GE

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

21 დეკემბერი 2018

3-10 დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს 10 უნივერსიტეტთან, მათ შორის, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად გამართა ადამიანის უფლებების კვირეული.

3 დეკემბერს Rooms Hotel-ში გაიმართა ადამიანის უფლებების კვირეულის გახსნის ღონისძიება. ორგანიზატორი უნივერსიტეტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გახსნეს ღონისძიება და სტუმრებს კვირეულის განრიგი წარუდგინეს. გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია "განათლება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შშმ პირების უფლებები: მიღწევები და გამოწვევები". დისკუსიის მიმდინარეობისას 4 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა ისაუბრეს მათ ყოველდღიურ სირთულეებსა და განათლების მიღების პროცესში წარმოშობილ პრობლემებზე. ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ და ანა აბაშიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა,  ისაუბრეს შშმ პირების უფლებების დაცვისას წარმოშობილ სამართლებრივ პრობლემებზე. დისკუსიის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართა აუდიტორიასა და მომხსენებლებს შორის.

4 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია "პირადი თავისუფლება და ავტონომია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო
სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულებაში". პრეზენტაციის ფარგლებში  წიგნის ავტორებმა - ეკატერინე ლომთათიძემ, ნათია ხანთაძემ და დავით ზედელაშვილმა მიმოიხილეს კვლევის ზოგადი მიზნები, გამოკვეთეს პრობლემები და კვლევის მთავარ მიგნებებზე ისაუბრეს.

10 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიება. ღონისძიება გახსნა მორის შალიკაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ვასილ როინიშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია ხანთაძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, და ადამ შმიტმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა.  კვირეულის დახურვის ფარგლებში გაიმართა წლის ადამიანის უფლებათა დამცველის დაჯილდოება. ჯილდო გადაეცა ქეთი დევდარიანს, ცნობილი ქართული ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტს. საქართველოს უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული შეჯიბრის გამარჯვებულს გადაეცა გრანტი, 7 000 ლარის ოდენობით.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) სტუდენტების მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავისთვის მიძღვნილი გამოფენა. 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გადაეცა წიგნები. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვიდეოს ჩვენება, რომელიც ასახავდა საქართველოს საზღვრების ცვლილებას ბოლო 1000 წლის განმავლობაში.

ღონისძიება დასრულდა  საჯარო დისკუსიით - კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა: მიღწევები და გამოწვევები. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.