“Desire fulfillment theory”
27 მარტი 2021
„მოქმედება მართებულია, თუ ის სარგებლის მომტანია და მცდარია, თუ სარგებელი არ მოაქვს.“
“Desire theories” გულისხმობს, რომ ბედნიერება მოაქვს იმის მიღებას, რისი სურვილიც ინდივიდს აქვს. ჰედონიზმი, როგორც “Desire theories” ნაწილი ნიშნავს, რომ ბედნიერება, ეს არის ადამიანის სუბიექტური ემოცია. “Desire fulfillment theory”-ის გათვალისწინებით კარგი ცხოვრების მიღწევა დაკავშირებულია ინდივიდის დამოკიდებულებაზე, უფრო კონკრეტულად არა ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ იმაზე თუ როგორ იღებს ინდივიდი ამ ცხოვრებას და რა ემოციით უდგება მას. რაც უფრო ძლიერია იმის სურვილი, რომ რაღაცას მივაღწიოთ, მით უფრო დიდია მისი ახდენისგან მიღებული სიამოვნება და მით უფრო უარესია მიუღწევლობისგან გამოწვეული ტკივილი, რომელსაც იწვევს იმედგაცრუება. მსგავსად ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად რელევანტურია ურთიერთდამოკიდებულება სურვილის ხანგრძლივობასა და მისგან მიღებულ სიამოვნება / იმედგაცრუებას შორის. “Desire fulfillment theory” ცენტრალურ როლს თამაშობს ჰიბრიდულ თეორიებში, რომლებიც შექმნილია კარგი ცხოვრების დასახასიათებლად და აერთიანებს სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებს.
ჰედონიზმის მსგავსად, “Desire fulfillment theory” მარტივად ხსნის, თუ რატომ არის ნაყინი უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სახის ფიზიკური ტკივილი, მაგ: თვალში თითის მოხვედრა. “Desire fulfillment theory”-ის მიხედვით, სურვილის ახდენას ყოველთვის წვლილი შეაქვს ინდივიდის გაბედნიერებაში, მიუხედავად იმისა, თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებს ეს ყოველივე ინდივიდს.
ამ თეორიის ძირითადი კრიტიკა და უარყოფა იმისა, რომ იგი ყველა შემთხვევაში გამართლებულია, შეგვიძლია ვაჩვენოთ მარტივი მაგალითით. ინდივიდს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რომ შეაგროვოს ჩინური ჩაის ჭიქები, დაითვალოს ჩამოცვენილი ფოთლები ან მოუსმინოს მხოლოდ ერთი ჟანრის მუსიკას, რეალობაა ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი კოლექციაც რომ ჰქონდეს ინდივიდს ჩაის ჭიქების, მხოლოდ მისი ქონა არ გახდის ადამიანს ბედნიერს ანუ ეს ყველაფერი ბედნიერ ცხოვრებამდე მაინც ვერ მიიყვანს ადამიანს. ლოგიკურია, რომ დღევანდელი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება ისეთი სურვილების ახდენამ მოუტანოს, როგორიც ზემოთ აღნიშნული მაგალითია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მე შეიძლება თუნდაც ჭიქების შეგროვებამ უსაზღვრო ბედნიერება მომანიჭოს, მაგრამ რეალურად და ობიექტური თვალსაზრისით ეს ბედნიერ ცხოვრებას სულაც არ ნიშნავს. აქ წამოიჭრება კიდევ ერთი საკითხი, თუ ვინ განსაზღვრავს იმას თუ რა არის ბედნიერად ცხოვრება და ვისი გადმოსახედიდან განისაზღვრება ბედნიერი ცხოვრების ობიექტური და სუბიექტური მხარეები. “Desire fulfillment theory” რეალურ ცხოვრებაში სისრულეში მოდის იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანის სურვილი ნამდვილად ღირებულია ობიექტური გადმოსახედიდან.
თეორიის მიხედვით, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს უნდა რომ რაღაც მოხდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღოს შედეგით, რასაც ამ სურვილის ახდენა იწვევს. მაგალითად, ადამიანს უნდა, რომ ითოვოს მთებში, იმისთვის რომ სიამოვნება მიიღოს მოგზაურობით და მთებში თოვლზე სრიალით. დავუშვათ, რომ ნამდვილად ითოვა მთებში, თუმცა მას საკუთარი მოგზაურობის გაუქმება მოუწია, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მისი სურვილი კი ახდა, ითოვა, თუმცა ამას მისთვის არავითარი სარგებელი და სიამოვნება არ მოუტანია, აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი ვერ გაბედნიერდა. სწორედ ასეთ შემთხვევებში იჩენს თავს შეზღუდვები “Desire fulfillment theory”-ში. სურვილი, რომელიც ეფუძნება მისი ახდენისგან გამოწვეულ სიამოვნებას, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პრობლემატურად განსახილველია. რომ შევაჯამო, თეორიის ძირითადი არსი იმას გულისხმობს, რომ სურვილის ახდენას ბედნიერ ცხოვრებამდე მივყავართ, რაც ყოველთვის არ გვაძლევს დადებით შედეგს, სწორედ ამიტომ უნდა მივუდგეთ ყველაფერს ობიექტურად და, რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ უარყოფითი შედეგებიც, რომლებმაც შესაძლოა ინდივიდი დიდ იმედგაცრუებამდე და ტკივილამდე მიიყვანოს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს გააჩნდეს ობიექტურად განსჯის უნარი საკითხებისადმი და ისიც, რომ მას მუდამ იმის მოლოდინი არ ექნება, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება და ყველა მისი სურვილი ასრულდება. მართალია, მოტივაცია ადამიანთა უმეტესობას უკეთესი ცხოვრებისკენ მოუწოდებს, მაგრამ სურვილის აუხდენლობისგან გამოწვეული ტკვილიც არ უნდა დავივიწყოთ.
ნინო დოლიშვილი