GE

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული პროცესების ფინალისტები

19 ნოემბერი 2013

თამარ ქოჩაკიძე

კურსდამთავრებული

უმცროსი იურისტი - იურიდიული ფირმა "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები"

 

ანი ხოჯელანი

მე-3 კურსი

სტაჟორი იურისტი - "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (grass) პროექტი Factcheck.ge

 

თამარ ჯიქია

მე-3 კურსი

იურისტი - "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (grass) პროექტი Factcheck.ge

 

თამთა ქლიბაძე

კურსდამთავრებული

იურისტი - city park

 

სალომე მეუნარგია

გუნდის მწვრთნელი

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი

 

მეთერთმეტე კლასამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ იურისტი გავხდებოდი. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახის წევრებმა დამაჯერეს. ამის გამო, მამაჩემმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საშაბათო სკოლაშიც მიმიყვანა და საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონიც გავხდი საკონსტიტუციო ოლიმპიადაში. ჩემი საძინებლის კედელზე ამ წარმატების დამადასტურებელი ორი სერტიფიკატია ჩამოკიდებული - „საუკეთესო მოსარჩელე" და „ჩემპიონატის აღმოჩენა" - წერია მათზე.

„კოდექსები, სქელტანიანი საქმეები - ეს ზედმეტად მოსაწყენია იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება დავუთმო" - ვიფიქრე მაშინ და ამ ფიქრს ლეგენდარული იურისტის კარიერაც თან გავატანე.

ცოტა ხნის წინ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 4 სტუდენტი და მათი მწვრთნელი ახლოდან გავიცანი. გაცნობის მიზეზი იმიტირებული პროცესების ჩემპიონატი იყო, ოღონდ არა საქართველოსი, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რომელზეც მათ სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების გუნდები დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. სადაც სოფიას უნივერსიტეტის გუნდთან დამარცხდნენ. წელს საქართველოს სწორედ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. ამ ტურნირზე ქართული გუნდები 2003 წლიდან მონაწილეობენ, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართველებმა ფინალში გასვლა მოახერხეს.

ჩვენი საუბარი გამარჯვებას, მარცხს, იურიდიულ განათლებას, სამართლიანობას, უფლებებსა და თავისუფლებებს, მორალს, დემოკრატიასა და ამ ყველაფრის ურთიერთგადაკვეთის წერტილებს შეეხო.

თქვენი აზრით, ვინც დღეს საქართველოში იურიდიულ ფაკულტეტებზე სწავლობს, მათ რამდენ პროცენტს აინტერესებს სამართალი?

სალომე მეუნარგია:

მათემატიკური სიზუსტით პროცენტის დასახელება გამიჭირდება, თუმცა მგონია, რომ მათ დიდ ნაწილს სრულად არ აქვს გაცნობიერებული რა მიმართულებაზე ჩააბარა და რას მოიცავს მისი მომავალი პროფესია.
თუკი დავკონკრეტდებით და პირველკურსელებზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, სანამ სპეციფიკურ საგნებს არ შეისწავლიან, მათ რეალურად არც ეცოდინებათ რა არის მათი პროფესია, რა მოეთხოვებათ და საერთოდაც - უნდათ თუ არა, რომ ამ პროფესიით დაკავდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ანუ, სამართლის ფაკულტეტებზე არსებულ დიდ კონკურსებს მათი პრესტიჟი განსაზღვრავს?

სალომე მეუნარგია:

დიახ. საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიის პრესტიჟულობას. მეორე განმსაზღვრელი კი დასაქმების მაღალი მაჩვენებელია.

მერედა ეს დასაქმების მაღალი მაჩვენებელი რეალურია?

სალომე მეუნარგია:

რეალურია. თუკი საფუძვლიან განათლებას მიიღებ, ეს პროფესია, შეიძლება ითქვას, დასაქმების გარანტიას იძლევა.

თქვენ მიერ მიღწეულ წარმატებაზე გადავიდეთ. მოგვიყევი, რომელი ქვეყნების გუნდები დაამარცხეთ და რა იყო თქვენი გამარჯვებების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზები?

თამარ ქოჩაკიძე:

ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების გუნდები, რომელთა სტუდენტებიც 2-3 წლის განმავლობაში სწავლობენ ევროპის სამართალს. ჩვენთვის ეს ძალიან ახალი და რთული სფერო იყო. ხელმძღვანელთან ერთად, მოსამზადებლად ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ, რამაც შედეგი გამოიღო. საწყის ეტაპზევე დავამარცხეთ ბულგარეთისა და ლატვიის გუნდები. ნახევარფინალებში ჩეხეთთან და ბელორუსიასთან გავიმარჯვეთ. ფინალში კი სხვა ბულგარელებთან - სოფიას უნივერსიტეტის გუნდთან დავმარცხდით.

და მაინც, წარმატების მიზეზი რა იყო - საფუძვლიანი მომზადება, ცოდნა თუ იღბალი?

თამარ ქოჩაკიძე:

ყველაფერი ერთად. ეს კონკურსი, იმიტირებული სასამართლოების სხვა შეჯიბრებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჟიურის ყველა წევრი სიღრმისეულად ისმენს და აანალიზებს შენს გამოსვლას. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად სწორად ემზადებოდი, რამდენად კარგად გესმის საკითხები და რამდენად მარტივად გადმოსცემ შენს პოზიციას. ჩვენი შედეგი მეტწილად განაპირობა გადმოცემის ტაქტიკამ.

მარცხის მიზეზებიც გავაანალიზოთ... გადაღლა? არასაკმარისი მომზადება? იქნებ გაცილებით ძლიერი კონკურენტები?

თამარ ჯიქია:

არასაკმარისი მომზადება და გაცილებით ძლიერი კონკურენტები არაფერ შუაშია. არაფრის დიდებით არ უნდა წაგვეგო, რადგანაც გამარჯვების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა. მარცხის მიზეზების რანჟირებას კი ასე გავაკეთებდი: გადაღლა და შოკი. უცებ გამოაცხადეს, რომ ამხელა ჩემპიონატის ფინალში სწორედ ჩვენ გავედით, რაც შოკისმომგვრელი, მოულოდნელი ამბავი იყო ჩვენთვის. ამის გასააზრებლად და გადასახარშად დრო არ გვქონდა. „აქ როგორ მოვხვდით?" - ამ ემოციით გავედით ფინალში და ალბათ ამიტომაც გვაჯობეს.

თამარ ქოჩაკიძე:

გარკვეულ მომენტში ძალიან დავიღალეთ, რადგანაც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესები, რის გამოც ძირითადი არგუმენტები მარტივად ვერ გადმოვეცით. ამ დროს ვცდილობდით ყველაფრის თქმას, მაშინ როცა საკმარისი იყო 3 მთავარი არგუმენტის დასახელება.

სალომე მეუნარგია:

ისიცაა, რომ ფინალში ძალიან მოუხერხებელი - რესპონდენტის როლი შეხვდათ, რაც კაზუსიდან და მოსამართლის განწყობიდან გამომდინარე, განწირული პოზიცია იყო.

ამდენი ვისაუბრეთ და ჯერაც არ ვიცი რაზე დაობდით. კაზუსის შინაარსი გამანდეთ...

ანი ხოჯელანი:

კაზუსი ევროპული სამართლის სისტემას შეეხებოდა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენთვის უცხო იყო ამ სისტემაში აღმოჩენა. საქმე შეეხებოდა პირის ერთი ქვეყნიდან მეორეში ექსტრადაციასა და იმას, თუ რის საფუძველზე მოითხოვს ესა თუ ის მხარე ადამიანის გადმოცემას. მეტად აღარ დავკონკრეტდები, მოსაწყენი იქნება მკითხველისთვის.

„უდიპლომო სასიძო" ნანახი გაქვს? მანდ ზოსიმე ბაბუა ამბობს, რომ 1 კარგი დურგალი, 7 გლახა ვექილს ჯობიაო. ასეა?

თამთა ქლიბაძე:

ჯობია შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. საუკეთესო ვარიანტია აირჩიო ის საქმიანობა, რომელიც გეხერხება და თან სიამოვნებას განიჭებს. შეუძლებელია ადამიანს ყველა სფერო თანაბრად მოგწონდეს და გამოგდიოდეს, შესაბამისად ყველა სფეროშიც პროფესიონალი ვერასდროს გახდები.
მემგონი ხშირ შემთხვევაში ცუდი ვექილები საზოგადოებაში არსებობენ იმიტომ, რომ პიროვნება შედარებით პრესტიჟულ სფეროში მოღვაწეობას ამჯობინებს. თუნდაც ხდება ექიმი, მაშინ როდესაც სურს იყოს დურგალი და დურგლობაც მისი მოწოდებაა.
კარგი იქნება, თუ პრესტიჟულობის ბარიერებს მოიხსნიან ადამიანები და არჩევანს პირადი სურვილიდან გამომდინარე გააკეთებენ, რადგანაც ყველა სფეროში წარმატებული თუ ვერ ხარ ის მაინც შეგიძლია, რომ არჩეულ პროფესიაში ღირეულად იმოღვაწეო.
ასეთი არჩევანი ორმაგად მომგებიანია, რადგანაც ერთის მხრივ ადამიანსაც აბედნიერებს საყვარელი საქმის კეთება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებაც მიიღებს კარგ პროფესიონალებს.

სალომე მეუნარგია:

მთავარი ის კი არაა, რას აკეთებ, მთავარია, როგორ აკეთებ ამას.

ადვოკატი ყოველთვის სამართლიანობის მხარესაა?

თამარ ქოჩაკიძე:

არა.
როდესაც სამართლის შესწავლას ვიწყებდი, იდეალისტური წარმოდგენები მქონდა. ვფიქრობდი, რომ სამართლიანობის დამცველი ვიქნებოდი, თუმცა პრაქტიკაში ყოველთვის ასე არ არის. ადვოკატი ყოველთვის საკუთარი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. დღესდღეობის კარგი ადვოკატის სტატუსს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად კარგად აყალიბებ შენი კლიენტის ინტერესებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებ. ამასწინათ წავიკითხე, რომ მოსამართლის მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება ორივე მხარეს უბედურ მდგომარეობაში აყენებს. ამაში არის სიმართლის მარცვალი.

არსებობდა ვიდეომასალა, რომელიც ამერიკელი მსახიობისა და სპორტსმენის, ო'ჯეი სიმფსონის დანაშაულს ამტკიცებდა. მან ცოლი და ცოლის საყვარელი მოკლა. თუმცა, სასამართლომ ვიდეომასალა მტკიცებულებად არ მიიღო, რადგანაც ადვოკატებმა დაუმტკიცეს, რომ უკანონო გზით იყო მოპოვებული. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დემოკრატია და სამართალი ხანდახან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის?

სალომე მეუნარგია:

ადამიანის უფლებების სრულად განხორციელება დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია. ამ შემთხვევაში, ეჭვმიტანილს უფლება ჰქონდა, საკუთარი უფლებები ბოლომდე დაეცვა. მან ეს უფლება გამოიყენა. ანუ, სამართლიანი სასამართლოს განხორციელების შედეგად, ის გაამართლეს. ამ შემთხვევაში იკვეთება ბრალმდებელი მხარის პრობლემა, რომელმაც ვერ შეძლო სასამართლოსთვის საჭირო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენა.
თუმცა, ცნობილია, რომ ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც თქვენი იწყება. ანუ, ამ ადამიანის უფლებების განხორციელებით სხვისი დაირღვა. ამაზე დიდხანს კამათი შეიძლება.

შენი აზრით, პროფესიონალი ადვოკატი მორალურ პრინციპებს უნდა ივიწყებდეს? აი, მაგალითად: ანდრეს ბრეივიკის ადვოკატი იქნებოდი?

თამარ ჯიქია:

ვფიქრობ, სანამ საქმეს ხელს მოკიდებს, ადვოკატი უპირველესად აფასებს იმას, აქვს თუ არა მოგების შანსი. ასევე, პირადად მე დავაკვირდები იმასაც, თუ რომელ მხარეს უფრო ვარ - სამართლიანობის თუ უსამართლობის. ბრეივიკის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ასე ცალსახა მაგალითებთან არ გვაქვს საქმე, როცა სამართლიანობის მარცვლები ორივე მხარესაა და ამის მტკიცების პროცესში, ნელ-ნელა მხოლოდ საკუთარი პოზიციისა გწამს და გგონია, რომ სიმართლე შენია. თუკი ასეთი მარცვალი საწყის ეტაპზეც კი არ ჩანს, მაშინ საქმისთვის ხელის მოკიდება არც ღირს.

ანუ?

თამარ ჯიქია:

ანუ, კონკრეტულად ბრეივიკის საქმეს ხელს არ მოვკიდებდი.

მესამე კურსის სტუდენტი ხარ. შენთვის, როგორც ნახევრად პროფესიუნალი ქართველი (!) იურისტისთვის, ძეგლის დება უფრო დიდი განძია, თუ ვეფხისტყაოსანი?

ანი ხოჯელანი:

როგორც იურისტისთვის, ბუნებრივია, რომ ქართული სამართლის სისტემის განვითარება ბევრად უფრო საინტერესოა. ისე კი, პირადად მე - ვეფხისტყაოსანშიც ვხედავ ისეთ მოვლენებსა და საკითხებს, რომლებიც იურისპუდენციასთან მჭიდრო კავშირშია.

გოეთეს ნაწერებში წავიკითხე: „ის, ვინც ცდილობს ისწავლოს ყველა კანონი, აღარ დარჩება დრო მათ დასარღვევად". მაინტერესებს, სამართლის სკოლის სტუდენტი თამთა ქლიბაძე არღვევს თუ არა კანონებს, რომელ კონონებს არღვევს და რამდენად ხშირად აკეთებს ამას.

თამთა ქლიბაძე:

მეკობრულ ინტერნეტ პროდუქციას - ფილმებს, მუსიკასა და პროგრამებს განუწყვეტლივ მოვიხმართ. არც მიწისქვეშა გადასასვლელებს ვწყალობ და ვჯარიმდები ხოლმე. ისე კი, ვცდილობ კანონის სამაგალითო დამცველი ვიყო.
გოეთეს ბოლომდე ვერ დავეთანხმები, კანონის სწავლას მართალია დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურიცაა კანონის დასარღვევად, როდესაც კანონები იცი, იცი შესაბამისად პასუხისმგებლობის თავიდან არიდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეთოდებიც, შესაბამისად კანონის დასარღვევად დრო ალბათ ყოველთვის დაგრჩება, მითუმეტეს იურისტს, რომელსაც შეუძლია უფრო მოხერხებულად დაარღვიოს კანონი. ანუ, ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ კანონის დარღვევა არ დარღვევის საკითხი იურისტობასთან, დროის სიმცირესთან კავშირში არაა, კანონმორჩილი ადამიანი ყოველთვის კანონმორჩილია მიუხედავად დროის სიმცირისა თუ მონდომებისა. მეც სწორედ კანონმორჩილებას და სამაგალით მოქალაქეობას ვცდილობ.

რომელი ლიტერატურული პერსონაჟი იქნებოდა კარგი იურისტი?

ანი ხოჯელანი:

გენდალფი - ბეჭდების მბრძანებლიდან, ძალიან კარგი მოსამართლე იქნებოდა, თუმცა ის ცალსახად სიკეთის დამცველია და ობიექტურობის დაცვა გაუჭირდებოდა - სწრაფ გადაწყვეტილებებს გამოიტანდა. მგონი აკუტაგავამ თქვა: „ადვილია იყო კეთილი, მაგრამ რთულია იყო სამართლიანი". ციტატისა და ავტორის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.

12 განრისხებული მამაკაცი უფრო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ 1 განრისხებული მოსამართლე?

თამთა ქლიბაძე:

მგონი მიგიხვდი შეკითხვას. პირდაპირ ჩემეულ პასუხზე გადავალ: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტში მომწონს ის, რომ კონკრეტულ საზოგადოებაში სამართლიანობას ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოების წევრები არიან. თუმცა, ამ ინსტიტუტზე გადასასვლელად, ჯერ საზოგადოების შემზადებაა საჭირო, რათა ისინი ზემოქმედების ქვეშ არ მოექცნენ.
მეორეს მხრივ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად უფრო ნაფიქრი და აწონილია, რადგანაც მოსამართლეს ყოველთვის რელევანტური გამოცდილება აქვს დანაშაულის განსჯისას, მაგრამ დამნაშავე -უდანაშაულოს საკითხის გადაწყვეტისას, კანონის ტექსტშის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, რაც ასევე არ მომწონს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების იმიტირებულ პროცესებზე თამარ ქოჩაკიძეს საუკეთესო ინდივიადუალური სპიკერის, ხოლო თამარ ჯიქიას საუკეთესო სპიკერის ჯილდოები გადაეცათ. ამ წარმატების გამო, თამარ ჯიქია გახდა პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ლუქსემბურგის ევროგაერთიანების სასამართლოში სტაჟორად მიიწვიეს.