GE

ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები

10 სექტემბერი 2016

9 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები“ გაიხსნა. სტუდენტებს მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - გიორგი პაპუაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა - ნათია ხანთაძემ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პროგრამის ოფიცერმა - ბესარიონ ბოხაშვილმა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის ბაკალავრიატის II-IVკურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტები. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას „კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში საკონსტიტუციო განხილვის მიღწევები და გამოწვევები“.

საზაფხულო სკოლა ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით.

საზაფხულო სკოლა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები“ 14 სექტემბერს დასრულდება.