GE

დიანა ცერცვაძე ესპანეთიდან

02 თებერვალი 2016

მეორე კურსი რომ დავიწყე, მეორად პროფესიად ესპანური ენა ავირჩიე. ზოგადად მგონია, რომ შეუძლებელია უცხო ენის სრულფასოვნად სწავლა ამ ენაზე მოლაპარაკე ქვეყანაში მიღებული გამოცდილების გარეშე, ამიტომ გადავწყვიტე აკადემიური სემესტრი ამეღო და თავისუფალი დრო მთლიანად ესპანური ენისთვის დამეთმო. სამწუხაროდ, აქ არც ისე ბევრი პროგრამაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, საკმაოდ დიდი ხანი ვცდილობდი მომეძებნა ყველაზე მარტივი და ნაკლებდანახარჯიანი გზა ჩემი ესპანური მოგზაურობისთვის და მგონი, მივაგენი კიდეც საუკეთესო ვარიანტს.

ესპანეთში, და ზოგადად ევროპაში, ძალიან პოპულარულია ბილინგვიზმი, მშობლები ცდილობენ პატარაობიდანვე ასწავლონ შვილებს მშობლიურის გარდა სხვა ენაც, როგორც წესი - ინგლისური. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათმა შვილებმა ინგლისურად მოსაუბრე ადამიანთან დროის დიდი ნაწილი გაატარონ. საიტზე დარეგისტრირების შემგედ ვიპოვე ასეთი ოჯახი, რომელიც თანახმა იყო ჩემთვის მოწვევა გამოეგზავნა, ესპანური ენის კურსები მოეძებნა და ყოველკვირეულად "ჯიბის ფულიც" მოეცა, მე კი სანაცვლოდ ბავშვებისთვის ინგლისური უნდა მესწავლებია. ოქტომბერში ვიზა ავიღე და მადრიდში გამოვფრინდი.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით თითქმის არასდროს მქონდა თავისუფალი დრო, ქალაქში გავლას ვერ ვახერხებდი, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა საკმაოდ დამღლელი და პასუხისმგებლობით სავსეა, თანაც ენის ცენტრში მითხრეს, რომ უფასოდ შემეძლო მევლო ესპანურის კლასებზე, თუ მათ ინგლისურის სწავლებაში დავეხმარებოდი და მე, ცხადია, დავთანხმდი. თუმცა, შაბათ-კვირას მთლიანად მადრიდის ქუჩებს და მის შემოგარენს ვუთმობდი. ვნახე სახლი, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა სერვანტესი, ვიხილე პიკასოს, დალის, ველასკესის, ბოსხის, რუბენსის, რემარკის, სოროლას, რაფაელის და ელ გრეკოს ნამუშევრები, დავაგემოვნე ესპანური მრავალფეროვანი კერძები, ვიყავი უზარმაზარ სამეფო დარბაზში, რომელშიც ფილიპე მესამის და მარგარეტ ავსტრიელის ქორწილი გაიმართა, ტიპურ ესპანურ კლუბში ვიცეკვე ენრიკე იგლესიასის ‘Bailando’-ს ფონზე, გადავიღე უამრავი სამახსოვრო ფოტო, დავესწარი კათოლიკურ მესას შობის ღამეს, შევხვდი მომღიმალ, ლამაზ, ტემპერამენტიან ესპანელებს, მივიღე უდიდესი გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობაში, გავიცანი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით დავუმეგობრდი ეგვიპტელ ბიჭს და ფინელ გოგოს, ვნახე მესის ოქროს ბურთები და რონალდოს ოქროს ბუცები. მოკლედ, აბსოლუტურად თავისუფლად შემიძლია ვთქა, რომ ცხოვრებაში არასდროს მქონია ასეთი მრავალფეროვანი და შთაბეჭდილებებით დატვირთული სამი თვე. ყველაზე მეტად კი ჩემი ესპანური მახარებს. რამდენიმე დღის წინ მადრიდის სამეფო სასახლეში მომუშავე პირმა მითხრა, შენს სტუდენტურ ბარათში რომ არ ჩამეხედა, ვერც კი მივხვდებოდი, რომ ესპანელი არ ხარო, მართლაც ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტი იყო. ჩემი აქაური მასწავლებელიც მეუბნება, მშვენივრად გამოგდისო, მაგრამ მე მგონია, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ კიდევ მრავალსაათიანი მეცადინეობა დამჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად. სხვადასხვა უნივერსიტეტს ვესტუმრე აქ ყოფნისას და ყველგან მითხრეს, რომ სამაგისტრო პროგრამები ძირითადად ესპანურ ენაზე აქვთ, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს მაგისტრატურა ესპანეთში გავიარო, ამიტომ მნიშვნალოვანია ენის მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად სწავლა.

ვერ ვიტყვი, რომ კულტურული თვალსაზრისით ძალიან ბევრი სხვაობაა საქართველოსა და ესპანეთში შორის, მაგრამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, უნდა ვაღიარო, რომ ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია. აქ ადამიანებს 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, პროდუქტები კი საკმაოდ დაბალი ფასებით გამოირჩევა.

საქართველოს შესახებ ბევრს სმენია, ერთმა ლატვიელმა ბიჭმა მითხრა, ჩვენ სკოლაში გვასწავლეს, რომ საქართველო ღვინის ქვეყანააო. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც პუტინი ჰგონიათ ჩვენი პრეზიტენტი. მსგავსი წარმოდგენების მქონე ადამიანებისთვის გადმოვიწერე youtube-დან პრომოები ჩვენს ქვეყანაზე და მის ლამაზ-ლამაზ ხედებზე. ამ ვედეოების ნახვის მერე მეკითებიან თვითმფრინავის ბილეთი რა ღირს და სასტუმროები ძვირია თუ იაფიო.

აქ ყოფნისას ერთი მნიშვნელოვანი რამ გავაცნობიერე, რომ არ მაქვს სურვილი სამუდამოდ დავსახლდე სხვა ქვეყანაში, სახლიდან შორს, თუნდაც ეს ქვეყანა მზიანი, ფერადი და მომხიბვლელი ესპანეთი იყოს. კარგია მოგზაურობა, კარგია ისეთი შთაბეჭდილებების გამოცდა, რომლებსაც საქართველოში ვერსად იპოვი, თუმცა, დაბრუნება კიდევ უფრო სასიამოვნოა. ახლა ბარსელონაში ვარ და სულ მალე საქართველოში მივდივარ. ერთი მხრივ, გული მწყდება, რომ ჩემი მრავალფეროვანი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა, მეორე მხრივ, მიხარია, რომ ვბრუნდები. ყველაფერი მომენატრა, განსაკუთრებით: მეგობრები, ოჯახი, ჩემი ოთახი, უნივერსიტეტი, ხინკალი და ცხელი შოთის პური.

დიანა სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში.