GE

ანასტასია ახვლედიანი და ანო ჯიშკარიანი ვენიდან

05 ნოემბერი 2016

როცა VADS-ში (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა) ჩაბარება გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ადგილი, სადაც სტუდენტებს დაგვხვდებოდა სრულიად ახალი, თავისუფალი სივრცე, სადაც შეგვეძლო გვეფიქრა ისე, როგორც გვინდოდა და გვეკეთებინა ყველფერი ისე, როგორც ჩვენს წარმოსახვაში არსებობდა. ეს არის ადგილი უამრავი შესაძლებლობებით მომავალი, თანამედროვე ხელოვანებისთვის.

ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც VADS-ში ჩააბარა. ადამიანები, რომლებიც აბიტურიენტობის დროს მთელი წელი იზეპირებდნენ ვაშლის, სფეროს და თაბაშირის ყვავილის ხატვას.

პირველი დავალება ძალიან კარგად მახსოვს: სტუდენტებს ერთმანეთი თვალდახუჭულებს უნდა დაგვეხატა. თავიდან გამეცინა, როცა დავფიქრდი, მივხვდი - პირველად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იდეა, როგორ იქმნება ნამუშევარი და არა მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე. სწორედ ამ დღეს დაკარგა ჩემთვის ყველანაირი აზრი აბიტურიენტობის ერთმა წელმა, რომელიც ერთი და იგივე “ნატურმორტის” ხატვაში გავატარე.

პირველი კურსი ფასეულობების შეცვლას დაეთმო, მეორე კი ახალი იდეებით მუშაობას. მეორე კურსის ბოლოს ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები პარალელზე მოხვდებოდა, არც ის მეგონა, რომ ნამუშევრებს სტუდენტებიც გაყვებოდნენ.

ზაფხული იყო როცა გავიგეთ, ვენაში მივდიოდით. ეს ის დროა, არაფერზე რომ არ ფიქრობ. ქართული ამბავია, როდესაც წასვლმადე სამი კვირით ადრე არც ვიზა გაქვს, არც ბილეთი და არც ის იცი, როგორ უნდა მოასწრო, არარეალურადაც გეჩვენება. მერე, ნელ-ნელა, ყოველი პუნქტის შესრულებასთან ერთად უფრო და უფრო იჯერებ, რომ გამოფენა გექნება Vienna Parallel-ზე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ისე ჩაივლის, რომ ვერც გააცნობიერებ, რამხელა შანსია ეს შენთვის, იყო მონაწილე ხელოვნების იმ მოვლენის, რომელსაც მთელი მსოფლიოდან მნიშვნელოვანი დამთვალიერებელი ესწრება, ვერც იმას, თუ რატომ მოხვდი შენ და არა სხვა.

ხუთი სტუდენტის ნამუშევრის ვენაში წაღება ჩემოდნებით მოგვიწია. ეს ჩვეულებრივი ამბავია დამწყები არტისტებისთვის, როცა სხვა ქვეყანაში გამოფენისთვის მომზადება მთლიანად საკუთარი ძალებით გიწევს. ინსტრუმენტებითა და ნამუშევრებით დატვირთული ჩემოდნებით მივადექით ვენის ყოფილი ფოსტის შენობას, სადაც გამოფენა უნდა ჩატარებულიყო. მონუმენტური და ამავდროულად ვენის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი შენობის შესასვლელთან ძალიან დაბნეულები გავჩერდით იმაზე ფიქრით, უცხო ქალაქში გამოფენის მომზადება როგორ უნდა დაგვეწყო, რისი გამოცდილებაც ორი წლის განმავლობაში უნივერსტეტში დავაგროვეთ, მაგრამ სხვა გარემოში, სხვა საზოგადოებასთან, ბევრად რთული ამოცანის წინაშე ვიდექით. ინსტალაციის დასრულების შემდეგ განსხვავებული მოვალეობა დაგვეკისრა, ჩვენ რეალური მონაწილეები გავხდით იმ პროცესის, რითაც 21-ე საუკუნემდე მოაღწია ხელოვნებამ და რითაც ის ცოცხლობს. ჩვენი მოვალეობა სტუმრების დახვედრა იყო. ვუყვებოდით მათთვის უცნობ ქვეყანაზე და ვუხსნიდით, რომ ჩვენ ამერიკის შტატ Georgia-დან არ ვიყავით. ვუყვებოდით, რომ ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს პლატფორმა დამწყები ხელოვანებისთვის და ეს პლატფორმა საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსტეტმა შექმნა ირინა პოპიაშვილთან ერთად. ბევრმა იცოდა ჩვენ შესახებ, ბევრს ძალიან უკვირდა და აღფრთოვანებულები გვაქებდნენ. დამთვალიერებელი ხუთი დღის განმავლობაში არ იკლებდა, შენობის მეორე სართულზე 2.9 ოთახში კი ჩვენ კვლავ ველოდით მათ, უფრო თამამად და მომზადებულად.

ვენაში ათი დღით ჩასული ტურისტები ნამდვილად ვერ შეიგრძნობდნენ ამ ქალაქს ისე, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ. ათი დღე ევროპის სახელოვნებო საზოგადოების ეპიცენტრში ვიყავით. Vienna Contemporary-ის ფარგლებში (რომლის პარალელურადაც იმართებოდა ჩვენი გამოფენა) ვენის თითქმის ყველა გალერეასა და მუზეუმში იხსნებოდა ახალი გამოფენა, ვენას სტუმრობდა ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გალერეის კურატორი, კოლექციონერები, არტისტები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები. დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის ვენის არტ ბაზრობაზე სტუმრობა, სადაც ჩვენი დეკანი, ირინა პოპიაშვილი, ქართველი არტისტის, თეზი გაბუნიას პროექტს წარადგენდა. გამოფენის მომზადების პერიოდი ირინასთან ერთად გავატარეთ და ვნახეთ, თუ რამხელა შრომა და ძალისხმევაა საჭირო მსგავსი მასშტაბის ღონისძიების გასამართად, იდეალური ხარისხითა და უდიდესი წარმატებით.
ჩვენთვის ეს არ იყო მხოლოდ გამოფენა ვენაში, ეს იყო შანსი ათი დღით ვყოფილიყავით იმ სამყაროს ნაწილი, სადაც შეიქმნა ყველაფერი, რასაც ვეთაყვანებით, მუზეუმებსა და გალერეებში გვენახა ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც ჩვენთვის მიუწვდომელნი არიან, ვმსხდარიყავით ჰერმან ნიცშეს გვერდით, რომელიც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი გვეგონა.

ძალიან მნიშვნელოვანია ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ მსგავსი გამოცდილება, დაათვალიერონ, გაიაზრონ სხვა სახელოვნებო სივრცეები, სადაც ეს ყველაფერი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და განვითარებულია. მომავალი პორექტების დასაგეგმად და განსახორცილებლად ჩვენი ვენაში ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორია. მსგავსი ფუფუნება იშვიათია ქართველი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.
მადლობა ჩვენ დეკანს, ირინა პოპიაშვილს, ნინო საკანდელიძეს, ასევე ცოდნის ფონდს და თავისუფალ უნივერსტეტს, იმ სამყაროს ნაწილი რომ გაგვხადა, სადაც მე ჩემს მომავალს ვხედავ.
ეს მხოლოდ დასაწყისია იმ უზარმაზარ სამყაროში თავის დასამკვიდრებლად, სადაც VADS - ის სტუდენტები აპირებენ მოღვაწეობასა და განვითარებას.

ანასტასია და ანო თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მესამე კურსელები არიან.