GE

დავით კორკელია ირლანდიიდან

07 ნოემბერი 2016

პირველად ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ 4 წელი ირლანდიაში უნდა მესწავლა. მეილი რამდენჯერმე გადავიკითხე, ეწერა, რომ სწავლის, საცხოვრებლის, მგზავრობის და სხვა ყოველთვიურ ხარჯებს iGeneration ფარავდა, ბოლოში დამაარსებლის - ირაკლი გილაურის ხელმოწერა იყო. სამწუხაროდ, საქართველოში ქველმოქმედების პრაქტიკა თითქმის არ არსებობს და საზოგადოების დიდ ნაწილს მისი აღქმა ერთდროულად უჭირს და უკვირს. “სანაცვლოდ რას გთხოვენ“ სახის ძალიან ბევრი კითხვა იყო.
 
2 თვეზე მეტია, რაც უკვე აქ ვარ და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ მოვშინაურდი. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ საქართველოს და ირლანდიას ბევრი საერთო აქვს: დაახლოებით ერთი და იმავე ზომის ტერიტორია, ერთი და იმავე რაოდენობის მოსახლეობა და მეზობელ დამპყრობელთან ბრძოლა (თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ინგლისის რუსეთთან შედარება, ცხადია, არაადეკვატურია). რეალურად, 1960-იან წლებამდე ირლანდიის ისტორია მტერთან ბრძოლით, პროტექციონიზმით, გაჭირვებითა და ემიგრაციით შემოიფარგლებოდა. ბოლო 55 წელია, რაც გახსნილმა ეკონომიკამ, განათლებამ, დაბალმა გადასახადებმა და უცხოურმა ინვესტიციებმა ირლანდია ევროპაში ცხოვრების დონით ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ აქცია.
 
თავისუფალ უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა და მიღებული ცოდნა აქ ძალიან მეხმარება. შემთხვევით არაა, რომ პროგრამის ოთხივე გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ. უცხო გარემოს ყოველთვის თან ახლავს გამოწვევები და სიახლეები, რაც გაცილებით თავდაჯერებულს და მიზანდასახულს გხდის. 15 ათასი სტუდენტიდან დაახლოებით 15% სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული და საერთაშორისო გარემოში ცხოვრება და სწავლა კიდევ ერთი დიდი პლუსია. გადავწყვიტე, ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ბიზნესი ვისწავლო. პროგრამა საშუალებას მაძლევს მესამე წელს 1 სემესტრი გაცვლითი პროგრამა გავაკეთო და 8 თვე ან ირლანდიაში ან ევროპის სხვა ქვეყანაში ვიმუშავო.
 
‘’ცოდნა, შრომა, თავისუფლება“, - ეს სიტყვები ბევრისთვის ნაცნობია და ბოლომდე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
 
დავით კორკელია სწავლობდა თავისუფლი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.
ამჟამად ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლობს.