GE

ექსპედიციები - 2012 წელი

28 ნოემბერი 2013

2012 წლის 25 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაიმართა სამეცნიერო ექსპედიცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები: ერეკლე ასტახიშვილი და გიორგი კაციტაძე, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები: მარინა ბერიძე, ლია ბაკურაძე; კონკურსში გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები:

1. ანა ბაკურაძე (მართვის სკოლა)
2. გვანცა კვარაცხელია (სამართლის სკოლა)
3. თამთა კირთაძე (ბიზნესის სკოლა ESM)
4. სოფო საათაშვილი (აზიისა და აფრიკის ენების ინსტიტუტი)
5. ქრისტინე ჩაფიძე (სამართლის სკოლა)

ექსპედიციის პირველი ეტაპი დაეთმო ფერეიდანში მცხოვრები ქართველების მეტყველების ჩაწერას ვიდეო და აუდიო საშუალებებით. ფერეიდნული დიალექტის ნიმუშები მოპოვებულია ქალაქ ისპაჰანში, მარტყოფში (ფერეიდუნშაჰრში), ჩუღრუთში, ნაჯაფაბადსა და ამირაბადში. რესპონდენტები იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები (მათ შორის სტუდენტები და მოსწავლეები). ამათგან ყველაზე უხუცესი 80 წლის და ყველაზე ახალგაზრდა 12 წლის იყო: მუხტარ ასლანი (დარჩიაშვილი), რეზო რაჰიმი (დავითაშვილი), აბო–რეზა (დავითაშვილი), ლიანა რაჰიმი (დავითაშვილი), ალი–ჰოსეინ რაჰიმი (დავითაშვილი), ოვსანა რაჰიმი (დავითაშვილი), ყოდრათ თავაზოი (თავაძე), გურამ თავაზოი (დავითაშვილი), პედრო თავაზოი (თავაძე) აჰმად ონიკაშვილი, აბოყოსემ აჰმადი, მანსურ ყალანი (ყავლაშვილი), ესკანდერ სეფიაშვილი, ფარვინა მიქელანი (მიქელაძე)...

ვიდეო მასალა გაიშიფრა და რედაქტირების შემდეგ შეემატა ფერეიდნული დიალექტის ტექსტურ კორპუსს. მომზადდა ფილმი ირანის ექსპედიციის შესახებ სტუდენტების მიერ ჩაწერილი მასალის მიხედვით.

ექსპედიციის მეორე ეტაპი დაეთმო ირანის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტები გაეცნენ ირანის ძველი დედაქალაქის ისპაჰანის ღირშესანიშნაობებს, მათ შორის შაჰ აბასის სასახლეს. ამის შემდეგ ექსპედიცია გაემგზავრა შირაზში. გზად მოინახულეს კიროს მეორის რეზიდენცია ფასარგადი და სპარსეთის სამეფოს დამაარსებლის, კიროს მეორის აკლდამა. შემდეგი ძეგლი იყო აქემენიდური ირანის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, დარიოს პირველის რეზიდენცია პერსეპოლისი. აქვე სტუდენტებმა დაათვალიერეს აქემენიდი მეფეების ნეკროპოლისი. შირაზში ექსპედიციის წევრები გაეცნენ შირაზის ღირშესანიშნაობებს: ნარენჯესტანი, ნასირ ალ მულქის მეჩეთი, მედრესე, ბაზარი და ჰაფეზის მავზოლეუმი. სტუდენტებმა ასევე ნახეს სასანიდების ეპოქის ცნობილი ძეგლი ბიშაპური და ელამური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი ზიქურათი ჩოგანზანბილი. შემდეგი პუნქტი იყო ჰამადანი, სადაც დაათვალიერეს ავიცენას მავზოლეუმი და სხვა ღირშესანიშნაობები. საბოლოოდ თეირანში სტუდენტები ეწვივნენ არქეოლოგიურ მუზეუმს, კერამიკისა და შუშის მუზეუმს, საიდაბადის კომპლექსს და სხვ.