GE

სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის აღწერა

ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა (სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა) და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა) ერთობლივ პროგრამას.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ერთობლივი რესურსებით იძლევა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სრულყოფილ გარემოს, როგორც დარგობრივი კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ისე ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებისათვის.

ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობის მიზნით პროგრამა ითვალისწინებს თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების სხვა პროგრამებთან თანამშრომლობას, კერძოდ, ქიმიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებთან. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას თავისუფალი უნივერსიტეტის კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტთან, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტთან, ენტომოლოგიის ინსტიტუტთან და შესაბამის ლაბორატორიებთან.

ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევებში მონაწილეობას, ერთობლივი საერთაშორისო კვლევების განხორციელებას, კვლევითი სემინარების ორგანიზებას და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში სტუდენტებისა და პროფესორების ჩართულობას.

სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტებს შორის იმ აუცილებელი, ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ისეთი აკადემიური გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც მნიშვნელოვანია, ინოვაციური კვლევების წარმოებისა და ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების მქონე ცოდნის შექმნისათვის.

ეს პრინციპი აისახება პროგრამის ინდივიდუალიზებულ მიდგომაში, რაც მკაფიოდ არის გამოხატული კურიკულუმის სტრუქტურასა და შინაარსში ისევე, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის სპეციფიკაში.

სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ბიოლოგიის დოქტორი. პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.

რამდენადაც ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამის მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი. 

კურიკულუმი

ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს: სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40 კრედიტს.

სასწავლო კომპონენტი მოიცავს:

  • აკადემიურ წერას დოქტორანტებისთვის
  • სადისერტაციო კვლევის მომზადებას
  • რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს
  • სამეცნიერო პროექტების მენეჯმენტს
  • სწავლებას უმაღლეს განათლების სისტემაში
  • სადოქტორო სემინარებს

სასწავლო კომპონენტი, ერთი მხრივ, მოიცავს კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს დოქტორანტის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აღჭურვას და სადისერტაციო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მეორე მხრივ, სასწავლო კომპონენტი მოიცავს კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის სადისერტაციო თემის შესაბამის დარგებსა და ქვედარგებში ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეულ დამუშავებას. ამ მხრივ, დოქტორანტების ინტერესებზე ინდივიდუალურად მორგებული კომპონენტებია დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი (სავალდებულო და არჩევითი), რომელიც ხელმძღვანელთან მუშაობისა და ინდივიდუალური კვლევის პარალელურად შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, კონკრეტული დარგის, ქვედარგის ან ინტერდისციპლინური პრობლემატიკის მიმართულებით (თემის სპეციფიკიდან გამომდინარე) დაამუშაოს ლიტერატურა, გაიღრმაოს ცოდნა და ამ ლიტერატურის და თეორიების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტულად მისი თემისთვის რელევანტური კონცეპტუალური აპარატი და მეთოდოლოგიური ჩარჩო. 

კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას (სამეცნიერო შეკითხვები, კამათი). კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს სტატიის სავალდებულო გამოქვეყნებას კვლევითი კომპონენტის შესრულებისათვის.

პროგრამა, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა და სადოქტორო კვლევაზე მუშაობის პროცესში, მუდმივად შეეძლოთ უკუკავშირის მიღება მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.

როგორ ჩავაბაროთ ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2024 წელს?

აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV
  • დიპლომების ასლები (ბაკალავრის და მაგისტრის)
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (თუკი გაქვთ) და ნებისმიერი სხვა სერტიფიკატი, რომელიც შესაძლოა რელევანტური იყოს თქვენი აპლიკაციისთვის (ეს დოკუმეტები უნდა ატვირთოთ მხოლოდ pdf ფორმატში)
  • პირადობის მოწმობის ასლი (pdf, png ან jpg)
  • ფოტოსურათი - png ან jpg

რჩევა აპლიკანტებს სადოქტორო სკოლისგან:

სამოტივაციო წერილი და კვლევის პროექტის აღწერა დოქტორანტის აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია, რომლიც მიღებულ აპლიკაციას განიხილავს, გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დოქტორანტის მოტივაციას სადოქტორო კვლევის წარმოებისთვის. ასევე იმას თუ რამდენად ჩამოყალიბებულია აპლიკანტი საკვლევ თემაზე, რამდენად ღირებული და/ან ინოვატორულია ეს თემა და რამდენად გაცნობიერებული აქვს რა სახის მიდგომას ან მეთოდოლოგიას გულისხმობს დასმული საკითხის გამოკვლევა.
კვლევის პროექტის აღწერაში აპლიკანტი უნდა ეცადოს თემა დაუკავშიროთ მეცნიერებაში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემატიკას, მოკლედ და გასაგებად დაასაბუთოს რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხზე ახალი კვლევის წარმოება და ცოდნის მოპოვება.

სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა არის საკვანძო სტრუქტურული ელემენტი, სადაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტეგრირება ხდება სასწავლო პროცესში.

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა აერთიანებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თეორიატევად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც მეტად ორიენტირებულია კვლევის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნაზე. ეს პროგრამებია:

  • სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა
  • სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად

რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის სადოქტორო, ბიოლოგიის სადოქტორო და ფიზიკის სადოქტორო პროგრამები ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამების მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფიზიკის მიმართულების და ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
  • ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების და ქიმიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის იდეა ეფუძნება ანგლოსაქსურ გამოცდილებას, რაც არ არის ტიპური საქართველოსათვის. მისი საქმიანობა კარგად ასახავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი მისიის სამ ძირითად პრინციპს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად: ინტერდისციპლინურობა, გამოყენებადობა, ინტერნაციონალურობა.

პროგრამების კურიკულუმები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ინდივიდუალური კვლევების ფარგლებში ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას. ეს მისწრაფება გულისხმობს:

  • კვლევისადმი ინდივიდუალიზებულ მიდგომას
  • ინტერდისციპლინურობასა და დისციპლინათა მიჯნაზე არსებულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებზე აქცენტს
  • საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებით ღირებული და უნიკალური ცოდნის შექმნას (და არა უბრალოდ არსებული პარადიგმების ტრანსლიტერაციას ლოკალურ კონტექსტებზე).

სადოქტორო პროგრამების სტრუქტურა განსაკუთრებით უწყობს ხელს ინტერდისციპლინური, ისევე როგორც მულტიდისციპლინური და დისციპლინათა მიჯნაზე არსებული კვლევების წარმოებას. ამ მიზანს ის რამდენიმე ინსტიტუციონალიზებული მექანიზმით ახორციელებს:

  • ინტერდისციპლინურ პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი კომისიებით
  • საერთაშორისო კოლაბორაციებით
  • კურიკულუმის მეთოდოლოგიური კონცეფციით

ინტერდისციპლინური და უნიკალური ცოდნის წარმოებისადმი მისწრაფება სადოქტორო პროგრამების ფუნქციონირების რამდენიმე ეტაპზე მჟღავნდება:

  • სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცედურის ფარგლებში, რომლის დროსაც დოქტორანტს მოეთხოვება ორიგინალურ კვლევაზე განაცხადის წარმოდგენა. ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სადოქტორო საბჭოს წევრების მიერ განაცხადის შეფასების საფუძველზე.
  • კურიკულუმის კვლევითი კომპონენტის განხორციელების ფარგლებში. კვლევის თითოეულ ეტაპზე (საშუალოდ, სემესტრში ორჯერ) დოქტორანტი შესრულებულ სამუშაოს წარუდგენს შესაბამის კომისიას, რომელიც კვლევით ნაშრომს/საქმიანობას აფასებს საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე მიღებული სტანდარტების საფუძველზე.
  • სადოქტორო კომისიები შეიძლება შედგებოდეს სადისერტაციო საბჭოსა და მოწვეული სპეციალისტებისაგან. სადოქტორო პროგრამაზე მიღებისა, თუ კვლევითი კომპონენტის შესრულების შემფასებელი სადოქტორო კომისიები ყველა ჯერზე კომპლექტდება ინტერდისციპლინური პრინციპის გათვალისწინებით.

წარმატების ისტორიები

დეკანი

Ნუცა Ბათიაშვილი

ნუცა ბათიაშვილი

პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი

n.batiashvili@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ლანა Გაბრიაძე

ლანა გაბრიაძე

სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კოორდინატორი

l.gabriadze@freeuni.edu.ge