GE

არჩილ კალანდიას საჯარო ლექცია კამპუსში

09 ნოემბერი 2015

6 ნოემბერს, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი არჩილ კალანდია.

სტუმარმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ჩინეთის ტრანსფორმაცია 21-ე საუკუნეში. მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე მსოფლიოში ჩინეთის გლობალურ მნიშვნელობაზე და მიმოიხილა პროექტი "ახალი აბრეშუმის გზა, ერთი ეკონომიკური სარტყელი". ასევე, ისაუბრა თუ რით განსხვავდება "ახალი გზა" ძველისგან და რა უპირატესობები და გამოწვევები ელის საქართველოს ამ პროექტში გაწევრიანებისას.

ლექციის გარდა არჩილ კალანდიამ წარმოადგინა თავისი მონოგრაფია, რომელშიც ასახულია კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციისა და ამავე დროს, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე განვითარებადი სახელმწიფოს მიღწევები და სამომავლო გეგმები, რაც 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.

არჩილი კალანდია არის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური ენის მიმართულების კურსდამთავრებული, იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში.