GE

დავით ზედელაშვილის საჯარო ლექცია

19 დეკემბერი 2015

18 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა დავით ზედელაშვილის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც კონსტიტუციის ლეგიტიმაცის საფუძველი".

მომხსენებელმა განიხილა საზოგადოებაში არსებული ტრადიციული და დამკვიდრებული სოციალური სტრუქტურების როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში. აღინიშნა, რომ კონსტიტუციური მისწრაფება, რომ საზოგადოების წევრების თანაცხოვრების საფუძვლად იქცეს ადამიანის უფლებათა კულტურა, აუცილებლად არ გულისხმობს საზოგადოების დამკვიდრებული სტრუქუტურების მოშლას. პირიქით, დანაწევრებულ საზოგადოებაში ფეხს ადვილად ვერ მოიკიდებს ადამიანის უფლებათა კულტურა. ამ კულტურის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ფუძემდებლური ინსტიტუტების არსებობა, მათ შორის განსაკუთრებით ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა.

ლექციის შემდეგ, დისკუსიის დროს მონაწილეებმა განიხილეს თუ რამდენად ეფექტური და სტაბილურია ადამიანის უფლებათა კულტურა, როდესაც იგი ეფუძნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ ადამიანის უფლებების დაცვას და არა მხოლოდ პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებათა განმტკიცებას კანონმდებლობის საფუძველზე.

საჯარო ლექცია ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართა. მას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები.