GE

სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის აღწერა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის (MSS) მიზანია, მაგისტრანტებს მისცეს პრობლემაზე ორიენტირებული, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების წარმოების შესაძლებლობა. პროგრამის შინაარსიც და სტრუქტურაც სწორედ ამ მიზნით არის განსაზღვრული და დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტის მიერ მისი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეული კვლევითი პრობლემატიკის თანმიმდევრულ შესწავლას ტუტორებისა და ხელმძღვანელების აქტიური დახმარებით.

პროგრამის კურიკულუმის ფართო დისციპლინური მიდგომისა და თემატიკის მრავალფეროვნების პარალელურად, სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას გააჩნია გარკვეული ფართო თემატური ორიენტირები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ეძლევათ ფოკუსირებული კვლევითი პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობა ვიწრო თემატური სპეციალიზაციით. ეს თემატური ორიენტირები მოიცავს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების ანალიზს, ასევე მათ განხილვას რეგიონული კულტურის კვლევების ისეთი კონცეპტების ჭრილში, როგორიცაა ნაციონალიზმი, იდენტობა, მეხსიერების პოლიტიკა, რელიგია და პოლიტიკა, ეთნიკური კონფლიქტები, სოციალური კონფლიქტები, სოციალურ-კულტურული ტრანსფორმაცია და სხვა.

პროგრამის მიზანია ამ ტიპის კვლევების ხელშეწყობა სინთეზური ინტერდისციპლინური კვლევითი მეთოდოლოგიური აპარატის გამოყენებით სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების ეპისტემოლოგიური ტრადიციების საფუძველზე.

კვლევითი ინტერესების სრულად რეალიზაციისა და კარიერული წინსვლისათვის, მაგისტრანტებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, სამაგისტრო პროგრამის ძირითადი კურიკულუმის მიღმა მიიღონ ექსტრაკურიკურული განათლება და შეისწავლონ შემდეგი უცხო ენებიდან ერთ-ერთი: არაბული, სპარსული, ჩინური, თურქული, იაპონური, გერმანული, ფრანგული, ესპანური. 

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.

კურიკულუმი

სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული 125 კრედიტი, რომელიც გადანაწილებულია შემდეგ კომპონენტებზე:

  • საერთო სავალდებულო კომპონენტი - საერთო სავალდებულო კომპონენტი სასწავლო კურსების მეშვეობით მაგისტრანტი შეისწავლის აკადემიური/სამეცნიერო წერის ხელოვნებას, მიიღებს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის განხორციელებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, შეძლებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფუნდამენტურ და უახლესი კონცეპტუალური მიდგომების ჭრილში საკვლევი საკითხის დასმას და შეისწავლის სამაგისტრო ნაშრომის მომზადების მეთოდოლოგიას.
  • სპეციალობის სავალდებულო კომპონენტი - ეს კომპონენტი მოიცავს სამ სავალდებულო მოდულს. მოდული გულისხმობს მრავალკომპონენტიან, კომპლექსურ სამუშაოს და შედგება ორი აუცილებელი ნაწილისგან:
    ა) ტუტორიალებისგან, რომელიც მოდულის მთავარი და პრინციპული კომპონენტია. მოდულის ტუტორიალის ფარგლებში მაგისტრანტი გადის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებს მოდულის ხელმძღვანელთან (ტუტორთან). 
    ბ) არჩევითი საგნისგან, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს სამივე ეტაპზე, ტუტორის და/ან ხელმძღვანელის ინსტრუქციით, მისთვის საინტერესო და მისი საკვლევი საკითხისთვის რელევანტური ცოდნა მიიღოს.
  • კვლევითი კომპონენტი - ვინაიდან პროგრამის ერთ-ერთი მიზანი ინდივიდუალური კვლევების ხელშეწყობაა, კურიკულუმის დიდი ნაწილი ეთმობა ინდივიდუალურ მუშაობას, რომელსაც სტუდენტი აწარმოებს სამეცნიერო ხელმძღვანელის ინსტრუქტაჟით და პროგრამაში ჩართული სხვა აკადემიური პერსონალის დახმარებით.
  • სამაგისტრო ნაშრომი - სამაგისტრო ნაშრომი სრულდება სამაგისტრო პროგრამის დასკვნით ეტაპზე, რომელშიც მაგისტრანტი ახდენს მიღებული თეორიული ცოდნის, აზროვნების უნარებისა და აკადემიური/საველე კვლევის შედეგების და ტექნიკის სინთეზს და წარმოადგენს მაგისტრანტის მიერ დამოუკიდებელი კვლევის შედეგად შესრულებულ აკადემიურ ნაშრომს.

როგორ ჩავაბაროთ სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე 2024 წელს?

2024-2025 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 10 მაგისტრანტი. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე

რჩევა სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებისგან:

სამაგისტრო კანდიდატის განაცხადი სტუდენტის აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია ამ წერილის საფუძველზე შეარჩევს აპლიკანტებს მეორე ეტაპისთვის (გასაუბრება).

სტუდენტმა თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად უნდა ჩამოაყალიბოს მიმართულების/დარგის არჩევის მოტივები, როგორ და რატომ ჩამოუყალიბდა პროფესიული ინტერესები და რა გეგმები აქვს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. განაცხადი უნდა იყოს მინიმუმ 700 და მაქსიმუმ 1500 სიტყვის მოცულობის.

შერჩევის კრიტერიუმები

კომისია აპლიკანტების განაცხადს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

1. სიცხადე და ლოგიკურობა

2. საკუთარი მოტივის/შეხედულების არგუმენტირებულად გადმოცემა

3. აზრის გამართულად გადმოცემა

4. აზრის დამაჯერებლად გადმოცემა

სწავლის საფასური

სამაგისტრო პროგრამის სემესტრული გადასახადი შეადგენს 987.5*3 (ცვალებადი) = 2962.5 ლარი. 

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად - ოთხი თანაბარი გადახდით. 

სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა არის საკვანძო სტრუქტურული ელემენტი, სადაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტეგრირება ხდება სასწავლო პროცესში.

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა აერთიანებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თეორიატევად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც მეტად ორიენტირებულია კვლევის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნაზე. ეს პროგრამებია:

  • სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა
  • სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
  • ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად

რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის სადოქტორო, ბიოლოგიის სადოქტორო და ფიზიკის სადოქტორო პროგრამები ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამების მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფიზიკის მიმართულების და ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
  • ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების და ქიმიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის იდეა ეფუძნება ანგლოსაქსურ გამოცდილებას, რაც არ არის ტიპური საქართველოსათვის. მისი საქმიანობა კარგად ასახავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი მისიის სამ ძირითად პრინციპს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად: ინტერდისციპლინურობა, გამოყენებადობა, ინტერნაციონალურობა.

პროგრამების კურიკულუმები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ინდივიდუალური კვლევების ფარგლებში ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას. ეს მისწრაფება გულისხმობს:

  • კვლევისადმი ინდივიდუალიზებულ მიდგომას
  • ინტერდისციპლინურობასა და დისციპლინათა მიჯნაზე არსებულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებზე აქცენტს
  • საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებით ღირებული და უნიკალური ცოდნის შექმნას (და არა უბრალოდ არსებული პარადიგმების ტრანსლიტერაციას ლოკალურ კონტექსტებზე).

სადოქტორო პროგრამების სტრუქტურა განსაკუთრებით უწყობს ხელს ინტერდისციპლინური, ისევე როგორც მულტიდისციპლინური და დისციპლინათა მიჯნაზე არსებული კვლევების წარმოებას. ამ მიზანს ის რამდენიმე ინსტიტუციონალიზებული მექანიზმით ახორციელებს:

  • ინტერდისციპლინურ პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი კომისიებით
  • საერთაშორისო კოლაბორაციებით
  • კურიკულუმის მეთოდოლოგიური კონცეფციით

ინტერდისციპლინური და უნიკალური ცოდნის წარმოებისადმი მისწრაფება სადოქტორო პროგრამების ფუნქციონირების რამდენიმე ეტაპზე მჟღავნდება:

  • სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცედურის ფარგლებში, რომლის დროსაც დოქტორანტს მოეთხოვება ორიგინალურ კვლევაზე განაცხადის წარმოდგენა. ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სადოქტორო საბჭოს წევრების მიერ განაცხადის შეფასების საფუძველზე.
  • კურიკულუმის კვლევითი კომპონენტის განხორციელების ფარგლებში. კვლევის თითოეულ ეტაპზე (საშუალოდ, სემესტრში ორჯერ) დოქტორანტი შესრულებულ სამუშაოს წარუდგენს შესაბამის კომისიას, რომელიც კვლევით ნაშრომს/საქმიანობას აფასებს საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე მიღებული სტანდარტების საფუძველზე.
  • სადოქტორო კომისიები შეიძლება შედგებოდეს სადისერტაციო საბჭოსა და მოწვეული სპეციალისტებისაგან. სადოქტორო პროგრამაზე მიღებისა, თუ კვლევითი კომპონენტის შესრულების შემფასებელი სადოქტორო კომისიები ყველა ჯერზე კომპლექტდება ინტერდისციპლინური პრინციპის გათვალისწინებით.

წარმატების ისტორიები

დეკანი

Ნუცა Ბათიაშვილი

ნუცა ბათიაშვილი

პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი

n.batiashvili@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ლანა Გაბრიაძე

ლანა გაბრიაძე

სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კოორდინატორი

l.gabriadze@freeuni.edu.ge