სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის აღწერა
ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა (სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა) და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა) ერთობლივ პროგრამას.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ერთობლივი რესურსებით იძლევა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სრულყოფილ გარემოს, როგორც დარგობრივი კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ისე ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებისათვის.
ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობის მიზნით პროგრამა ითვალისწინებს თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების სხვა პროგრამებთან თანამშრომლობას, კერძოდ, ქიმიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებთან. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას თავისუფალი უნივერსიტეტის კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტთან, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტთან, ენტომოლოგიის ინსტიტუტთან და შესაბამის ლაბორატორიებთან.
ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევებში მონაწილეობას, ერთობლივი საერთაშორისო კვლევების განხორციელებას, კვლევითი სემინარების ორგანიზებას და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში სტუდენტებისა და პროფესორების ჩართულობას.
სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტებს შორის იმ აუცილებელი, ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ისეთი აკადემიური გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც მნიშვნელოვანია, ინოვაციური კვლევების წარმოებისა და ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების მქონე ცოდნის შექმნისათვის.
ეს პრინციპი აისახება პროგრამის ინდივიდუალიზებულ მიდგომაში, რაც მკაფიოდ არის გამოხატული კურიკულუმის სტრუქტურასა და შინაარსში ისევე, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის სპეციფიკაში.
სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ბიოლოგიის დოქტორი. პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.
რამდენადაც ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამის მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი.
კურიკულუმი
ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს: სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40 კრედიტს.
სასწავლო კომპონენტი მოიცავს:
- აკადემიურ წერას დოქტორანტებისთვის
- სადისერტაციო კვლევის მომზადებას
- რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს
- სამეცნიერო პროექტების მენეჯმენტს
- სწავლებას უმაღლეს განათლების სისტემაში
- სადოქტორო სემინარებს
სასწავლო კომპონენტი, ერთი მხრივ, მოიცავს კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს დოქტორანტის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აღჭურვას და სადისერტაციო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
მეორე მხრივ, სასწავლო კომპონენტი მოიცავს კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის სადისერტაციო თემის შესაბამის დარგებსა და ქვედარგებში ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეულ დამუშავებას. ამ მხრივ, დოქტორანტების ინტერესებზე ინდივიდუალურად მორგებული კომპონენტებია დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი (სავალდებულო და არჩევითი), რომელიც ხელმძღვანელთან მუშაობისა და ინდივიდუალური კვლევის პარალელურად შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, კონკრეტული დარგის, ქვედარგის ან ინტერდისციპლინური პრობლემატიკის მიმართულებით (თემის სპეციფიკიდან გამომდინარე) დაამუშაოს ლიტერატურა, გაიღრმაოს ცოდნა და ამ ლიტერატურის და თეორიების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტულად მისი თემისთვის რელევანტური კონცეპტუალური აპარატი და მეთოდოლოგიური ჩარჩო.
კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას (სამეცნიერო შეკითხვები, კამათი). კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს სტატიის სავალდებულო გამოქვეყნებას კვლევითი კომპონენტის შესრულებისათვის.
პროგრამა, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა და სადოქტორო კვლევაზე მუშაობის პროცესში, მუდმივად შეეძლოთ უკუკავშირის მიღება მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.
როგორ ჩავაბაროთ ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2025 წელს?
დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
- შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ივსება ელექტრონულად)
- ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ელექტრონული ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
დამადასტურებელი დიპლომის ასლი და დანართი; - ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა
და/ან ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატს აქვს ინგლისურ ენაზე
სწავლის და/ან მუშაობის გამოცდილება, ვისაც მსგავსი დოკუმენტი არ გაქვთ
ან დოკუმენტს ვადა გაუვიდა, საჭიროა გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენაში. - კვლევის თეზისი/პროექტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას
და უნდა მოიცავდეს საკვლევი თემატიკის წინასწარ აღწერას და მისი
მნიშვნელობის დასაბუთებას. - კვლევის შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და
სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში
მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი მასალა, როგორიცაა მაგალითად
სამეცნიერო სტატია, კონფერენციის თეზისი, სამაგისტრო ნაშრომი და სხვა.
მიღების პროცედურა
- აპლიკანტი გაივლის გასაუბრებას, სამეცნიერო მიმართულების კომისიასთან, რომლის მიზანია შეაფასდეს კანდიდატის პროფესიული გამოცდილება და სამეცნიერო კვლევისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
- ტესტირება ინგლისურ ენაში, რომლის მიზანია კანდიდატის მიერ ინგლისური
ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის შემოწმება.
რჩევა აპლიკანტებს სადოქტორო სკოლისგან:
სამოტივაციო წერილი და კვლევის პროექტის აღწერა დოქტორანტის აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია, რომლიც მიღებულ აპლიკაციას განიხილავს, გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დოქტორანტის მოტივაციას სადოქტორო კვლევის წარმოებისთვის. ასევე იმას თუ რამდენად ჩამოყალიბებულია აპლიკანტი საკვლევ თემაზე, რამდენად ღირებული და/ან ინოვატორულია ეს თემა და რამდენად გაცნობიერებული აქვს რა სახის მიდგომას ან მეთოდოლოგიას გულისხმობს დასმული საკითხის გამოკვლევა.
კვლევის პროექტის აღწერაში აპლიკანტი უნდა ეცადოს თემა დაუკავშიროთ მეცნიერებაში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემატიკას, მოკლედ და გასაგებად დაასაბუთოს რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხზე ახალი კვლევის წარმოება და ცოდნის მოპოვება.
სკოლის შესახებ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა არის საკვანძო სტრუქტურული ელემენტი, სადაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტეგრირება ხდება სასწავლო პროცესში.
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა აერთიანებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თეორიატევად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც მეტად ორიენტირებულია კვლევის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნაზე. ეს პროგრამებია:
- სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა
- სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად
რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის სადოქტორო, ბიოლოგიის სადოქტორო და ფიზიკის სადოქტორო პროგრამები ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამების მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფიზიკის მიმართულების და ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
- ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების და ქიმიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის იდეა ეფუძნება ანგლოსაქსურ გამოცდილებას, რაც არ არის ტიპური საქართველოსათვის. მისი საქმიანობა კარგად ასახავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი მისიის სამ ძირითად პრინციპს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად: ინტერდისციპლინურობა, გამოყენებადობა, ინტერნაციონალურობა.
პროგრამების კურიკულუმები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ინდივიდუალური კვლევების ფარგლებში ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას. ეს მისწრაფება გულისხმობს:
- კვლევისადმი ინდივიდუალიზებულ მიდგომას
- ინტერდისციპლინურობასა და დისციპლინათა მიჯნაზე არსებულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებზე აქცენტს
- საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებით ღირებული და უნიკალური ცოდნის შექმნას (და არა უბრალოდ არსებული პარადიგმების ტრანსლიტერაციას ლოკალურ კონტექსტებზე).
სადოქტორო პროგრამების სტრუქტურა განსაკუთრებით უწყობს ხელს ინტერდისციპლინური, ისევე როგორც მულტიდისციპლინური და დისციპლინათა მიჯნაზე არსებული კვლევების წარმოებას. ამ მიზანს ის რამდენიმე ინსტიტუციონალიზებული მექანიზმით ახორციელებს:
- ინტერდისციპლინურ პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი კომისიებით
- საერთაშორისო კოლაბორაციებით
- კურიკულუმის მეთოდოლოგიური კონცეფციით
ინტერდისციპლინური და უნიკალური ცოდნის წარმოებისადმი მისწრაფება სადოქტორო პროგრამების ფუნქციონირების რამდენიმე ეტაპზე მჟღავნდება:
- სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცედურის ფარგლებში, რომლის დროსაც დოქტორანტს მოეთხოვება ორიგინალურ კვლევაზე განაცხადის წარმოდგენა. ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სადოქტორო საბჭოს წევრების მიერ განაცხადის შეფასების საფუძველზე.
- კურიკულუმის კვლევითი კომპონენტის განხორციელების ფარგლებში. კვლევის თითოეულ ეტაპზე (საშუალოდ, სემესტრში ორჯერ) დოქტორანტი შესრულებულ სამუშაოს წარუდგენს შესაბამის კომისიას, რომელიც კვლევით ნაშრომს/საქმიანობას აფასებს საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე მიღებული სტანდარტების საფუძველზე.
- სადოქტორო კომისიები შეიძლება შედგებოდეს სადისერტაციო საბჭოსა და მოწვეული სპეციალისტებისაგან. სადოქტორო პროგრამაზე მიღებისა, თუ კვლევითი კომპონენტის შესრულების შემფასებელი სადოქტორო კომისიები ყველა ჯერზე კომპლექტდება ინტერდისციპლინური პრინციპის გათვალისწინებით.
დეკანი
კოორდინატორი

ლანა გაბრიაძე
სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კოორდინატორი
ᲗᲘᲜᲐᲗᲘᲜ ᲥᲐᲩᲚᲘᲨᲕᲘᲚᲘ - ᲠᲔᲖᲕᲔᲠᲐᲢᲠᲝᲚᲘᲡ ᲚᲘᲞᲘᲓᲣᲠᲘ ᲛᲔᲢᲐᲑᲝᲚᲘᲖᲛᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲰᲔᲞᲐᲢᲝᲡᲢᲔᲐᲢᲝᲖᲘᲡ IN VITRO ᲛᲝᲓᲔᲚᲖᲔ (2025)
კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ლიპიდურ მეტაბოლიზმზე და ანთებით პროცესებზე ტრანს-რეზვერატროლის გავლენის შესწავლა სტეატოზის in vitro მოდელის გამოყენებით. სამოდელო სისტემა მოიცავდა ღვიძლის შემადგენლობაში შემავალი ორი განსხვავებული ტიპის უჯრედების - ჰეპატოციტების (Hepa1-6) და მაკროფაგების (RAW264.7, J774A.1) გაცხიმოვნებულ მონოშრიან უჯრედულ კულტურებს და გაცხიმოვნებული ჰეპატოსფეროიდების სამგანზომილებიან მოდელს.
მიღებული შედეგებიდან გამოვლინდა, რომ რეზვერატროლის დაბალ კონცენტრაციებთან (10µM) 24 საათიანი ინკუბაციის საპასუხოდ, ჰეპატოციტებში შეინიშნება ლიპიდების კონცენტრაციის შემცირება, ამავე დროს - უჯრედების ზედაპირზე მცირდება პრო-ანთებითი რეაქციების ინიციაციაში მონაწილე Toll- რეცეპტორების ოჯახის წევრის, TLR4-ის ზედაპირული ექსპრესია. რეზვერატროლის დაბალ კონცენტრაციებთან (5μM, 10μM) 3 საათიანი ინკუბაციის საპასუხოდ შეინიშნება ლიპიდების დეპონირების დაკლება სამივე სამოდელო სისტემაში, თუმცა ეს ცვლილება არ არის კავშირში TLR4-ის ექსპრესიის ცვლილებასთან.
მოქმედების მოკლე დროის წერტილზე, რეზვერატროლით გამოწვეული ეფექტის მოლეკულური მექანიზმის დასადგენად შევისწავლეთ ლიპიდების მეტაბოლიზმში მონაწილე ერთ-ერთი ტრანსკრიპციული ფაქტორის - peroxisome proliferator-activated receptor-γ-ს (PPAR-γ) ექსპრესიის დონე. მიღებული სურათიდან გამოჩნდა, რომ სამივე სამოდელო სისტემის შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსად ხდება PPAR-γ-ს დონის აწევა რეზვერატროლის მოქმედების საპასუხოდ. გარდა ამისა დადგინდა რომ ეს პროცესი დამოკიდებული არის ფერმენტ poly (ADP-ribose) polymerase 1 (PARP1)-ზე. შესაბამისად, გამოიკვეთა, რომ რეზვერატროლის მიერ სტიმულირებულ სასიგნალო გზაში, როგორც ჰეპატოციტებში, ასევე მაკროფაგებში, PARP1-ს აქტივაცია წინ უძღვის PPAR-γ-ს დონის აწევას.
ვინაიდან რეზვერატროლის სამიზნე მოლეკულას PARP1-ის გარდა ასევე წარმოადგენს სირტუინის ოჯახის წევრი - Sirt1. ჰეპატოციტების და მაკროფაგების მონოშრიან კულტურებში, ჩვენ შევისწავლეთ Sirt1-ის და PARP1-ის გავლენა რეზვერატროლის მიერ ინდუცირებულ სასიგნალო გზებზე. მიღებული შედეგებიდან გამოვლინდა, რომ ჰეპატოციტებში ლიპიდების დონის შესამცირებლად, რეზვერატროლი იწვევს ორივე მოლეკულის Sirt1-ის და PARP1-ის აქტივაციას, ხოლო მაკროფაგებში ლიპიდების დეპონირების შემცირებას მხოლოდ SIRT1-ის სასიგნალო გზის სტიმულირებით ახდენს. აღსანიშნავია, რომ ანთებითი პროცესების რეგულირებისას როგორც ჰეპატოციტების, ისე მაკროფაგების მონოშრიან უჯრედებში რეზვერატროლი მოიცავს ორივე მოლეკულის აქტივაციას.
საბოლოო ჯამში გამოიკვეთა სურათი, რომ რეზვერატროლის მიერ სტეატოზის მდგომარეობის გაუმჯობესება, დამოკიდებულია ორ მოვლენაზე: ერთის მხრივ, ლიპიდების დეპონირების შემცირებაზე, მეორეს მხრივ კი, პრო-ანთებითი პროცესების დათრგუნვაზე, PARP1 და Sirt1 მოლეკულების სტიმულირების ხარჯზე.
ᲛᲐᲠᲒᲐᲠᲘᲢᲐ ᲙᲐᲠᲐᲞᲔᲢᲘᲐᲜᲘ - BIOLOGICAL PROPERTIES OF DE NOVO GENERATED LINEAR CATIONIC ANTIMICROBIAL PEPTIDES (2024)
ანტიმიკრობული პეპტიდები (ამპ) პერსპექტიულ კანდიდატებად მოიაზრებიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ტრადიციული ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ამპ-ები კლავენ ბაქტერიებს ერთდროულად მრავალი ბაქტერიული სამიზნესთან ურთიერთქმედებით, რაც ბაქტერიებისთვის რეზისტენტობის განვითარებას ართულებს. ამპ-ებს ასევე შეუძლიათ გამოავლინონ ანტისიმსივნური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, პარაზიტების საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული და ბიოფირის საწინააღმდეგო აქტივობები.
თუმცა, მიუხედავად ამგვარი ღირებული ბიოლოგიური პოტენციალისა, არსებული ამპ-ების ფართო გამოყენება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექციების სამკურნალოდ შეზღუდულია მათი ტოქსიკურობისა და ფიზიოლოგიურ პირობებში არასტაბილურობის გამო. სხვადასხვა მიდგომას შორის, რომელიც გამოიყენება ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების დასაძლევად და სასურველი ბიოლოგიური თვისებების მქონე ამპ-ის შესაქმნელად, პრედიქციის ალგორითმებზე დაფუძნებული, მიზან-მიმართული de novo დიზაინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეკონომიურ მეთოდს.
In silico შექმნილი ამპ-ების ბიოლოგიური აქტივობები და მოქმედების მექანიზმები ნაკლებად არის შესწავლილი. მოცემულ ნაშრომში ჩვენ გამოვიკვლიეთ in silico დიზაინით შექმნილი 13 ხაზოვანი კათიონური ანტიმიკრობული პეპტიდი, კერძოდ, მათი ანტიბაქტერიული აქტივობა (დამოუკიდებლად ან კომერციულ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში), ტოქსიკურობა და პროტეაზების მიმართ სტაბილურობა.
შერჩეულ იქნა 4 პეპტიდი, რომელმაც გამოავლინა ყველაზე პერსპექტიული თერაპიული თვისებები, როგორიცაა მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა, დაბალი ტოქსიკურობა, სტაბილურობა პროტეაზების მიმართ. შერჩეული ოთხი კამპ-დან სამმა (24L, L1L და L1D) აჩვენა სინერგია კომერციულ ანტიბიოტიკებთან. ამავდროულად, იწვევდნენ ბაქტერიული მებრანის დესტაბილიზაციას/დაზიანებას რაც გამოიხატებოდა ფოსფოლიპიდების ინტენსიურ გადანაწილებაში და ვეზიკულიზაციაში. ხოლო 24D-პეპტიდი (რომელიც ავლენდა უმაღალეს ანტიბაქტერიულ აქტივობას, მაგრამ არ აჩვენებდა სინერგიას არც ერთ შესწავლილ ანტიბიოტიკთან) აფერხებდა ბაქტერიული უჯრედის დაყოფის პროცესს.
ჯამში, ეს ნაშრომი წარმოადგენს მრავალმხვრივ კვლევას, რომელიც აღრმავებს ცოდნას de novo შექმნილ კათიონური ანტიმიკრობული პეპტიდების უნიკალურ თვისებებზე.