GE

ჩვენები ედინბურგის კონფერენციაზე

17 ივლისი 2013

15 აგვისტოს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ხუთი სტუდენტი სამეცნიერო მივლინებით შოტლანდიაში გაემგზავრება. თამარ მეშველიანი, ლადო ლაბაძე, გურამ ქართველიშვილი, თორნიკე ღუტიშვილი და ირაკლი გუდავაძე, ფიზიკოს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში (ICPS) მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც წელს ედინბურგი უმასპინძლებს. ICPS - ში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 300 სტუდენტი, მათ შორის მაგისტრანტები და დოქტორანტები დაესწრებიან. საქართველოდან კი ექსკლუზიურად მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები იმონაწილევებენ.


გასული სასწავლო წლის განმაბლობაში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად მუშაობდნენ სამეცნიერო თემებზე და კონსულტაციებს ჩვენი პროფესორებისგან იღებდნენ. მოგვიანებით, საკუთარი მოხსენებები თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს და პროფესურის მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. მათ შორის საუკეთესო ნამუშევრები კი ედინბურგის კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში გაგზავნეს, საიდანაც ასევე მაღალი შეფასება და მოწვევა მიიღეს.
თამარ მეშველიანის მოხსენება, რომელსაც ის შოტლანდიაში ICPS - ის მონაწილეთა წინაშე წარადგენს, კინემატიკურად კომპლექსური ნაკადების ბუნების შესწავლას ეხება. თამარი იმედოვნებს, რომ მისი ნაშრომი სხვათაგან მაქსიმალურად განსხვავებული იქნება, რადგანაც ამ საკითხზე ფუნდამენტური ნაშრომი არ არსებობს:
„კონფერენციას ძალიან ცნობილი, უმაღლესი რანგის მეცნიერები დაესწრებიან, რომელთაგანაც ჩვენ, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტები უდიდეს ცოდნას მივიღებთ. საკუთარ ცოდნას გაგვიზიარებენ კონფერენციაში მონაწილე უცხოელი სტუდენტებიც. ასევე, მსგავსი დონის სამეცნიერო თავყრილობაზე მოხსენებების წარდგენა უდიდესი გამოცდილების მომცემი იქნება. გარდა ამისა, კონფერეციის ორგანიზატირები ჩვენი ნაშრომების დაბეჭდვასა და სამეცნიერო წრეებში გავრცელებას უზრუნველყოფენ - სტუდენტისთვის ეს წინ გადადგმული, უზარმაზარი ნაბიჯია " - ამბობს თამარ მეშველიანი.

კონფერენციისგან ფიზიკაში უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და მომავალი კოლეგების გაცნობას მოელის ირაკლი გუდავაძე. ICPS-ზე ის კიბორჩხალას ნისლეულის პულსარის მაგნეტოსფეროში ცენტრიდანულ ეფექტებზე ისაუბრებს. ირაკლი შეეცდება ახსნას, როგორ აღწევს პულსარიდან გამოტყორცნილი ნაკადის სისწრაფე თითქმის სინათლის სიჩქარის ნახევარს:
„მე მეცნიერება მაინტერესებს და ამიტომ ავირჩიე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა - ეს საუკეთესო ტრამპლინია. უმაღლესი ხარისხის სწავლების გარდა, აქ საშუალება მეძლევა პროფესორებთან ერთად ჩავერთო კვლევებში, მივიღო მონაწილეობა ICPS - მსგავს კონფერენციებში და შედეგად, დავწერო სტატიები, რაც მომავალი მეცნიერისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ფიზიკის გარდა მე მოლეკულური ბილოგიითაც ვარ დაინტერესებული. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება გვეძლევა ამ მხრივაც შევიძინოთ ცოდნა, ჩვენი ხელებით ჩავატაროთ ცდები. ზაფხულში მოლეკულური და მიკრობიოლოგიის კურსებს უფასოდ გავივლი და საბაზისო ცოდნას მივიღებ როგორც თეიორიულ ასევე ლაბორატორიულ ნაწილში. სექტემბრიდან კი საშუალება გვექნება ჩავერთოთ რამდენიმე პროექტში, რომლებიც აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს" - ამბობს ირაკლი გუდავაძე.

ფიზიკოს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე საერთო და განსხვავებული იმედებით მიდის თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ სამი სტუდენტი. ლადო ლაბაძე 300 უცხოელი სტუდენტისა და ცნობილი მეცნიერების წინაშე სხვადასხვა სივრცეში ნაწილაკების დინამიკაზე ისაუბრებს და მიიჩნევს, რომ ეს იქნება მისი პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში. გურამ ქართველიშვილი დამსწრე საზოგადოებას მბრუნავ მაგნიტურ ველში პლაზმურ რხევებზე მოუყვება და თანატოლებისგან აზრების გაზიარებას მოელის. თორნიკე ღუტიშვილი კი სტუდენტებისა და მეცნიერების ყურადღებას შრედინგერის განტოლების ირგვლივ მიაქცევს და სჯერა, რომ ედინბურგში მომავალი მეცნიერის საკუთარ კარიერას უკეთ დაინახავს.