GE

5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეული გაიხსნა

06 დეკემბერი 2016

5 დეკემბერს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალმა ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნას უმასპინძლა.

კვირეული გახსნეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, ნათია ხანთაძემ, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ხელმძღვანელმა, ვლადიმერ შკოლნიკოვმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა/ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრმა, ქეთევან ერემაძემ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კონსტანტინე ვარძელაშვილმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დეკანმა, ანა ფირცხალაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, დავით ზედელაშვილმა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.

მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების აქტების კონსტიტუციურობის კონტროლისა და საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის რეტროაქტიული ეფექტის მინიჭების კონსტიტუციურობა" მოისმინა.

მოხსენებების დასასრულს, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სფეროთი დაინტერესებულ პირებს, დისკუსიის ფორმატიდან გამომდინარე, კითხვების დასმისა და მსჯელობის საშუალება მიეცათ.

კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

კვირეულის მხარდამჭერები არიან USAID-ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამა (EWMI- PROLoG ), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).