აგრუნის დოქტორანტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
10 ოქტომბერი 2017
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ქიმიის მიმართულების დოქტორანტმა თემურ ქანთარიამ დოქტორანტების საგანმანათლებლო პროგრამების გრანტებით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
თემურმა წარადგინა 12-თვიანი პროგრამა: ბიოდეგრადირებადი ნანონაწილაკების მიღება ამინომჟავრური პოლიესტერამიდების საფუძველზე, მათი მოდიფიცირება და in vitro ბიოშეთავსებადობის შესწავლა.
პროექტი წარმოადგენს თემურნ ქანთარიას დისერტაციის ნაწილს, სადაც დაგეგმილია წამლის გადამტანი ნანომასშტაბური კონტეინერების მიღება ბიოდეგრადირებადი (ორგანიზმში დაშლადი) ამინომჟავური პოლიმერების საფუძველზე.
პროექტის ძირითადი მიზანია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე სრულიად ახალი, ბიოდეგრადირებადი, ბიოშეთავსებადი, მაღალი ბიოგანვლადობის და იმუნური სისტემის მიმართ მდგრადი ნანონაწილაკების მიღება.
პროექტი ითვალისწინებს მიღებული ნანონაწილაკების ზედაპირის მოდიფიცირებას - პოლიეთილენგლიკოლით დაფარვას და ასევე ნაწილაკებისთვის დადებითი მუხტის მინიჭებას, რაც გაზრდის ამ "ნანოკონტეინერების" ბიოშეთავსებადობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ბოლო ეტაპი მოიცავს მიღებული კატიონური პეგილირებული ნანონაწილაკების in vitro ბიოშეთავსებადობის შესწავლას სტაბილურ უჯრედულ ხაზებზე.
სამკურნალო პრეპარატების ორგანიზმში ბიოდეგრადირებადი ნანოკონტეინერების საშუალებით შეყვანა ინოვაციური მეთოდია, რომლის დანერგვაც სამედიცინოპრაქტიკაში დიდი გარღვევა იქნება. მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია როგორც წმინდა პრაქტიკული (სამედიცინო) თვალსაზრისით, ასევე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებისთვისაც.