GE

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის ვიზიტი უზბეკეთში

20 ნოემბერი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, პროფესორი გურამ ჩიქოვანი იმყოფებოდა უზბეკეთის ბუხარისა და კაშკადარიის რეგიონებში პერიფერიული არაბული დიალექტების კვლევის ფარგლებში.

არაბისტიკის ამ მიმართულებას გასულ საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა და იგი დღემდე წარმოადგენს არაბისტიკის ქართული სამეცნიერო სკოლის პრიორიტეტულ მიმართულებას.

გურამ ჩიქოვანი შეხვდა აგრეთვე ბუხარის, კარშისა და სამარყანდის უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას და საჩუქრად გადასცა ხსენებულ უნივერსიტეტებს თავისი მონოგრაფიები ბუხარისა და კაშკადარიის არაბული დიალექტების შესახებ. მომავალ წელს, სამარყანდის უნივერსიტეტში, იუნესკოს ეგიდით, იხსნება არაბული და ისლამური კულტურის ცენტრი, რომელთანაც განისაზღვრა მომავალი ურთიერთობები. მეცნიერმა წაიკითხა აგრეთვე საჯარო ლექციები ბუხარისა და კარშის უნივერსიტეტებში.