კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი

მიღების პირობები

პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში.

სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  • ონლაინ რეგისტრაციის გავლა
  • გასაუბრების გავლა
  • გასაუბრებისას ტესტირება

რეგისტრაცია

პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო
ფორმის შევსება 1 სექტემბრის ჩათვლით.

საფასური

პროგრამის ღირებულება შეადგენს 4 800 ლარს. სწავლის დაწყებამდე - 2 000 ლარი, მე-2 ეტაპზე - 2 000 ლარი, მე-3 ეტაპზე - 800 ლარი.

ხანგრძლივობა და გრაფიკი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1 წელს. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ:

  • 2-ჯერ სამუშაო დღეებში - 19:00 საათიდან
  • შაბათს - 10:00-17:30

პროგრამის აღწერა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ (ESM) და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ კერძო სექტორთან პარტნიორობით შეიმუშავა ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი.

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ინტერდისციპლინური ცოდნა, როგორც რესტორნის მენეჯმენტის, ისე კულინარიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს მის მიერ კვების ობიექტში მიმდინარე პროცესების ჰოლისტიკურ გააზრებასა და შედეგად, რესტორნებისა და კაფეების ოპერირების ეფექტიანობის ზრდას.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც:

  • უკვე დასაქმებულია კვების მომსახურების სექტორში ან ამ სფეროში მუშაობის ინტერესი აქვს, მათ შორის, მოქმედი შეფ-მზარეული ან ბრენდ-შეფი.
  • ფლობს და/ან მართავს კვების ობიექტებს და სურს ამ ბიზნესის გაფართოება, შემდგომი განვითარება.
  • დაინტერესებულია კვების ობიექტის გახსნით ან კვების მომსახურების სფეროში საკონსულტაციო ბიზნესი აქვს და სურს ცოდნის განახლება.

პროგრამა გადაიხედა EHL Advisory Services-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს EHL Hospitality Business School-ის საკონსულტაციო სამსახურს. EHL დაფუძნდა 1873 წელს როგორც Ecole Hôtelière de Lausanne და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტს მასპინძლობის სფეროში. EHL მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის იკავებს პირველ ადგილს ბოლო 4 წლის განმავლობაში QS World University Rankings-ის თანახმად.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში.

საგნების ჩამონათვალი

პროგრამა მოიცავს 5 მოდულს: შესავალი მოდული, მენეჯმენტის მოდული, ფინანსური მოდული, კულინარიის მოდული და სურსათის უვნებლობის მოდული. თითოეული მოდული წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ საგანთა ჯგუფს.

  • შესავალი მოდული მოიცავს მათემატიკის საფუძვლებს და კომპიუტერულ უნარებს.
  • მენეჯმენტის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ბიზნესის საწყისები, მენეჯმენტის საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, ოპერაციების მართვა, კონფლიქტების მართვის ტრენინგი.
  • ფინანსური მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ფინანსური აღრიცხვა, ფინანსები.
  • კულინარიის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მენიუს ინჟინერია და სამზარეულოს დაგეგმარება, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, სასმელები და ბარი, ღვინის ისტორია და დეგუსტაცია, კალკულაცია.
  • სურსათის უვნებლობის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, HACCP-ის ტრენინგი, ნუტრიციოლოგიის საფუძვლები.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას რომელიმე საგანში, მას შესაძლებლობა მიეცემა გადააბაროს ფინალური გამოცდა. თუ გადაბარების შემთხვევაშიც სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, მაშინ ის წყვეტს სწავლას.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს კულინარიის აკადემიის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს.

სერტიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • ფინალური პროექტის წარდგენა და დაცვა

საკონტაქტო ინფორმაცია

თეკო ძიძიგური