დეონტოლოგია
20 აპრილი 2021
დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც ეთიკური მოქმედებები მიჰყვებიან უნივერსალურ მორალურ კანონებს. დეონტოლოგია დაკავშირებულია იმანუელ კანტის სახელთან. კანტს შემოაქვს კატეგორიული იმპერატივის ცნება, რომელიც ამბობს: ,,მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.“ მარტივად რომ ითქვას, ყოველი ქმედებისას შეძლებისდაგვარად უნდა დავიცალოთ სუბიექტურობისაგან და ჩვენს ქცევას ფართო მასშტაბში შევხედოთ. ქმედება ფასდება მორალური კონტექსტით, მორალურობა კი იმით, თუ რამდენადაა შესაძლებელი მის უნივერსალურ კანონად ქცევა. დეონტოლოგია კონსეკვენციალიზმისგან განსხვავებით არ არის ორიენტირებული მოქმედების შედეგზე. ამ შემთხვევაში მოქმედების მორალურობა განისაზღვრება არა მისი შედეგით, არამედ იმით, თუ რამდენად ბეჯითად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას - მივყვებით თუ არა მორალურ წესებს, უნივერსალურ კანონებს.
კანტისთვის უნივერსალური მორალური კანონებია: ,,არ მოიტყუო’’, ,,არ იქურდო’’, ,,არ მოკლა’’ და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ ტყუილი, ქურდობა, მკვლელობა გაუნივერსალურდება სრული ქაოსი გარდაუვალია. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც გვიწევს მოვიქცეთ ამორალურად, რათა მორალურობა შევინარჩუნოთ?
განსაკუთებულად კრიტიკულ სიტუაციებში არჩევანის გაკეთება ამორალურ ქმედებაზე, შესაძლოა, მორალურობის შენარჩუნების ერთადერთ გზად იქცეს. ცხოვრებაში გვხვდება დილემები, რომლებშიც უნივერსალურ მორალურ კანონებს მიყოლა, საბოლოოდ ამორალურობამდე მიგვიყვანს.
რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელებში, მედიაში ვიდეო-ჩანაწერები გავრცელდა, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს, რომ ინდოელი მამაკაცი სამსახურიდან მომავალ ცოლს შუა ქუჩაში უამრავი ადამიანის წინაშე სასტიკად უსწორდება და დანით ათეულობით სასიკვდილო ჭრილობას აყენებს. ქალმა დიასახლისობას სამსახურში სიარული არჩია, მისმა ქმარმა კი აღნიშნული შეურაცხყოფად მიიღო და სიცოცხლეს გამოასალმა. ვიდეო-ჩანაწერებში ჩანს, რომ მკვლელობა შუა ქუჩაში განხორციელდა, რომელსაც ხალხი, როგორც სანახაობას ისე ადევნებდა თვალს. თვითმხილველთაგან არც ერთს არ უცდია მსხვერპლი მკვლელისაგან ეხსნა და გადაერჩინა.
დეონტოლოგია გვეუბნება, რომ უნდა მივყვეთ მორალურ კანონებს. უნივერსალური წესები სხვებისთვის ზიანის მიყენებას გვიკრძალავს, მაგრამ ამასთან მორალურობავე გვავალდებულებს ვიზრუნოთ სხვებზე და დავიცვათ ისინი თუ ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია. ზემოთ მოყვანილ მაგალითში მამაკაცი არღვევს უნივერსალურ წესს - ის კლავს ადამიანს. თუმცა რამდენად შეიძლება მოერგოს თვითმხილველთა ქცევა დეონტოლოგიის პრინციპებს? რამდენად არის შესაძლებელი მათი ქცევის გადაჭრით მორალურად ან ამორალურად გამოცხადება? თვითმხილველებს ჰქონდათ შესაძლებლობა ქალი გადაერჩინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მკვლელს გარკვეული სახის ზიანს მიაყენებდნენ, უკიდურესს სიტუაციაში კი მოკლავდნენ. დეონტოლოგიის მიხედვით, მორალურობას აქტის შინაგან ბუნებაში დავეძებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად არის იგი მართული მორალური და ზნეობრივი კანონებით. რა ხდება მაშინ, როდესაც ქალის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა მეკისრება და ამასთან, გარკვეული აზრით, მორალური კანონებივე მიკრძალავენ მისთვის მკვლელის ჩამოშორებას? თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითს გავაუნივერსალურებთ და მკვლელისთვის ზიანის მიყენებას, მის მოკვლას უნივერსალური კანონების საწინააღმდეგო ქმედებად - დაუშვებლობად გამოვაცხადებთ, გამოდის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მკვლელობა, რომლის მომსწრეც გავხდებით უნდა დავუშვათ მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსალური წესები ჩვენ მიერ სხვისთვის ზიანის მიყენებას ეწინააღმდეგება.
რა არჩევანს გავაკთებთ მაშინ, თუ ტერორისტი მთელი ქალაქის განადგურებით იმუქრება, ჩვენ კი შანსი გვაქვს ტერორისტი მოვკლათ? დეონტოლოგიის მიხედვით, ტერორისტს ვერ მოვკლავთ, მკვლელობა ამორალურია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მორალური პასუხისმგებლობა მთელ ქალაქზე გვეკისრება.
მსგავსი დილემების წინაშე შეიძლება წავრსდგეთ სხვისი საკუთრების მითვისების ან ტყუილის თქმის შემთხვევებშიც. განსაკუთრებულად კირიტიკულ სიტუაციაში მყოფმა ადამიანმა, შესაძლოა, მოიპაროს სხვისი საკუთრება, პირობითად წამალი იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს (,,ჰეინცის დილემა“), ან თქვას ტყული იმის გამო, რომ საკუთარ სახლში შეფარებული ადამიანი მოძალადისგან დაიცვას. დეონტოლოგია გვეუბნება, რომ არასდროს გადავუხვიოთ მორალურ წესებთან დადებულ ,,შეთანხმებას“. ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსად აღნიშნულ შემთხვევებშიც მორალურობის შენარჩუნებას ამორალურობამდე მივყვართ, ამორალურობას კი მორალურობასთან. ამორალური იქნება თუ მოვიპარავ, მოვიტყუები, მაგრამ ასევე ამორალური იქნება, თუ ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობას ხელიდან გავუშვებ და მის გამოყენებას არ შევეცდები.
ცხოვრებაში გვხვდება დილმები, რომლებიც უნივერსალურად არ ჯდება მორალის კანონებში, ამიტომ კრიტიკულ სიტუაციებში, ვფიქრობ, თავად უნდა განვსაზღვროთ რა იქნება მორალური და რა არა, ვინაიდან კანტის ფორმულირება ქცევის მორალურობის განსაზღვრისა, რომელიც კონკრეტული ქმედების საყოველთაო წესად ქცევას გულისხმობს გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია. მკვლელობის უნივერსალურ წესად ქცევა ქაოსს იწვევს, ისევე, როგორც სხვისი დაცვის შესაძლებლობის არ გამოყენება.