაბამისად, სკოლის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო აკადემიურმა შემადგენლობამ, რომელმაც თავის დროზე განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში (მაგალითად, Georgia State University, Emory University, Düsseldorf Art Academy, Royal Academy of Fine Arts of Brussels, University of Iowa, University of Milan, Academy of Fine Arts Munich,  Trier University of Applied Sciences და ა.შ.).

2018 წელს სკოლას დაემატა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა და სკოლის დასახელება გახდა ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - VA[A]DS. დღეს სკოლა ახორციელებს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:

  • ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
  • ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა
  • ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა
  • არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

გარდა ზემოთ აღნიშნული აკადემიური მიზნებისა, სკოლის შექმნის ამოცანა გახლდათ შექმნილიყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენის გამოცდილების მიღება, ისწავლიდნენ ხელოვნების და დიზაინის საკითხებზე მსჯელობას, ერთმანეთის კრიტიკული აზრის პატივისცემას, თავისუფალ ვიზუალურ აზროვნებას და, ამავე დროს, გაეცნობოდნენ ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ისტორიას, დააფასებდნენ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას და შემოქმედების თავისუფლებას.

სკოლის კონცეფციის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობისაა სტუდენტებისათვის რეგულარული გამოფენების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, ოთხივე პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსი მოიცავს სტუდენტური გამოფენების მოწყობას, რათა სტუდენტებმა ისწავლონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია როგორც ფორმალურად, ასევე კონცეპტუალურად - თეორიულად ისაუბრონ ნამუშევარზე ლექტორების და სხვა სტუდენტების წინაშე.

სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისში თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გააკეთა მნიშვნელოვანი ინვესტიცია კახა ბენდუქიძის კამპუსის ტერიტორიაზე სპეციალური საგამოფენო გალერეის შექმნისთვის. კამპუსის გალერეა შეიქმნა სასწავლო მიზნებისათვის და ეს არის სივრცე, სადაც სასწავლო პროცესის ფარგლებში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

სკოლის პერსონალის უმეტესობა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც არიან წარმატებული, მოქმედი ხელოვანები და არქიტექტორები.

დეკანი

Ირინა Პოპიაშვილი

ირინა პოპიაშვილი

პროფესორი; ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი

i.popiashvili@freeuni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ჯესი Ვოგლერი

ჯესი ვოგლერი

პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი

j.vogler@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნინუცა Ნაბულიშვილი

ნინო ნაბულიშვილი

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კოორდინატორი

n.nabulishvili@freeuni.edu.ge