ასეა ეს! - ანუ ღმერთის ბრძანების უარყოფა
19 აპრილი 2021
ამასწინათ, სპარსული პოეზიის ერთ მნიშვნელოვან ფიზიკოსს, მათემატიკოსს, ასტრონომს ექიმსა და პოეტს ვკითხულობდი. ამ კაცს ომარი ერქვა, ხაიამი. ღვინის სმა უყვარდა, რომ დაითვრებოდა და ენა დარბილდებოდა, სიბრძნის ღაღადს დაიწყებდა ხოლმე. მრავალ სიქველეთაგან გამახსენდა რამდენიმე, კარგი და მკაცრი, აგერ ორი იმათგანი:
„როცა ქვეყნის შემოქმედმა კაცის შექმნა იდო თავზე,
მე არ ვიცი, სრულყოფილი შექმნა ის თუ ნაკლით სავსე.
თუკი კარგი გამოვიდა ნახელავი, რად სპობს ასე?
ხოლო თუ ის ცუდი არის ვის მოვკითხოთ ცოდვა? მასვე?“
„რომ მქონდეს ძალა ღვთის და არა ადამის ძისა
მე ზეცის ჩარხებს დავამხობდი, დავცემდი ძირს და
სხვა ცას შევქმნიდი, რომ ხალხს ეგრძნო თავისუფლება,
რომ ქვეყნად ბოლო მოღებოდა დარდსაც და ჭირსაც.“
სამწუხაროდ, სპარსულად კითხვის სიამოვნება ჯერ არ მქონია, თუმცა ვფიქრობ არც მაგალი თოდუას თარგმანს დაეწუნება რაიმე.
მერედა რა შუაშია ეს ერთი გამორჩეული სპარსი დეონტოლოგიასთან, იკითხავთ და მართალსაც ბრძანებთ!
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მომავლის ადამიანი (ანუ დღეის ადამიანი), რომელიც სინას მთის ძირში შეგროვებულ ისრაელს უცქერს. თან ამასობაში თქვენ არ იცით იუდეველთა, ქრისტიანთა, მუსლიმთა ისტორია, ამბები ღმერთების და მათი საქმეების შესახებ. თქვენ მხოლოდ კაცობრიობა იცით, რომელმაც მეცნიერებით, განვითარებით მოაღწია აქამდე, სწავლითა და შემეცნებით. უცბად ხედავთ, რომ მთიდან ერთი შუახნის ადამიანი ორ დიდ ქვას მოაგორებს ხალხისკენ, მერე კვარცხლბეკზე შედგება და კითხულობს „ვიღაც ღმერთის მცნებებს“. რა იქნება ამაზე შენი რექცია? უბრალოდ დგახარ და გეღიმება, რადგან ისედაც იცი, ღმერთის და ქვის ლოდების გარეშე, ოცდამეერთე საუკუნეში, რომ კაცის კვლით დაწყებული, ქურდობით დამთავრებული ცუდია ადამიანებისთვის. მაგრამ, ზოგიერთი რამ საერთოდ არ გესმის, უფრო მეტიც გაოგნებული ხარ რატომ გეუბნება ვიღაც ექვსი დღე იშრომე და მეშვიდე მე მომიძღვენიო, ანდაც მე ვარ ღმერთი და შემიცანიო... მერე გაერკვევი ებრაელებს დაეკითხები, რა ხდება და როგორ, იმ შუახნის კაცთან მიხვალ და ამბავს მოუსმენ. მაგრამ უკან რომ გამობრუნდები, ახალი ინფორმაციით დახუნძლული, კოდალასავით გარტყამს ერთი კითხვა თავში: თუ მე ღმერთის გარეშეც, იქ იმ დროში (ანუ ახლა) ვიცოდი “მცნებები”, მაშინ რა საჭიროა ვიღაც ვინც მიმითითებს ამ მცნებებზე და უფრო მეტიც დამსჯის თუ ამას არ შევასრულებ. მერე აგრძელებ ბურღვას და კიდევ ფიქრობ: თუ ამ ხალხმა აქამდე არ იცოდა ეს ყველაფერი და ღმერთს დაუჯერა, გამოდის რომ აწი რასაც ღმერთი ეტყვის ყველაფერს დაუჯერებენ ადამიანები.
მაგრამ რატომ დაუჯერებენ, იმიტომ რომ შეეშინდებათ ამ შეუძლებელი ძალაუფლების, თუ იმიტომ, რომ სჯერათ: რასაც ღმერთი ამბობს ის მორალურად კარგია?
თუ ღმერთის შეეშინდებათ, ეს როგორც ჩვენშია, დღეს, ისე გამოდის: არ ვიქრუდებ იმიტომ, რომ მერე არ დამიჭირონ. „თუ დაიჭირეს, ბასტა!“. Აქ ცოტა კონსეკვენციალიზმისკნაც ვუხვევთ: ჩვენ თუ ჩვენი სიამოვნება არ გვაინტერესებს, მაშინ ზნეობრივ მოცემულობებს არ უარვყოფთ. მაგალითიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ისეთივე მოტივაციით შევასრულებთ ჩვენივე მიღებულ წესებს, რომელიც მერე პარლამენტმა გამოსცა, როგორც ღმერთისას. Მაშინ რა განსხვავებაა ამ ორს შორის? Მეორე, თუ ჩვენ ჩვენი სიამოვნება მოგვინდება მაშინ საერთოდ რატომ უნდა ვიფიქროთ მერე მორალ-ეთიკაზე?
მაგრამ თუ არ ვიქურდებ იმიტომ, რომ ღმერთმა ეს ამიკრძალა და ის რასაც კრძალავს ცუდია (ანდაც პირიქით), მაშინ აქ ცოტა სხვაგვარადაა საღვთო ამბავი.
გამოდის ასე, ხალხი ამბობს: ღმერთმა ბრძანა X-ის კეთება და ეს კარგია. მაშინ ეს X-ი შეიძლება იყოს ყველაფერი. მაშინ გამოდის, რომ ყველა X შეიძლება იყოს კარგი თუ მას ღმერთი ბრძანებს. ვახ, ანუ მე არ შემიძლია გავიგო რა არის კარგი და რა არის ცუდი, რადგან არსებობს მხოლოდ ის რასაც ღმერთი ბრძანებს, ამის მიხედვით, რაზეც მეტყვის არ ჰქმნა - ცუდია, რაზეც - ჰქმენ - კარგი. გამოდის, როცა ღმერთი მიბრძანებს რაიმე ახლის გაკეთებას - ეს კარგია.
მაგრამ მთლად ეგრეა საქმე? მე რა ვიცი, რომ ეგ მართლა ღმერთმა სთქვა და არა იმ კაცმა ლოდები რომ ათრია მთიდან, მერე კი ხალხს გამოუცხადა ასეა ესო (ინტერპრეტაცია)? ან თუ ღმერთმა თქვა, ჩვენი ყველას შემქმნელმა მარტო ერთმა კაცმა რატომ გაიგო? კარგი, თუ მარტო ეს ერთი კაცი იყო ღირსი ამის გაგების იქ, რატომ შეგვქმნა ჩვენ უღირსად? რა უყო ღმერთმა მორალს, რომელსაც თვითონ კარნახობს? ანდა მე რა ვიცი, რომ ადამიანები არ მომატყუებენ, როცა რაიმეს ჩაიდენენ და ამას ღმერთის ბრძანებას მიაწერენ?
ამას არ ჯობია, ახლა, ჩემს რეალობაში, სადაც არც ღმერთი არსებობს და არც რელიგია, დავბრუნდე და გავაგრძელო ცხოვრება? სულ ცოტა იმას მაინც არ მეტყვიან თუ მოკვლა დამიპირეს, ღმერთმა მითხრა ესო.
Ამიტომაც ვამბობთ, რომ შეიძლება ღმერთის ბრძანების თეორიას აქვს მორალურ ასპექტში ხარვეზები, რომლებსაც პასუხს ვერ გასცემენ მომხრეები, მაგრამ მიზეზი რის გამოც დეონტოლოგიისთვის ის მთავარი განსახილველი თემაა, არის ქმედებაზე აღებული ორიენტირი და არა შედეგზე. Ხალხი ღმერთის ბრძანებას შეასრულებს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა თქვა, არ აქვს მნიშვნელობა ის კაცის კვლით დასრულდება თუ გადარჩენით. Კანტი აქ იმასაც დასძენს, რომ მთავარია ამ მაქსიმის “უნივერსალიზაცია”, ანუ ყველა შესაძლო შემთხვევაში ქმდება უნდა იყოს იდენტური - თუ ვიქურდებ, ყველამ უნდა იქურდოს. Დეონტოლოგიური დილემაც ესაა, იქნება მორალურად სწორი, ყველამ რომ იქურდოს? Იქნება გამართლებული, რომ ღმერთის ბრძანებას ყველამ დაუჯეროს?? მართალია კანტს სჯეროდა ეთიკის და ისეთი უნივერსალური კანონების, როგორიცაა “არ მოიტყუო”, “არ იქურდო”. Მაგრამ სწამდა, რომ ასეთ კანონებს ადამიანების რაციონალურობა ედო საფუძვლად და არა რომელიმე ზებუნებრივი ძალის, ღმერთის, კარნახი. Ამიტომაც, კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ვენდოთ იმას ვინც ყველაფერი შექმნა, გამართლებულია და აქედან მომდინარეობს. Სულ რომ სამყაროს შემქმნელი იყოს რატომ იმსახურებს ის ჩემს ნდობას? Თუ მე ხატად შევიქმენი ამ არსების, მაშინ გამოვიყენებ ამ "უნიკალურ შესაძლებლობას" და წესებს ჩემით დავადგენ.
მაგარი იყო ხაიამი, თვრებოდა და წარმოიდგენდა ხოლმე.