GE

ექსპერტის ვიზიტის კვირეული

07 ოქტომბერი 2026

5 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში ექსპერტის ვიზიტის (Expert Reciprocal Visit) კვირეული გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ჯენიფერ მერფი როუმიგი სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს გამართავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მენეჯმენტის, აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და მას საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ახორციელებს.

კვირეული გახსნეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორმა მარინა ქარჩავამ, აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰარვი სერნოვიცმა, ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯენიფერ მერფი როუმიგმა და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაკურ კვარაცხელიამ.

პირველ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს კამპუსის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ლაბორატორიები, საგამოცდო ცენტრი, ღვინის აკადემია და სასწავლო ვენახები, ვეტერინარული კლინიკა „ვეტერინარიუმი“, კულინარიის აკადემია, დენდროლოგიური პარკი და სპორტული მოედნები. კამპუსის გალერეაში კი არქიტექტურის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას გაეცნენ.

კამპუსის ტურის შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროფესორ ჯენიფერ მერფი როუმიგთან ერთად განიხილეს უნივერსიტეტის მოქმედი პოლიტიკა სწავლებასა და კვლევაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, ასევე მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შეზღუდვები. ამავე დღეს ჯენიფერ მერფი როუმიგმა სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის გამართა სემინარი თემაზე: „ტრადიცია, ტენდენციები, მეთოდები და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: იურიდიული წერის სწავლების 25-წლიანი გამოცდილების ძირითადი მიგნებები“.

Ucbp1 Ucbp2 Ucbp3 Ucbp4 Ucbp5 Ucbp6 Ucbp7 Ucbp8 Ucbp9 Ucbp10