GE

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეული დასრულდა

10 დეკემბერი 2014

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სამართლის სტუდენტური კვირეული სტუდენტური აქციით და 2014 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტების დაჯილდოების ცერემონიით დაასრულდა.

სტუდენტური აქცია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოსახლეობას საინფორმაციო ლიფლეტები დაურიგეს. 2 საათზე სტუდენტები საქართველოს პარლამენტთან ქალთა მოძრაობას შეუერთდნენ და პეტიცია ერთობლივად შეიტანეს.

ადმიანის უფლებების სამართლის კვირეულის ფარგლებში, ექვსმა უნივერსიტეტმა ერთობლივად შეარჩია და დააჯილდოვა 2014 წლის ადამიანის უფლებათა ორი აქტივისტი. ეს ჯილდო წელს ვახუშტი მენაბდემ (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) და ნინო ლომჯარიამ (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) მიიღეს. ღონისძიებას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა.

უნივერსიტეტების სახელით, გამარჯვებულებს ჯილდოები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ნათია ხანთაძემ გადასცა. ასევე, გამარჯვებულები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლოს გამოცემებით დაასაჩუქრა. 

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეული 1-10 დეკემბერს ექვსი უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველად ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექციები და დისკუსიები ადამიანის უფლებათა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ორგანიზატორები:
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის პარტნიორები:
USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP);
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში;
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ);
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.