GE

არსებობს თუ არა იერარქია ბუნებით უფლებებს შორის

16 აპრილი 2021

საზოგადოებრივი ერთეულების ჩამოყალიბებასთან ერთად, დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო რაიმე ისეთის შექმნა, რაც მათ მისცემდა უსაფრთხოების გარანტიას. ამის შედეგად, ნელ-ნელა დაიწყო კანონების შემუშავება, რის საფუძველზეც პარალელურად ჩამოყალიბდა სახელწმიფოებრივი წარმონაქმნები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონებმა და სახელმწიფოებმა თითქმის ერთდროულად, პარალელურად იწყეს ფორმირება. თითქოს ყველელაფერი მარტივადაა, ადამიანები შეთანხმდნენ, რომ დათმობდნენ საკუთარი თავისუფლების ნაწილს, რათა შესძლებოდათ საზოგადოების წევრობა. მოდით, განვმარტოთ თუ რას ნიშნავს თავისუფლების ნაწილის დათმობა? როგორც ვიცით, სრული თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს ჰქონდეს ნებისმიერი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული თავისთავად მოიაზრებს იმის შესაძლებლობასაც, რომ მან მოკლას თუნდაც მეორე ადამიანი, მაგრამ თუ მას სურს იყოს საზოგადოების წევრი, იგი ვალდებულია ხელი აიღოს თავისუფლების ამ ნაწილზე, რომელიც მოიაზრებს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლებას და ასე თავისუფალი მოქმედების ბევრ სხვა შესაძლებლობაზეც თქვას უარი, სამაგიეროდ მასაც ექნება იგივე გარანტიები და მიეცემა უფრო მეტი შესაძლებლობა საერთო შრომით საზოგადოებამ შექმნას იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ამას ცალკე აღებული პირი შესძლებდა.

თითქოს გავიგეთ რა ფუნქციას ასრულებს კანონი - რომ ის ხელს უწყობს საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა არსებობს კანონის ინტერპრეტაციის სხვადასხვანაირი ვერსიები, თუ რომელი უფლებების დაცვას ემსახურებიან ისინი. ჩვენს შემთხვევაში განვიხილავთ ფრედერიკ ბასტიას შეხედულებას იმის თაობაზე, თუ რა არის კანონი. მისი აზრით, ადამიანებს გააჩნიათ ღმერთის მიერ ბოძებული სამი ძირითადი, ფუნდამენტური უფლება, ესენია სიცოცხლის უფლება, პიროვნების თავისუფლების უფლება (რაშიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ თავისუფალი განვითარების უფლება დღევანდელი გადმოსახედიდან) და საკუთრების უფლება. მისი აზრით, სწორედ ზემოთჩამოთვლილი უფლებები, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნებითი უფლებები, ბასტიას გადმოსახედიდან, მოიცავენ სიცოცხლეს და შესაბამისად აღნიშნული სამი უფლების დაცვა კანონების გზით არის ფუნდამენტური, რადგან მისი აზრით, თითოეული მათგანის არსებობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დანარჩენები უფლებების არსებობაზე და ბასტიას შეხედულებითვე თითოეული მათგანი არის ერთნაირი მნიშვნელობის მატარებელი. თითქოს ყველაფერი ნათელია, რომ თუ დავიცავთ ადამიანის სიცოცხლეს, მისი თავისუფალი განვითარების უფლებასა და საკუთრებას, წესით ყველა პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს. მაგრამ, აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, კი მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული დილემის შემთხვევაში სასწორის ერთ პინაზე სიცოცხლის უფლება აღმოჩნდება, ხოლო მეორეზე - საკუთრების უფლება ან თავისუფალი განვითარების უფლება? სწორედ აქ ჩნდება დილება და ფრედერიკ ბასტიას შეხედულებები ერთგვარად ჩიხში შედის.

ავიღოთ ასეთი შემთხვევა, რომ პიროვნებას შეეზღუდოს სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო მიმართვისას, რათა არ წარმოიქმნას სხვა პირთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის შელახვის საშიშროება. ამ შემთხვევაში ერთი მხრივ ვერევით პიროვნების თავისუფლებაში, რათა მან არ გამოიყენოს აგრესსისაკენ მოწოდებები, ხოლო მერე მხრივ ამით ვიცავთ სხვა ადამიანთა სიცოცხლეს. თუ ჩვენ ვენდობით ბასტიას შეხედულებებს, მაშინ ადამიანს არ უნდა შეეზღუდოს ლაპარაკის უფლება, თუნდაც არა მთლიანად, მაგრამ მეორეს მხრივ გვეუბნება, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, რასაც ვერ შევძლებთ თუ კონკრეტულ შემთხვევებში არ შევზღუდავთ აგრესიისაკენ მოწოდებებს. ამ დროს კი იგივე ავტორი გვეუბნება, რომ ორივე უფლება არის თანაბარმნიშვნელოვანიო (თავისუფლებისაც და სიცოცხლისაც), რა შემთხვევაშიც ჩვენ ვერ ვცემთ პასუხს კითხვაზე, როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში. შესაბამისად, სადავოა, რამდენად სწორად ჩამოაყალიბა უფლებების კანონით დაცვის პრინციპები და იერარქია ფრედერიკ ბასტიამ ან რამდენად შესაძლებელია მათი თანასწორობა. ჩნდება კითხვა, იქნებ ამ პრიორიტეტებს შორისაც არის რაიმე სახის იერარქია და რომელი მათგანის ღირებულება უნდა მივიჩნიოთ უპირატესად და უზრუნველვყოთ მისი პრიორიტეტულად დაცვა კანონის მიერ?

ვფიქრობ, რომ ზემოაღნიშნული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად, უნდა განვსაზღვროთ რომელი ბუნებითი უფლება უფრო პრიეორიტეტულია, რათა გადავჭრათ აღნიშნული დილემა. სავარაუდოა, რომ ასეთი უფლება სიცოცხლის უფლებაა, რადგან თუ პირველ ადგილზე დავაყენებთ ვთქვათ საკუთრების უფლებას ან პიროვნების თავისუფალი ქცევის უფლებას, რის საფუძველზეც, თუნდაც ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავს შემთხვევებში, შევზღუდავთ სიცოცხლის უფლებას, ცხადი გახდება, რომ ეს ორი უკანასკნელი უფლება აზრს დაკარგავს, რადგან თუ არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს არ იარსებებს მისი საკუთრების უფლება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბასტიას შეხედულებები ბუნებითი უფლებების თანასწორობის თაობაზე მცდარია.