ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნა
11 დეკემბერი 2023
2023 წლის 2 დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული. კვირეული 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს 17 უნივერსიტეტია ჩართული.
კვირეულის გახსნას უმასპინძლა თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი რევაზ ხოფერია, რომელმაც ისაუბრა კვირეულის როლსა და მნიშვნელობაზე. მსმენელებს ასევე მიესალმნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და კვირეულის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
გახსნის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოსთვის“. დისკუსიის მონაწილეები იყვნენ გიორგი ბურჯანაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კახა გოგოლაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და ბესარიონ ბოხაშვილი - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში.