GE

ადამიანის უფლებათა და ბიზნესის სამართალი

19 ოქტომბერი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იწყებს მსმენელთა მიღებას ინოვაციურ სასერტიფიკატო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა და ბიზნესის სამართლის მიმართულებით.

პროგრამის მიზანი

ინოვაციური პროგრამები ადამიანის უფლებათა და ბიზნესის სამართალში სტუდენტებს საშუალებას აძლევს გასცდნენ საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტული კურსების ფორმატს და ჩაერთონ ადამიანის უფლებათა და ბიზნესის სამართლის პრობლემური საკითხების შესახებ ცოცხალ დისკუსიებში, შეხვდნენ ქართველ და უცხოელ პროფესორებს, გაეცნონ სიახლეებს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკიდან და შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა აქტუალური საკითხების შესახებ.

სასერტიფიკატო პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს პროფესიული თვალსაწიერის გაღრმავებაში, პრაქტიკული პრობლემების შესახებ ცოდნის შეძენასა და მომავალ კოლეგებთან პირველი პროფესიული კონტაქტის დამყარებაში.   

კურსის აღწერა და ხანგრძლივობა:

სასერტიფიკატო პროგრამა შედგება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორების, მოწვეული ლექტორებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულარული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო კურსებისაგან. სასერტიფიკატო პროგრამა დაყოფილია სავალდებულო და არჩევით კომპონენტებად, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ სერთიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობაა 9 თვე  (ნოემბერი 2014 - ივლისი 2015).

პროგრამები მოიცავს შემდეგ სავალდებულო კომპონენტებს:  ზამთრის ან/და ზაფხულის სკოლები, პროფესიული ტრენინგები და სემინარები, კონფერენციები და სიმპოზიუმები, საჯარო ლექციები, საპანელო დისკუსიები, კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენის პროექტი.

არჩევითი კურსებიიმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი, აკადემიური სტატიების კონკურსი და სხვა.

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

პროგრამის ღირებულება:

სასერტიფიკატო პროგრამის საფასურია 500 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა ხდება მოქნილი და ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საუკეთესო მონაწილეებს ასევე სთავაზობს სტიპენდიებს (სტიპენდიის მსურველებთან მოხდება დამატებით გასაუბრება).  

შერჩევის კრიტერიუმები:

სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს ან/და მაგისტრატურის სტუდენტებს სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

სასერტიფიკატო პროგრამაზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ თავიანთი CV და ნიშნების ფურცელი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე n.balanchivadze@freeuni.edu.ge  2014 წლის 27 ოქტომბრამდე. გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ „ინოვაციური პროგრამები“.