GE

ადამიანის უფლებათა კვირეული დასრულდა

11 დეკემბერი 2016

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს უზენაესს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული დაიხურა.

საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზატორმა უნივერსიტეტების სამართლის სკოლების წარმომადგენლებმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოადგილემ, მზია თოდუამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აკადემიის როლზე ისაუბრეს.

უნივერსიტეტებმა ტრადიციულად გამოავლინეს წლის ადამიანის უფლებათა დამცველი. 2016 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი მუშაობისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი ქეთევან ერემაძე დაჯილდოვდა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 5-10 დეკემბერს მიმდინარეობდა. კვირეულის ფარგლებში ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციები, დისკუსიები და ოლიმპიადები ჩატარდა.

კვირეული ყოველწლიურად, დეკემბრის თვეში ხორციელდება. მისი მიზანი, უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით, ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცებაა.

კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის, სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

კვირეულის მხარდაჭერისთვის ორგანიზატორები მადლობას უხდიან USAID-ის დაფინანსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამას „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG); გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს სამხრეთ კავკასიაში (OHCHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).