GE

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული პროცესის შეჯიბრზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა

01 მარტი 2016

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრზე სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია დასრულდა. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანია საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის" მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. კანონის აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თანამდებობრივ შეზღუდვებს ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებისთვის.

საკუთარი პოზიციების მომზადებისა და მსჯელობისას სტუდენტები გამოიყენებენ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების პრაქტიკას.

მონაწილე გუნდებს თავისუფალ უნივერსიტეტში ტრენინგი ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი წერილობით განაცხადებს წარმოადგენენ. წერილობითი ნამუშევრების შეფასების საფუძველზე, ზეპირ რაუნდებში მონაწილეობას საუკეთესო შეფასებების მქონე რვა გუნდი მიიღებს.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი საქართველოს 12 უნივერსიტეტის 53-მა გუნდმა გამოთქვა, რომლის წევრთა რაოდენობა 180 სტუდენტს აჭარბებს.

შეჯიბრის ორგანიზატორითბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტია.

შეჯიბრის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან:

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG)

სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში;

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

იხ. შეჯიბრის წესები

იხ. სარეგისტრაციო ფორმა 

იხ. საქმის მოკლე აღწერა