GE

დისკუსია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს სტანდარტების შესახებ

09 ივნისი 2015

5 ივნისს, თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია „წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს სტანდარტები“ ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. 

საჯარო დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს სტანდარტების და უფლებამოსილების შესახებ საერთაშორისო გამოცდილება; საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები მსგავს საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით; საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფლებამოსილება წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების წარმოების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ბესარიონ ბოხაშვილი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადამიანის უფლებათა ეროვნული ოფიცერი და გიორგი ბურჯანაძე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი. 

დისკუსიას მოდერაციას ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი, სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, თამარ თომაშვილი უწევდა.