GE

ბიზნეს სამართლის საზაფხულო სკოლა

19 ივნისი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა (კანზასი, აშშ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით

გიწვევთ - ბიზნეს სამართლის საზაფხულო სკოლაში შედარებითი სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოება. 

საზაფხულო სკოლა ჩატარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, 2014ლის 18-24ივლისს. პროგრამას გაუძღვებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ქეთევან მესხიშვილი და უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი რორი ბაჰადური.

საზაფხულო სკოლის პროგრამა შემუშავებულია უოშბორნის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლების მიერ და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში
  • სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პრაქტიკით დაშვებული გამონაკლისები;
  • შეჯიბრებითობის ფარგლები და ინკვიზიციურობის ელემენტები სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში;
  • მტკიცების ტვირთის განაწილება;
  • მტკიცებულებათა სახეები;
  • უზრუნველყოფის ღონისძიებები სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში და პრაქტიკაში არსებული სირთულეები მათ გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში;
  • საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით და ზეპირი მოსმენის გარეშე;
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილება როგორც საპროცესო სამართლებრივი სანქცია.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებსა და 2011-2012 წლის კურსდამთავრებულებს. მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური მხარდაჭერისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსების გათვალისწინებით, ყველა შერჩეული მონაწილე მიიღებს ნაწილობრივ სტიპენდიას, რის საფუძველზეც საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, საცხოვრებლით, კვებითა და ყველა საჭირო სასწავლო მასალით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში.

სტუდენტების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 6 ივლისამდე უნდა წარმაოდგინონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე n.balanchivadze@freeuni.edu.ge

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ „ბიზნეს სამართლის საზაფხულო სკოლა“.

ბიზნეს სამართლის ზამთრის სკოლა ხორციელდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 591 201 601; 220 09 01

ელფოსტა: n.balanchivadze@freeuni.edu.ge

www.nccl.ge

http://facebook.com/nccl.freeuni