GE

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებული სიახლეები

15 სექტემბერი 2015

14 სექტემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებული სიახლეები" გაიმართა. საჯარო ლექციის მომხსენებლები მიდლესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამართლის პროფესორი, ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის (EHRAC) დირექტორი - ფილიპ ლიჩი და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადამიანის უფლებათა ეროვნული ოფიცერი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ადამიანის უფლებათა სამართალში - ბესარიონ ბოხაშვილი იყვნენ.

საჯარო ლექციაზე მომხსენებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებულ სიახლეებზე და საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.

პროფ. ფილიპ ლიჩმა ისაუბრა ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელსაც სასამართლო აწყდება დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ ზოგადი ღონისძიებების განხორციელების ან/და ინდივიდუალური ზომების მიღებასთან დაკავშირებით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა არადამაკმაყოფილებელი აღსრულების შემთხვევაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის უფლებამოსილებასა და შესაძლებლობებზე. ფილიპ ლიჩმა ის შესაძლებლობებიც მიმოიხილა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ სამართლის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ქვეყნის შიგნით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი განხორციელოს და შეფასება მინისტრთა კომიტეტს ანგარიშის სახით წარუდგინოს.

ბესარიონ ბოხაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ ისეთ გადაწყვეტილებზე ისაუბრა, როგორიცაა ბეღელური საქართველოს წინააღმდეგ, გოგიტიძე საქართველოს წინააღმდეგ, ნაცვლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ და სხვ.

საჯარო ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ადვოკატები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) თანამშრომლობით გაიმართა.