GE

დაწერე კანონი

17 ნოემბერი 2015

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის პროექტის „დაწერე კანონის" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ტრენინგები მიმდინარეობს. პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს როგორც საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, არსებული ხარვეზების გამოაშკარავებასა და აღმოფხვრას. პროექტი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ადამიანს გახდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მონაწილე.

11 და 12 ნოემბერს ტრენინგები ქუთაისსა და ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ჩატარდა და მას ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე უძღვებოდა.

ტრენინგი რუსთავში 19 ნოემბერს, 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (კოსტავას ქ.22) გაიმართება. ასევე, 21 ნოემბერს, 11:00 საათზე ტრენინგი გაიმართება მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (გიორგაძის ქ.1). რუსთავსა და მარნეულში ტრენინგს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორი იაგო ხვიჩია ჩაატარებს.

ტრენინგებში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მონაწილეები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა საკითხებს, საკანონმდებლო პროცესს და ასევე, იმ მექანიზმებს, რომელიც არსებობს კანონშემოქმედებაში მოქალაქეთა ჩართულობისთვის.

პროექტი ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებას. მოსაზრებები, თავისუფალი უნივერსიტეტის დახმარებით, მოგვიანებით საკანონმდებლო წინადადებად იქცევა და პარლამენტში გაიგზავნება.

პროექტი თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება და მასში მონაწილეობას მოქალაქეებთან ერთად მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტები და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.

რუსთავში ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://goo.gl/forms/8UZIEEjhkX ან დაუკავშირდით ანა ქებაძეს - 577222341; a.kebadze@freeuni.edu.ge