GE

სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სამაგისტრო პროგრამის აღწერა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამას. უნივერსიტეტებს აქვთ უნიკალური რესურსი (მაღალკვალიფიციური პროფესორები, მატერიალური ბაზა, საერთაშორისო კავშირები), რომ ერთობლივი ძალებით მოამზადონ მაგისტრი ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში.

ერთობლივი რესურსებით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ქმნიან უნიკალურ გარემოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული კვლევითი და სასწავლო საქმიანობის წარმოებისთვის, ისევე როგორც ინტერდისციპლინური კვლევებისთვის. 

ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება სწავლის მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე გამოცდილებას, კერძოდ:

  • ინტერნაციონალიზაცია - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებში შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა არსებული წარმატებული მოდელები როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამ მოდელების საფუძველზე შემუშავდა პროგრამის კურიკულუმი, რომელიც ფოკუსირებულია სწავლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე და, შესაბამისად, არ არის გათვლილი დიდი რაოდენობით სტუდენტების მიღებაზე. პროგრამის აკადემიური პერსონალი შედგება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეცნიერებისაგან, რომელთაც აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება. ამავე დროს, ისინი ეწევიან აქტიურ სამეცნიერო თანამშრომლობას უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, რაც აღნიშნული პროგრამის წარმატების მყარი საფუძველია.
  • კვლევაზე ორიენტირებული პროგრამა - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სწავლებასა და კვლევაზე ორიენტირებული პროგრამაა, რაც ეხმიანება ევროპა 2020 სტრატეგიას უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის კუთხით. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების წარმოების შესაძლებლობის მიცემა მაგისტრანტებისათვის. პროგრამის შინაარსიც და სტრუქტურაც სწორედ ამ მიზნით არის განსაზღვრული და დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტის მიერ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეული კვლევითი პრობლემატიკის თანმიმდევრულ შესწავლას ხელმძღვანელების აქტიური დახმარებით.
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თბილისის თავისუფალ და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტებში დიდი ყურადღება ექცევა ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning-by-doing). სასწავლო ლაბორატორიები ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას ითვალისწინებს, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ლაბორატორიული მეცადინეობისას ინდივიდუალურად მუშაობის გზით. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე. თითოეულ სტუდენტს ლაბორატორიული მუშაობისას თავისი სამუშაო სივრცე და ყველა საჭირო ხელსაწყო აქვს.
  • ინდივიდუალური მიდგომა - ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას გააჩნია ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით შემუშავებული კურიკულუმი საგნების არჩევის ფართო შესაძლებლობით. პროგრამის კრედიტების ნახევარზე მეტი ეთმობა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომლებიც გათვლილია სტუდენტის ინდივიდუალურ ინტერესებზე. ინდივიდუალურ მიდგომაში იგულისხმება, რომ:

ა) თითოეული მაგისტრანტი სასწავლო მიზნის მისაღწევად და სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად, სასწავლო კურსების მიღმა ინტენსიურ სამუშაოს აწარმოებს ტუტორების ინსტრუქტაჟით, ხელმძღვანელის უშუალო მეთვალყურეობით და პროგრამაში ჩართული სხვა აკადემიური პერსონალის მუდმივი კონსულტაციების დახმარებით.

ბ) სავალდებულო სასწავლო კურსების გარდა, მაგისტრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა თავად შეადგინონ სასწავლო გეგმა (ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე) საკუთარი კვლევითი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ეხება როგორც არჩევით კურსებს, ისე არჩევით ლაბორატორიულ სამუშაოს (ბიოლოგია-ქიმიის შემთხვევაში).

ასეთი ინდივიდუალიზებული მიდგომა გულისხმობს, რომ თითოეული მაგისტრანტის სასწავლო და კვლევით სამუშაოში რამდენიმე აკადემიური პერსონალი მუდმივად არის ჩართული.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიმართულების გათვალისწინებით კურსდამთავრებულს ენიჭება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი კვალიფიკაცია:

  • ფიზიკის მაგისტრი
  • ქიმიის მაგისტრი
  • ბიოლოგიის მაგისტრი

რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა არის ინტერდისციპლინური და ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამის მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:

  • ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
  • ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
  • ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი

სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.

კურიკულუმი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული 120 კრედიტი, რომელიც გადანაწილებულია შემდეგ ოთხ კომპონენტებზე:

  • საერთო სავალდებულო კომპონენტი
  • სპეციალობის სავალდებულო კომპონენტი
  • კვლევითი კომპონენტი
  • სამაგისტრო ნაშრომი

საერთო სავალდებულო კომპონენტი მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ სფეროში დახელოვნებას.

სპეციალობის სავალდებულო კომპონენტი მოიცავს სამ სავალდებულო მოდულს. თითოეულ მოდულს აქვს 10 კრედიტი. აქედან 5 კრედიტი ეთმობა ინტენსიურ ტუტორიალებს და ტუტორიალების ფარგლებში წარმოებულ დამოუკიდებელ სამუშაოს მოდულის ტუტორის ხელმძღვანელობით, ხოლო დანარჩენი 5 კრედიტი სტუდენტმა უნდა შეასრულოს არჩევითი კურსის ფარგლებში. შესაბამისად, თითოეული მოდული გულისხმობს მრავალკომპონენტიან სამუშაოს, რომელსაც მაგისტრანტი აწარმოებს მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის და/ან მოდულის ტუტორის ინსტრუქტაჟით.

კვლევითი კომპონენტი შეიძლება დავყოთ ორი მიმართულებით:

  • ქიმიისა და ბიოლოგიის კვლევითი კომპონენტი გულისხმობს სამ არჩევით ლაბორატორიულ როტაციას, ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკას და სამაგისტრო სემინარი 2-ს. ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკის ფარგლებში მაგისტრანტები გაივლიან პრაქტიკას სასწავლო და სამეცნიერო ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიებში, სადაც ისინი აითვისებენ ამ პროფილის ლაბორატორიებში მუშაობის ყოველდღიურ, რუტინულ მეთოდებს, დახვეწენ ხელით მუშაობის ტექნიკას. სამაგისტრო სემინარი 2: კვლევითი პრობლემის  ანალიზის ფარგლებში მაგისტრანტი თავისი სამომავლო კვლევითი პროექტის  თემატიკის ირგვლივ დაამუშავებს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, რეგულარულად მოამზადებს სადისკუსიო მასალას ხელმძღვანელთან ერთად გასარჩევად და კურსის ბოლოს მოამზადებს ლიტერატურულ მიმოხილვას წერითი ნაშრომის ფორმით. კვლევითი ლაბორატორიული როტაციის ფარგლებში მაგისტრანტი დაესწრება ლაბორატორიულ სემინარებს, შეისწავლის კონკრეტული ლაბორატორიისათვის სპეციფიურ კვლევის მეთოდებს, ლაბორატორიაში მუშაობის წესებს და ჩაატარებს კვლევით ექსპერიმენტებს. ექსპერიმენტული სამუშაოების დასრულების შემდეგ მაგისტრი გააკეთებს მის მიერ მიღებული შედეგების პრეზენტაციას.
  • ფიზიკის კვლევითი კომპონენტი მოიცავს შემდეგს:

სამაგისტრო სემინარი, კვლევის მომზადება I და კვლევის მომზადება II. სამივე კომპონენტი გულისხმობს სამაგისტრო ნაშრომისთვის აუცილებელი პრაქტიკული და/ან თეორიული სამუშაოს წარმოებას. თითოეულ ეტაპზე მაგისტრანტი სამუშაოს აწარმოებს ხელმძღვანელის მეთვალყურეობით და მასთან შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე.

სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს მაგისტრანტის მიერ დამოუკიდებელი კვლევის შედეგად შესრულებულ აკადემიურ ნაშრომს. სამაგისტრო ნაშრომი სრულდება სამაგისტრო პროგრამის დასკვნით ეტაპზე, რომელშიც მაგისტრანტი ახდენს მიღებული თეორიული ცოდნის, აზროვნების უნარებისა და აკადემიური/საველე კვლევის შედეგების და ტექნიკის სინთეზს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა და მისი წარმატებით დასრულება, მაგისტრანტს ამზადებს, როგორც   კვლევითი სამუშაოს  შემდგომი გაგრძელებისთვის, აკადემიური განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურა), ისე პრაქტიკული დანიშნულების მქონე კვლევების შესრულებისთვის. 

როგორ ჩავაბაროთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე 2024 წელს?

2024-2025 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 5 მაგისტრანტი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 5 სექტემბრის ჩათვლით
  • გასაუბრება თავისუფალ/აგრარულ უნივერსიტეტში.

სწავლის საფასური

სამაგისტრო პროგრამის სემესტრული გადასახადი შეადგენს 2 475 ლარი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად - ოთხი თანაბარი გადახდით.

საუკეთესო და წარმატებულ მაგისტრანტებს პროგრამა დაფინანსების სქემას სთავაზობს: სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ან გახდნენ უნივერსიტეტის პროფესორების ასისტენტები და დაიფინანსონ სწავლა.

სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა არის საკვანძო სტრუქტურული ელემენტი, სადაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტეგრირება ხდება სასწავლო პროცესში.

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა აერთიანებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თეორიატევად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც მეტად ორიენტირებულია კვლევის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნაზე. ეს პროგრამებია:

  • სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა
  • სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად

რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის სადოქტორო, ბიოლოგიის სადოქტორო და ფიზიკის სადოქტორო პროგრამები ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამების მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფიზიკის მიმართულების და ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
  • ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების და ქიმიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის იდეა ეფუძნება ანგლოსაქსურ გამოცდილებას, რაც არ არის ტიპური საქართველოსათვის. მისი საქმიანობა კარგად ასახავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი მისიის სამ ძირითად პრინციპს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად: ინტერდისციპლინურობა, გამოყენებადობა, ინტერნაციონალურობა.

პროგრამების კურიკულუმები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ინდივიდუალური კვლევების ფარგლებში ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას. ეს მისწრაფება გულისხმობს:

  • კვლევისადმი ინდივიდუალიზებულ მიდგომას
  • ინტერდისციპლინურობასა და დისციპლინათა მიჯნაზე არსებულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებზე აქცენტს
  • საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებით ღირებული და უნიკალური ცოდნის შექმნას (და არა უბრალოდ არსებული პარადიგმების ტრანსლიტერაციას ლოკალურ კონტექსტებზე).

სადოქტორო პროგრამების სტრუქტურა განსაკუთრებით უწყობს ხელს ინტერდისციპლინური, ისევე როგორც მულტიდისციპლინური და დისციპლინათა მიჯნაზე არსებული კვლევების წარმოებას. ამ მიზანს ის რამდენიმე ინსტიტუციონალიზებული მექანიზმით ახორციელებს:

  • ინტერდისციპლინურ პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი კომისიებით
  • საერთაშორისო კოლაბორაციებით
  • კურიკულუმის მეთოდოლოგიური კონცეფციით

ინტერდისციპლინური და უნიკალური ცოდნის წარმოებისადმი მისწრაფება სადოქტორო პროგრამების ფუნქციონირების რამდენიმე ეტაპზე მჟღავნდება:

  • სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცედურის ფარგლებში, რომლის დროსაც დოქტორანტს მოეთხოვება ორიგინალურ კვლევაზე განაცხადის წარმოდგენა. ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სადოქტორო საბჭოს წევრების მიერ განაცხადის შეფასების საფუძველზე.
  • კურიკულუმის კვლევითი კომპონენტის განხორციელების ფარგლებში. კვლევის თითოეულ ეტაპზე (საშუალოდ, სემესტრში ორჯერ) დოქტორანტი შესრულებულ სამუშაოს წარუდგენს შესაბამის კომისიას, რომელიც კვლევით ნაშრომს/საქმიანობას აფასებს საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე მიღებული სტანდარტების საფუძველზე.
  • სადოქტორო კომისიები შეიძლება შედგებოდეს სადისერტაციო საბჭოსა და მოწვეული სპეციალისტებისაგან. სადოქტორო პროგრამაზე მიღებისა, თუ კვლევითი კომპონენტის შესრულების შემფასებელი სადოქტორო კომისიები ყველა ჯერზე კომპლექტდება ინტერდისციპლინური პრინციპის გათვალისწინებით.

წარმატების ისტორიები

დეკანი

Ნუცა Ბათიაშვილი

ნუცა ბათიაშვილი

პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი

n.batiashvili@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ლანა Გაბრიაძე

ლანა გაბრიაძე

სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კოორდინატორი

l.gabriadze@freeuni.edu.ge