Cicero - On Republic
23 აპრილი 2021
მარკუს ტულიუს ციცერონი ცნობილია, როგორც ანტიკური სამყაროს ბრწყინვალე ორატორი და შესანიშნავი ადვოკატი. ბევრი ციცერონს დღეს იცნობს, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც რომის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის დაკავების დროს გადაარჩინა რომი დაუნდობელი პოლიტიკოსის კატილინის შეთქმულებისგან.
ციცერონის ნაშრომებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია „სახელმწიფოს შესახებ“, თუმცა ამ ნამუშევრის მცირე ნაწილია ჩვენამდე მოღწეული. ციცერონის ამ ნამუშევარში გამოთქმულია პლატონისა და არისტოტელეს მოსაზრებები. ციცერონის იდეები არ იყო ახალი, იგი ეყრდნობოდა ბერძენ და რომაელ ფილოსოფოსთა მოსაზრებებს. რეალურად, ამ ნამუშევრით ანტიკური სამყაროს ბრწყინვალე ორატორი ცდილობდა აღედგინა სახელმწიფო რეალური, ნამდვილი ფორმით, ისეთი როგორიც მისი აზრით არსებობდა რამდენიმე თაობით ადრე, ამ ნამუშევრის შექმნამდე. საინტერესოა, როგორ უყურებს ციცერონი სახელმწიფოს და რა მიაჩნია მის უპირველეს ინტერესად. ციცერონის აზრით, სახელმწიფოს უპირველესი ინტერესი უნდა იყოს პირადი საკუთრების დაცვა. რასაკვირველია, პირადი საკუთრების დაცვა, ისეთ სახელმწიფოში, რომელსაც არ აღელვებს საკუთარი მოქალაქეები წარმოუდგენელია. ციცერონმა შეისწავლა ბუნებრივი კანონის კონცეფცია. „კანონი არის უმაღლესი,” - წერს ის, „ბუნებაში ჩადებული, რომელიც ბრძანებს რა უნდა გაკეთდეს და კრძალავს ამის საწინააღმდეგოს ”. ამრიგად, ბუნებრივი კანონი ადამიანის საქმეებში სწორისა და არასწორის სახელმძღვანელოა. შეუძლებელია არ დაეთანხმო,რადგან კანონის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია არსებობდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეთა თანასწორობასა და სამართლიანობაზეა დამყარებული. ეს აუცილებელია ისეთი სახელმწიფოს არსებობისთვის, რომელიც დაფუძნებულია სამართლის ერთობაზე. მხოლოდ კანონები კი როდია საკმარისი, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს სამართლიანი. ციცერონის მტკიცებით უნდა არსებობდეს სახელმწიფოში „თავისუფლება“, თუმცა ეს „თავისუფლება“ უნდა იყოს ყველა მოქალაქისათვის, ანუ თუ სახელმწიფოში „თავისუფლებით“ არ ისარგებლებს ყველა მოქალაქე თანასწორად, მაშინ შეუძლებელია ხალხს ჰქონდეს უმაღლესი ძალაუფლება ხელისუფლებაში. აღსანიშნავია,რომ ციცერონმა პირველად გამოიყენა ტერმინი მოქალაქე, როგორც იურიდიული სუბიექტი სახელმწიფოში.
ციცერონს სჯეროდა, რომ სახელმწიფოთწყობათაგან საუკეთესო მონარქიაა, თუმცა, ის შესაძლოა ტირანიაში გადაზრდილიყო. მას ასევე მოსწონდა არისტოკრატია, რომელიც მმართველობაში იყო, მაგრამ ის დაუცველი იყო შეთქმულთაგან, რომლებიც აპირებდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას (ოლიგარქია). რაც შეეხებოდა დემოკრატიას, მისი აზრით დემოკრატიას შეიძლებოდა გამოეწვია ბრბოს მმართველობა. მიუხედავად მმართველობის ამ ფორმებისა, თეორიულად შეიძლებოდა, რომ ეს წყობები არ გადაზრდილიყვნენ არც ტირანიაში, არც ოლიგარქიასა და ბრბოს მმართველობაში. თითოეულის მაგალითზე, რომ განვიხილოთ, ციცერონს გააჩნდა გარკვეული სიმპათიები ამ მმართველობების მიმართ. მონარქია აძლევდა მეფეს ძალაუფლებას, რომ რთულ და საგანგებო ვითარებებში მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამით გადაერჩინა საკუთარი სახელმწიფო და მოქალაქეები, მსოფლიო ისტორიაში ბევრია ამის მაგალითი. დემოკრატიაში კი ხალხი სარგებლობდა თანასწორობით და თანაბარი უფლებებით, პირდაპირ მონაწილეობდა მმართველობაში. არისტოკრატები (ელიტური ფენა) ფლობდნენ საკმარის გამოცდილებასა და სიბრძნეს, იმისათვის რომ გადაეწყვიტათ არსებული პრობლემები. „სახელმწიფოს შესახებ“ ნამუშევარში, მან შემოგვთავაზა ამ სამი მმართველობის გაერთიანება დაბალანსებული ფორმით, სადაც უბრალო ხალხს, არისტოკრატებსა და მონარქს, შერწყმული როლი ჰქონოდათ „შერეული სახელმწიფოს“ მართვაში. განსხვავებით სხვა ფილოსოფოსებისაგან, ციცერონი ბიოგრაფიიდანაც კი მიხვდებით, რომ ის გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და მუშაობდა ამ „შერეული სახელმწიფოსთვის“. რასაკვირველია, ეს გახლდათ რომის რესპუბლიკა თავისი კონსულით, სენატით (არისტოკრატები) და დემოკრატიული ასამბლეებით.
ციცერონის ამ ნაშრომიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მას სურდა „შერეული სახელმწიფოს“ შექმნით მოეგვარებინა ის პრობლემები,რომელიც რესპუბლიკას გააჩნდა. თავისი იდეალური მთავრობის მისაღწევად, ციცერონი ამტკიცებდა, რომ რომაელებს მხოლოდ რესპუბლიკის წინა სრულყოფილი ფორმის აღდგენა მოუწევდათ. მან შესთავაზა არისტოკრატული კონსულებისა და სენატის გაძლიერება დემოკრატიული ასამბლეების ხარჯზე, იმისათვის რომ ყოფილიყო შერწყმა მმართველობაში.