GE

ჩვენი გუნდი ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო რაუნდებზე

04 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა, მაია ჯეჯელავას, ელენე სამადბეგიშვილის და ანა ჯაბაურის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდებში. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობის უფლება ეროვნულ რაუნდებში გამარჯვების შედეგად მოიპოვა და ქვეყნის სახელით გაემგზავრა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი (Philip C. Jessup International Law Moot Court) წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სფეროში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს, რომელიც გაერთიანებული ერების მართლმსაჯულების სასამართლოს (International Court of Justice) სიმულაციაა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლიდან. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შეჯიბრი გამოირჩეოდა უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე გუნდით.

იმიტირებული პროცესი მოიცავს დავის განხილვის სიმულაციას საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში. შეჯიბრის ორგანიზატორია საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია (ILSA).

შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა ეთიოპიის, ესტონეთის, ოჰაიოსა და უკრაინის წარმომადგენლებს.

2016 წლის შეჯიბრის სამართლებრივი პრობლემები მოიცავდა ისეთ გამომწვევ საკითხებს, როგორებიცაა სახელმწიფოების მიერ უკანონო მიყურადება, შპიონაჟი, კიბერ შეტევები და ტერორიზმი, ასევე ადამიანის უფლებები ტერორიზმთან ბრძოლის ხანაში.