GE

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე

08 აპრილი 2015

6 აპრილს საჯარო დისკუსია „ქმედუუნაროდ აღიარების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით, ევროკავშირის დაფინანსებული და Human Dynamics-ის მიერ განხორციელებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

დისკუსიაზე ყურადღება დაეთმო საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილებას „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის საკითხს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა მიმოიხილა, ხოლო მიმდინარე რეფორმაზე პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ ისაუბრა. დისკუსიას მოდერაციას თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე უწევდა. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები, კანონმდებლები, მკვლევარები და სტუდენტები.