GE

ექსპედეციები - 2013 წელი

28 ნოემბერი 2013

2013 წლის 7-20 სექტემბერს გაიმართა სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთის რესპუბლიკაში. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები: ლალი ეზუგბაია, ერეკლე ასტახიშვილი, გიორგი კაციტაძე, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათემცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები: მარინა ბერიძე, ლია ბაკურაძე და ნარგიზა სურმავა, თსუ პროფესორი, ტაო-კლარჯეთის ისტორიის სპეციალისტი ჯაბა სამუშია და კონკურსში გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტები:

1.გიორგი მელაშვილი (აზიისა და აფრიკის ენების ინსტიტუტი)
2.ქეთი ხუციშვილი (აზიისა და აფრიკის ენების ინსტიტუტი)
3.ნიკო ქელბაქიანი (აზიისა და აფრიკის ენების ინსტიტუტი)
4.მარიამ კახიძე (სამართლის სკოლა)
5.გვანცა ხაბალაშვილი (ბიზნესის სკოლა ESM)
6.ქეთევან გუჩმაზაშვილი (ბიზნესის სკოლა ESM)
7.თამარ ფაღავა (აგრარული უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკ.)
8.გუცო ზენაშვილი (აგრარული უნივერსიტეტი, აგროტექნოლოგიური ფაკ.)

ექსპედიციის პირველი ეტაპი დაეთმო ისტორიული ძეგლების გაცნობას ტაო-კლარჯეთში, კაპადოკიაში, ცენტრალურ ანატოლიაში. ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ქაჯეთის ციხეზე, ტბეთში, არტანუჯში, ენირაბათში, დოლისყანაში, ოთხთაში, იშხანში, ბანაში, ფანასკერტში, ოლთისში, ხახულში, ოშკში, თორთუმის ციხე-ქალაქში. ამის შემდეგ ექსპედიცია გაემგზავრა კაპადოკიაში, სადაც მოინახულეს რეგიონის უმთავრესი ძეგლები: გორენეს ღია მუზეუმი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, წმ. იოანეს ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია, ფოკას ტაძარი, მიწისქვეშა ქალაქი და სხვ. პირველი ეტაპის ბოლო ნაწილი დაეთმო ხეთური ცივილიზაციის უმთავრეს ძეგლებს. სტუდენტებმა საგულდაგულოდ დაათვალიერეს ბოღაზ ქოი _ ხეთების იმპერიის დედაქალაქი, იაზილიქაია – ხეთების ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური ცენტრი, ალაჯა ჰუიუქი – ხეთური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სტუდენტები ზემოჩამოთვლილ ძეგლებზე ყოფნისას გიდის როლში წარმოადგენდნენ დეტალურ პრეზენტაციას.

ექსპედიციის მეორე ეტაპი დაეთმო ისტორიული ქართული პროვინციის ნიგალის/ლიგანის (თანამ. ლივანას) სოფლებში „ჩვენებურების" მეტყველების (კლარჯული დიალექტის) ჩაწერას ვიდეო- და აუდიო საშუალებით. საველე სამუშაოები განხორციელდა ქლასქურის ხეობაში, სოფ. ქლასქურები; მაჭახლის ხეობაში, სოფ. ზედვაკე; ჭოროხის ხეობაში, სოფ. მარადიდი; დევსქლის ხეობაში, სოფ. სანათისი და დევსქელი. ვიდეომასალა და ლექსიკური მასალა გაიშიფრა და შეემატა კლარჯული მეტყველების მონაცეთა ბაზას, ელექტრონულ ლექსიკონს.