სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის აღწერა
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ინტერდისციპლინურ პრინციპებზე დაფუძნებული პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორიცაა სოციოლოგია, ანთროპოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები. ამ ინტერდისციპლინური პრიზმიდან ის იძლევა პრობლემაზე ორიენტირებული და თემატურად ფოკუსირებული სწავლის შესაძლებლობას. პროგრამაზე სწავლის პრინციპი ეყრდნობა ინდივიდუალიზებულ, სტუდენტის ინტერესებზე მორგებულ მეთოდოლოგიას. ეს გულისხმობს როგორც ინდივიდუალურ ტუტორიალებს, ასევე არჩევითი კურსებისა და მოდულების მრავალფეროვნებას, რომლებიც კონცენტრირებულია სოციალურ მეცნიერებებში არსებული თანამედროვე პრობლემატიკის გააზრებასა და გაანალიზებაზე სხვადასხვა თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების საშუალებით.
სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მიზანია, სტუდენტმა ფართო ინტერდისციპლინურ ჭრილში გაიაზროს თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში არსებული პრობლემატიკა, როგორც თეორიული ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. ამავე დროს, კურსებისა და ტუტორიალების ნაწილი შესაძლებლობას აძლევს მას, საკუთარი ინტერესების მიხედვით მოახდინოს კონკრეტულ თემატიკასა თუ გეოგრაფიულ არეალზე კონცენტრირება. სხვადასხვა მეთოდოლოგიური, თეორიული თუ პრაქტიკული კურსების მიზნებია, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო ტექსტის და მონაცემების კრიტიკულად აღქმის, ანალიზისა და უახლესი კონცეპტუალური მიდგომებით საკვლევი საკითხის დასმის უნარების გამომუშავება. პროგრამა კურსდამთავრებულებს ამზადებს როგორც აკადემიური საქმიანობისთვის, ისე პროფესიული კარიერისთვის საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების მაგისტრი.
კურიკულუმი
სოციალური მეცნიერებების მაგისტრის კვალიფიკაციის მისაღებად, პროგრამის პირველი ნაწილის კურიკულუმით გათვალისწინებულია 65 კრედიტი.
- საერთო სავალდებულო კომპონენტი - საერთო სავალდებულო კომპონენტი სასწავლო კურსების მეშვეობით მაგისტრანტი შეისწავლის აკადემიური/სამეცნიერო წერის ხელოვნებას, მიიღებს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის განხორციელებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, შეძლებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფუნდამენტურ და უახლესი კონცეპტუალური მიდგომების ჭრილში საკვლევი საკითხის დასმას.
- სპეციალობის სავალდებულო კომპონენტი - ეს კომპონენტი მოიცავს ორ სავალდებულო მოდულს. მოდული გულისხმობს მრავალკომპონენტიან, კომპლექსურ სამუშაოს და შედგება ორი აუცილებელი ნაწილისგან:
ა) ტუტორიალებისგან, რომელიც მოდულის მთავარი და პრინციპული კომპონენტია. მოდულის ტუტორიალის ფარგლებში მაგისტრანტი გადის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებს მოდულის ხელმძღვანელთან (ტუტორთან).
ბ) არჩევითი საგნისგან, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს სამივე ეტაპზე, ტუტორის და/ან ხელმძღვანელის ინსტრუქციით, მისთვის საინტერესო და მისი საკვლევი საკითხისთვის რელევანტური ცოდნა მიიღოს.
როგორ ჩავაბაროთ სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე 2026 წელს?
2026-2027 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 10 მაგისტრანტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:
- საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე
რჩევა სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებისგან:
სამაგისტრო კანდიდატის განაცხადი სტუდენტის აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია ამ წერილის საფუძველზე შეარჩევს აპლიკანტებს მეორე ეტაპისთვის (გასაუბრება).
სტუდენტმა თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად უნდა ჩამოაყალიბოს მიმართულების/დარგის არჩევის მოტივები, როგორ და რატომ ჩამოუყალიბდა პროფესიული ინტერესები და რა გეგმები აქვს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. განაცხადი უნდა იყოს მინიმუმ 500 და მაქსიმუმ 1000 სიტყვის მოცულობის.
შერჩევის კრიტერიუმები
კომისია აპლიკანტების განაცხადს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
1. სიცხადე და ლოგიკურობა
2. საკუთარი მოტივის/შეხედულების არგუმენტირებულად გადმოცემა
3. აზრის გამართულად გადმოცემა
4. აზრის დამაჯერებლად გადმოცემა
სწავლის საფასური
სამაგისტრო პროგრამის სემესტრული გადასახადი შეადგენს 987.5*3 (ცვალებადი) = 2962.5 ლარი.
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად - ორი თანაბარი გადახდით.
სკოლის შესახებ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა არის საკვანძო სტრუქტურული ელემენტი, სადაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტეგრირება ხდება სასწავლო პროცესში.
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა აერთიანებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თეორიატევად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც მეტად ორიენტირებულია კვლევის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნაზე. ეს პროგრამებია:
- სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა
- სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად
რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის სადოქტორო, ბიოლოგიის სადოქტორო და ფიზიკის სადოქტორო პროგრამები ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამების მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფიზიკის მიმართულების და ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
- ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების და ქიმიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის იდეა ეფუძნება ანგლოსაქსურ გამოცდილებას, რაც არ არის ტიპური საქართველოსათვის. მისი საქმიანობა კარგად ასახავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი მისიის სამ ძირითად პრინციპს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად: ინტერდისციპლინურობა, გამოყენებადობა, ინტერნაციონალურობა.
პროგრამების კურიკულუმები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ინდივიდუალური კვლევების ფარგლებში ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას. ეს მისწრაფება გულისხმობს:
- კვლევისადმი ინდივიდუალიზებულ მიდგომას
- ინტერდისციპლინურობასა და დისციპლინათა მიჯნაზე არსებულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებზე აქცენტს
- საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებით ღირებული და უნიკალური ცოდნის შექმნას (და არა უბრალოდ არსებული პარადიგმების ტრანსლიტერაციას ლოკალურ კონტექსტებზე).
სადოქტორო პროგრამების სტრუქტურა განსაკუთრებით უწყობს ხელს ინტერდისციპლინური, ისევე როგორც მულტიდისციპლინური და დისციპლინათა მიჯნაზე არსებული კვლევების წარმოებას. ამ მიზანს ის რამდენიმე ინსტიტუციონალიზებული მექანიზმით ახორციელებს:
- ინტერდისციპლინურ პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი კომისიებით
- საერთაშორისო კოლაბორაციებით
- კურიკულუმის მეთოდოლოგიური კონცეფციით
ინტერდისციპლინური და უნიკალური ცოდნის წარმოებისადმი მისწრაფება სადოქტორო პროგრამების ფუნქციონირების რამდენიმე ეტაპზე მჟღავნდება:
- სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცედურის ფარგლებში, რომლის დროსაც დოქტორანტს მოეთხოვება ორიგინალურ კვლევაზე განაცხადის წარმოდგენა. ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სადოქტორო საბჭოს წევრების მიერ განაცხადის შეფასების საფუძველზე.
- კურიკულუმის კვლევითი კომპონენტის განხორციელების ფარგლებში. კვლევის თითოეულ ეტაპზე (საშუალოდ, სემესტრში ორჯერ) დოქტორანტი შესრულებულ სამუშაოს წარუდგენს შესაბამის კომისიას, რომელიც კვლევით ნაშრომს/საქმიანობას აფასებს საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე მიღებული სტანდარტების საფუძველზე.
- სადოქტორო კომისიები შეიძლება შედგებოდეს სადისერტაციო საბჭოსა და მოწვეული სპეციალისტებისაგან. სადოქტორო პროგრამაზე მიღებისა, თუ კვლევითი კომპონენტის შესრულების შემფასებელი სადოქტორო კომისიები ყველა ჯერზე კომპლექტდება ინტერდისციპლინური პრინციპის გათვალისწინებით.
დეკანი
ნუცა ბათიაშვილი
პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი
კოორდინატორი