GE

ადამიანი და სამართალი - კონკურსში გამარჯვებულები გამოვლიდნენ

11 აპრილი 2016

აბიტურიენტთა კონკურსის „ადამიანი და სამართალის“ ნახევარფინალი და ფინალი 9 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. შეჯიბრის ნახევარფინალში საუკეთესო შედეგების მქონე ოთხმა გუნდმა მიიღო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, ხოლო ფინალში ერთმანეთს ორი გუნდი დაუპირისპირდა.

საბოლოოდ გამარჯვება მე-4 გუნდმა მოიპოვა, რომელიც ფინალში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა. კონკურსში გამარჯვებული აბიტურიენტები არიან: თაკო ბიბიაშვილი, თათია ბაკურია, ლაშა მაჭავარიანი, მარი ბაზაძე, ოთარ ქაჯაია. გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ანა ჭაია იყო. 

მას შემდეგ, რაც გამარჯვებული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, ისინი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.

ასევე დაჯილდოვდნენ მეორე ადგილზე გასული ფინალისტები: ლაშა გოგებაშვილი, ლიზა ანასაშვილი, თათია ნიკვაშვილი და მარიამ ხურცილავა. მათ თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო გრანტი გადაეცათ.
შეჯიბრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ. შეჯიბრის ბოლო ეტაპზე, იმიტირებულ პროცესებში სულ 40-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ კონკურსში დარეგისტრირების შემდეგ წარმატებით გაიარეს გასაუბრება, ხოლო შემდეგ - შესაბამისი ტრენინგი.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მესამე წელია აბიტურიენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს ატარებს, წინა წლების კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალვრო პროგრამაზე წარმატებით სწავლობენ.