GE

ეროვნული გამოცდები 2018 - სტატისტიკა

17 სექტემბერი 2018

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები საშუალო ქულის მიხედვით, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციულად ლიდერია. ასევე, უკვე ტრადიციულად მეორე საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი შეინარჩუნა აგრარულმა უნივერსიტეტმა.

ამასთან, 2018 წელს გამოცხადებული ყველა ადგილი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მხოლოდ თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა შეავსეს (მულტიპროფილურ უნივერსიტეტებს შორის). მეტიც, ორივე უნივერსიტეტმა გამოცხადებულზე ადგილებთან შედარებით მეტი სტუდენტი მიიღო, რადგან, საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები უნივერსიტეტებში განსაზღვრული კვოტების გარეშე ირიცხებიან. წელს თავისუფალი უნივერსიტეტი ცხრა ოლიმპიელმა აირჩია (ეს უპრეცენდენტო შედეგია), ხოლო აგრარული ერთმა.

შესაბამისად, თავისუფალმა უნივერსიტეტმა გამოცხადებულზე ცხრა სტუდენტით მეტი მიიღო, აგრარულმა ერთით.

ასევე, საუკეთესო ქულების მქონე ხუთი აბიტურიენტიდან ოთხი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საუკეთესო 10-დან - რვა, ხოლო საუკეთესო 15-დან - 13 გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.

რაც შეეხება პროგრამების რეიტინგს, პირველი ოთხი ყველაზე რეიტინგული პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტზე მოდის და საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო 10-ეულში თავისუფალი უნივერსიტეტის 6 პროგრამა შევიდა.