GE

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა

ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის შესახებ

ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ვიზუალური კომუნიკაციის ფართო ცოდნა და მან შეძლოს კრიტიკულად იაზრებდეს ვიზუალურ კომუნიკაციაში არსებულ მიმდინარეობებს. პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე და სახელოვნებო ასპარეზზე განათლებული, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში თანამედროვე, უახლეს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს და გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე და წარმატებულ კარიერის საფუძველს პროფესიულ საქმიანობაში. ეს განპირობებულია იმითაც, რომ საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში არსებული მოწინავე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების მაგალითების გათვალისწინებით და ამასთან, აკადემიური პერსონალი და ლექტორები არიან პრაქტიკოსები, რომლებსაც სწავლებასთან ერთად აქვთ წარმატებული (საერთაშორისო) პროფესიული კარიერა.

ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობები ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning by doing). შესაბამისად, პროგრამის სხვადასხვა საგნის ფარგლებში, სტუდენტებს მუდმივად აქვთ შეხება რეალურ პროექტებთან. ის, რომ პროგრამაში ჩართული სპეციალისტები პირადი პროფესიული გამოცდილებით, თუ სალექციო საქმიანობის ფარგლებში, მუდმივად არიან კავშირში სხვადასხვა სააგენტოებთან, სტუდიებთან, გამომცემლობებთან, გალერეებთან და სხვა თემატურ ორგანიზაციებთან, მნიშვნელოვნად ამარტივებს სტუდენტების სისტემატურ ჩართულობას რეალურ პროექტებში. კოლაბორაცია რეალური დიზაინ-ბრიფის ირგვლივ აუცილებელი და სასარგებლო გამოცდილებაა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ბრიფის წარმდგენისთვის, რომელსაც ამ ფორმით ეძლევა წვდომა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან აუდიტორიაზე - ახალგაზრდა პროფესიონალებზე.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ვიზუალური კომუნიკაციის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია შემდეგ  მოდულებში:

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად  საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების საბაზო განათლება - ეს მოიცავს მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მსოფლიო ვიზუალური ხელოვნების ისტორია (რენესანსამდე), მსოფლიო ვიზუალური ხელოვნების ისტორია (რენესანსიდან 1789 წლამდე), მოდერნული ვიზუალური ხელოვნების ისტორია (1789-1945 წლები), თანამედროვე ხელოვნების ისტორია (1945 წლიდან დღემდე), თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა, ანატომიის საფუძვლები და რაოდენობრივი და სივრცით აზროვნების წესი. სტუდენტები სწავლობენ ხელოვნების ისტორიას ქრონოლოგიურად, რადგან ეს აუცილებელია მათი შემოქმედებითი განვითარებისთვის და საკუთარი ნამუშევრების ხელოვნების ისტორიის კონტექსტში გააზრებისთვის. თანამედროვე ლოკალურ და საერთაშორისო სახელოვნებო სამყაროში არსებული ინსტიტუციების,  მათი სტრუქტურის და მათთან ურთიერთობის შესახებ ცოდნას სტუდენტები იღებენ საგანში - თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომში მათ საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმონ და განივითარონ საკუთარი კარიერა. ანატომიის საფუძვლები ითვალისწინებს ადამიანის ანატომიის სწავლებას სისტემური და რეგიონული მიდგომით ხელოვნებასთან კავშირში, მისი თავისებურებების გათვალისწინებით. ხოლო რაოდენობრივი და სივრცით აზროვნების წესის კურსში განიხილება ზოგადი კანონზომიერებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ხატვისა თუ ხაზვისას გამოყენებულ ინტუიციურ წარმოდგენებს.
  • ძირითადი განათლება - ეს არის ვიზუალური კომუნიკაციის შესასწავლად საჭირო ძირითადი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: შესავალი თანამედროვე ხელოვნებაში, კრიტიკული აზროვნება ვიზუალურ ხელოვნებაში, დიზაინის პროგრამები 1 და 2, ხატვის სტუდია 1 და 2, ფოტოგრაფიის სტუდია, შესავალი ვიდეო ხელოვნებაში, შესავალი ციფრულ ტექნოლოგიებში, გრაფიკული დიზაინის სტუდია I და II, ვებ და მობაილ დიზაინის სტუდია I და II, მულტიმედია დიზაინი, ბეჭდური მედია, ტიპოგრაფია, შესავალი ანიმაციაში, Motion Design, Art Direction, ბრენდინგი, სადიპლომო პროექტის მომზადება და სადიპლომო პროექტი.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამაზე მიღება 2024

იხილეთ ცხრილში

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) 2014 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით დაარსდა. მისი დაარსების მიზანი იყო, საქართველოში შექმნილიყო ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის განათლების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები მიიღებდნენ საუკეთესო ევროპული და ამერიკული სახელოვნებო სკოლების მსგავს განათლებას ხელოვნებასა და დიზაინში.

ასეთი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო იყო ხელოვანები და დიზაინერები, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლება ევროპასა და ამერიკაში ჰქონდათ მიღებული, ასევე მოქმედი საგამოფენო და დიზაინერულ საქმიანობას ეწეოდნენ უნივერსიტეტის გარეთ. შესაბამისად, სკოლის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო აკადემიურმა შემადგენლობამ, რომელმაც თავის დროზე განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში (მაგალითად, Georgia State University, Emory University, Düsseldorf Art Academy, Royal Academy of Fine Arts of Brussels, University of Iowa, University of Milan, Academy of Fine Arts Munich,  Trier University of Applied Sciences და ა.შ.).

2018 წელს სკოლას დაემატა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა და სკოლის დასახელება გახდა ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - VA[A]DS. დღეს სკოლა ახორციელებს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:

  • ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
  • ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა
  • ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა
  • არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

გარდა ზემოთ აღნიშნული აკადემიური მიზნებისა, სკოლის შექმნის ამოცანა გახლდათ შექმნილიყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენის გამოცდილების მიღება, ისწავლიდნენ ხელოვნების და დიზაინის საკითხებზე მსჯელობას, ერთმანეთის კრიტიკული აზრის პატივისცემას, თავისუფალ ვიზუალურ აზროვნებას და, ამავე დროს, გაეცნობოდნენ ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ისტორიას, დააფასებდნენ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას და შემოქმედების თავისუფლებას.

სკოლის კონცეფციის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობისაა სტუდენტებისათვის რეგულარული გამოფენების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, ოთხივე პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსი მოიცავს სტუდენტური გამოფენების მოწყობას, რათა სტუდენტებმა ისწავლონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია როგორც ფორმალურად, ასევე კონცეპტუალურად - თეორიულად ისაუბრონ ნამუშევარზე ლექტორების და სხვა სტუდენტების წინაშე.

სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისში თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გააკეთა მნიშვნელოვანი ინვესტიცია კახა ბენდუქიძის კამპუსის ტერიტორიაზე სპეციალური საგამოფენო გალერეის შექმნისთვის. კამპუსის გალერეა შეიქმნა სასწავლო მიზნებისათვის და ეს არის სივრცე, სადაც სასწავლო პროცესის ფარგლებში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

სკოლის პერსონალის უმეტესობა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც არიან წარმატებული, მოქმედი ხელოვანები და არქიტექტორები.

დეკანი

Ირინა Პოპიაშვილი

ირინა პოპიაშვილი

პროფესორი; ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი

i.popiashvili@freeuni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ჯესი Ვოგლერი

ჯესი ვოგლერი

პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი

j.vogler@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნინუცა Ნაბულიშვილი

ნინო ნაბულიშვილი

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კოორდინატორი

n.nabulishvili@freeuni.edu.ge