დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტები
29 თებერვალი 2016
27 და 28 თებერვალს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ადვოკატებისთვის გამართა ტრენინგი „დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა“.
ტრენინგში მონაწილეობა ორმოცმა ადვოკატმა მიიღო.
ტრენინგს ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი თამარ თომაშვილი და სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩომახაშვილი უძღვებოდნენ. თამარ თომაშვილმა დაკავებისა და პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ ისაუბრა, ხოლო ქეთევან ჩომახაშვილმა ადვოკატებს ის ნორმები და პრაქტიკა გააცნო, რაც საქართველოში მოქმედებს.
ადვოკატებისთვის ტრენინგი USAID-ის დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) პარტნიორობის ფარგლებში, წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ადვოკატებისთვის კიდევ რამდენიმე ტრენინგი ჩატარდება.