GE

დოქტორანტი, რომელმაც კილიმანჯარო დაიპყრო

08 მაისი 2016

ირაკლი ლაითაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტია, რომელმაც უახლოეს წარსულში კილიმანჯარო დაიპყრო. გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ირაკლი გვიყვება მის კარიერაზე, მთამსვლელობაზე და იმ გრადაციებზე, რომელიც მის ცხოვრებაში ყოფილა.

- სად მიიღეთ უმაღლესი განათლება და რა პროფესიას დაეუფლეთ საწყის ეტაპზე?

- უმაღლესი განათლება მივიღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გავხდი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალისტი.

- იქნებ, ძალიან მოკლედ მოგვიყვეთ, თქვენს კარიერულ წინსვლაზე, რა იყო თქვენი პირველი სამსახური, სად მუშაობთ ახლა და ამ პერიოდის განმავლობაში რა გარდატეხებს ჰქონდა ადგილი თქვენს კარიერაში?

- ჩემი პირველი სამსახური იყო საგარეო საქამეთა სამინისტრო, სადაც მუშაობა დავიწყე უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, ანუ 1993 წელს. თავდაპირველად ვიყავი სტაჟიორი, მერე გავხდი მესამე მდივანი, შემდგომ - მეორე, შემდეგ სამმართველოს უფროსი და ა.შ. შემდგომ ეტაპზე ვმუშაობდი ბრიუსელში ჩვენს მისიაში ევროკავშირთან, თუმცა საბოლოოდ კორპორატიულ სექტორში გადავედი. კერძო სექტორში გადასვლა ჩემთვის საკმაოდ მკვეთრი ცვლილება იყო, რადგან საგარეო ურთიერთობებთან შედარებით ეს სფერო რადიკალურად განსსხვავებულია. 30 წლის ვიყავი, როდესაც ეს არჩევანი გავაკეთე. მართალია, შიგადაშიგ სხვა ცვლილებებსაც ჰქონია ადგილი ჩემს კარიერაში, მაგრამ ყველაზე მკვეთრი, ხარისხობრივი გარდატეხა სწორედ ეს გახლდათ.

- ამჟამად თქვენ დისერტაციას იცავთ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. საინტერესოა, ლანკასტერის, კემბრიჯისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების შემდგომ, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, იმაში, რომ თქვენი არჩევანი სწორედ თავისუფალ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ?

- ის, რომ მე უცხოეთში არ წავედი, განაპირობა ჩემმა ოჯახურმა მდგომარეობამ. ოთხი შვილის მამა სამი წლით ვეღარ დავტოვებდი ქვეყანას, ამიტომ დისერტაციის დაცვა საქართველოში გადავწყვიტე. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით გაკეთებულ ამ არჩევანს, რაც მსმენოდა თავისუფალ უნივერსიტეტზე, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ არჩევანი სწორედ მასზე შემეჩერებინა. ვთვლი, რომ სოციალურ და არა მარტო სოციალურ, არამედ ზუსტ მეცნიერებებშიც, ეს უნივერსიტეტი საუკეთესოა ქვეყნის ფარგლებში. გამოდის, რომ ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმ ავტორიტეტმა, რომელიც, ჩემი აზრით, ამ უნივერსიტეტს დამსახურებულად აქვს მოპოვებული.

- რაც შეეხება, თქვენს ერთ-ერთ გატაცებას, მთამსვლელობას, გვაინტერესებს, ეს მართლაც უბრალო გატაცებაა, თუ პროფესიონალის დონეზე ეუფლებით აღნიშნულ საქმიანობას?

- მთამსვლელობით სტუდენტობის პერიოდში ვიყავი დაკავებული და ახლა გამოდის, რომ უბრალოდ დავუბრუნდი ჩემს ძველ გატაცებას, ახალგაზრდული მისწრაფებები გავაცოცხლე. მართალია, ჩემს თავს ამ საქმის პროფესიონალს ვერ ვუწოდებ, თუმცა მოყვარულის დონესაც საკმაოდ აღემატება ჩემი სტატუსი სპორტის ამ სახეობაში. გამოდის, რომ სადღაც შუაში, ნახევრად პროფესიონალებში მოვიაზრებ საკუთარ თავს.

- კილიმანჯაროზე ასვლას თქვენთვის რაიმე სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, თუ ეს იყო სპორტული მიღწევა, რომელმაც გაიმეორა აქამდე არსებული რეკორდი?

- არა, ეს ასვლა არ იყო არავითარი სპორტული მიღწევა. მართალია, ცოტა რომანტიკულად ჟღერს ჩემი ამბავი, თუმცა ის სიმართლეა. 10-11 წლის ასაკში ვნახე ფილმი "კილიმაჯაროს თოვლიანი მწვერვალები," ხოლო შემდგომ წავიკითხე თავად ჰემინგუეის ეს მოთხრობა, რის შემდეგაც ჩემს ერთ-ერთ ოცნებად იქცა კილიმანჯაროს მთების ახლოდან ხილვა და მისი მწვერვალზე ასვლა. ბავშვობის დროინდელმა ოცნებამ ამ ასვლას სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა.

- ამჟამად რა არის თქვენი მიზანი სპორტის ამ სახეობაში და გეგმავთ თუ არა უახლოეს მომავალში სხვა რომელიმე ცნობილი მწვერვალის დაპყრობას?

- კილიმანჯაროზე ასვლამ საკმაოდ იმოქმედა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ძალიან გადავიღალე და ალბათ, რაღაც პერიოდი ამ საქმიანობისაგან დასვენება მომიწევს, თუმცა ძალიან მინდა პამირში წასვლა და იმ მთებზე ასვლა, რომელთა სიმაღლეც 7000 მეტრს აღემატება. მაგრამ ამისათვის პირველ რიგში ძალა უნდა მოვიკრიბო. აგრეთვე მინდა ავიდე კავკასიონის მწვერვალებზე: თეთრი უცნობი და ფიტნარგინი. არაფრით გამორჩეული მწვერვალები არ არიან, მაგრამ მრავალი წლის წინ ვერ ავედი მათზე და მინდა, რომ ახლა მაინც მოვახერხო.


- დაბოლოს, როგორ ახერხებთ სპორტისა და სხვა კარიერული კონცენტრაციების ერთმანეთთან შეთავსებას და თვლით თუ არა, რომ წარმატებულ კარიერაში უდიდესი როლი სწორედ ცხოვრების ჯანსაღმა წესმა ითამაშა?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე განსაკუთრებულად ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. მართალია, მძაფრად ნეგატიური მიდრეკილებები არ მქონია არასდროს, თუმცა არც სასმელსა და სიგარეტის მოწევაზე მითქვამს უარი. სწორედ ამიტომ, ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული კარიერა ჩემმა ჯანსაღმა ცხოვრებამ განაპირობა, ცხადია, ფიზიკურმა მომზადებამ ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემს ფსიქიკასა და ფსიქოლოგიაზე. რაც შეეხება სპორტისა და კარიერის სინთეზს, ვიტყვი, რომ, თუ ამის სურვილი აქვს ადამიანს, მათი შეთავსება შესაძლებელია და ის ენერგია, ძალა და 24 საათი, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია, საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერს მაღწიო.

- დიდი მადლობა ინტერვიუსათვის და გისურვებთ წარმატებებს.

- პირიქით, თქვენ დიდი მადლობა.

 

ინტერვიუ მოამზადა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტმა, ნინანო გელაშვილმა